საქართველოს პრეზიდენტს თვითმფრინავი ილ-62 წაართვეს. ის თვითმფრინავი, რომლითაც აგერ უკვე მერამდენე წელია, შევარდნაძე ოფიციალური ვიზიტებით დაფრინავდა მსოფლიოში და რომელსაც ფიუზელაჟზე ამაყად ეწერა „გეორგია“...
საქმე ის არის, რომ აღნიშნული თვითმფრინავი უზბეკეთიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი ე. წ. ლიზინგით, რომელიც გრძელვადიან საიჯარო ფორმას წარმოადგენდა.
საიჯარო ღირებულებასთან ერთად საქართველო თანდათანობით იხდიდა და ფარავდა ილ-62-ის ღირებულებასაც.
მაგრამ ბოლო დროს ქართული მხარის დავალიანებამ უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანიისადმი 250 000 დოლარს მიაღწია.
მართალია, „აირზენას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვითმფრინავი ტაშკენტში იმიტომ წაიყვანეს, რომ იქ რემონტს უტარებენო, მაგრამ უზბეკები კატეგორიულად აცხადებენ: სანამ ვალს არ გადაგვიხდით, თვითმფრინავს უკან ვერ მიიღებთო...
ასე რომ, ქვეყანას დღეს უთვითმფრინავო პრეზიდენტი ჰყავს (!).