მაქსიმუმ 2029 წელს, თუმცა იმედი გაქვს უფრო ადრეც, მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სამუშაოები ძალიან ინტენსიურად წარიმართება.
„უკვე დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა და ჩვენ გვქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად წარიმართება ეს სამუშაოები და მაქსიმუმ 2029 წელს, თუმცა იმედი გაქვს უფრო ადრეც, მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება ძალიან მალე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით.
„გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზეა საუბარი, მგზავრთნაკადი უნდა გაიზარდოს 5 მილიონამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.7 მლნ მგზავრი და საუბარია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რაც დასრულდება რამდენიმე წელიწადში და რაც თბილისის აეროპორტს მისცემს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ასევე ეკონომიკის ზრდას, ტურიზმის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ეს პროექტიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება", - განაცხადა პრემიერმა.