იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი კოტე გაბაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იტალიაში ვითარება შედარებით მსუბუქია.
კოტე გაბაშვილი: „იტალიამ არალეგალზე კანონმდებლობა მთლიანად გაამკაცრა. მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სექტემბრის ბოლომდე არალეგალებს საშუალებას აძლევენ დოკუმენტები მოაწერიგონ, განსაკუთრებით იმ ქალბატონებმა, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებში მომვლელებად მუშაობენ.
„მოხუცთა მოვლა იტალიაში სერიოზული სოციალური პრობლემაა. შეძლებული ოჯახების მოხუცები ცალკე ცხოვრობენ და მიხედვა სჭირდებათ. ამიტომ, მათ ეგრეთ წოდებულ პატიებას - „სანატორიას“ უკეთებენ, შეზღუდვას მოუხსნიან და დროებით ლეგალურად ყოფნის უფლებას მისცემენ. ვინც ამ კატეგორიაში ვერ მოხვდება, მას დეპორტაცია მოუწევს.
იტალიაში დაახლოებით 12 000-მდე ქართველი არალეგალია, იმდენივე, რამდენიც გერმანიაში. ზოგი საერთოდ არ მუშაობს, ძირითადი ნაწილი კი მომვლელად მუშაობს. დღეს არალეგალებთან დაკავშირებით ვითარება საკმაოდ მწვავეა. ზაფხულში იტალიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ არალეგალებმა ქვეყანა დატოვონ. პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება.
შედარებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთში, რადგან, საფრანგეთის მთავრობამ კვოტებიც კი დააწესა, წელიწადში რამდენი ათასი არალეგალი უნდა გააძევოს ქვეყნიდან. საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის - მამუკა კუდავას ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ არალეგალებს საფრანგეთის მთავრობა გარკვეულ თანხასაც კი ჩუქნის.
მამუკა კუდავა: „საფრანგეთის მიგრაციის პოლიტიკა სარკოზის გაპრეზიდენტების შემდეგ საკმაოდ გამკაცრდა. ეს მისი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. მან კვოტებიც კი შემოიღო, რამდენი ადამიანი უნდა გააძევონ არალეგალობისთვის ქვეყნიდან. წელიწადში დაახლოებით 30 000 ადამიანის დეპორტაცია უნდა მოხდეს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ საფრანგეთთან თანამშრომლობის მხრივ სამაგალითო ქვეყანა ვართ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საელჩოს უფლება აქვს, ნებისმიერ არალეგალზე, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიზე იმყოფება, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გასცეს. ეს ბიუროკრატიის გარეშე მოხდება. ძალიან ბევრი არალეგალის სტატუსით დაიღალა და ბრუნდება კიდეც. ვინც არ ბრუნდება, დეპორტაციას ექვემდებარება. საფრანგეთის სამართალდამცავები ასეთებს თვითმფრინავში იძულებით ჩასვამენ და დეპორტაციას ახდნენ. თან, კომპენსაციასაც აძლევენ. ეს თანხა 2-5 000 ევროა.
საფრანგეთში, ოფიციალური ინფორმაციით, 5 000 ქართველი ცხოვრობს. რაც შეეხება არალეგალებს, მათზე ინფორმაციები არ არსებობს.
ამ ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა საბერძნეთში, სადაც სამართალდამცველები არალეგალებს ქუჩაში დასდევენ, იჭერენ და ციხეში მიჰყავთ. როგორც საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი თავართქილაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველთა 80% არალეგალია.
ირაკლი თავართქილაძე: „საერთოდ არალეგალებთან დაკავშირებით პოლიტიკა ევროკავშირში შეიცვალა, რადგან არალეგალების ტალღა საკმაოდ დიდია. არალეგალებისთვის საბერძნეთში ხსნიან ბანაკებს, სადაც დაჭერილებს ათავსებენ. თუ ადრე წინასწარი პატიმრობის ვადა 2-3-თვე იყო, ახლა 6-დან 12 თვემდე გაზარდეს. ჯერ მათი იდენტიფიკაცია ხდება, შემდეგ კი დეპორტაცია. ვფიქრობთ, ეს საკმაოდ ცუდად იმოქმედებს ქართულ ემიგრაციაზე, რადგან მათი 80% არალეგალია.
ველოდებით, რომ მომავალი წლიდან საკმაოდ დიდი ტალღა იქნება არალეგალი მიგრანტებისა, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება მოუწევს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია იმიტომ, რომ ქართული მოსახლეობა ოჯახებს უბრუნდება, თუმცა, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, შესაძლებელია, უმძიმესი პრობლემები შეიქმნას“.
არალეგალური მიგრანტების დიდი ნაწილი საბერძნეთში სხვადასხვა გზებით თურქეთიდან შედის. საბერძნეთიდან კი ცდილობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადავიდნენ. რადგან საზღვარზე დიდი კონტროლია, ვერსად გადადიან და ამიტომ საბერძნეთში რჩებიან. საბერძნეთის პოლიტიკურ წრეებში ყველაზე მთავარი თემა სწორედ არალეგალური მიგრაციაა.
„საბერძნეთის შსს-ს მონაცემებით, იქ 60 000 ქართველი ცხოვრობს, ჩვენი მონაცემებით კი - 2-ჯერ მეტი, დაახლობით 120 000-მდე და ამაში არალეგალებიც შედიან. რაც შეეხება დეპორტაციის სტატისტიკას, წლის განმავლობაში საბერძნეთიდან დეპორტაციის 600-მდე შემთხვევა დაფიქსირდა“, - აცხადებს თავართქილაძე.
რაც შეეხება მთავარ საკითხს, თუ რას სთავაზობს ქართული სახელმწიფო ათასობოთ დეპორტირებულ თუ გამოძევებულ ქართველს, ეს გაურკვეველია. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მერაბ ჩუხუა „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, პროფესიონალებისთვის საქართველოში ადგილი მოიძებნება.
მერაბ ჩუხუა: „არალეგალთა გამოყრაზე არცერთ სახელმწიფოში არ არის საუბარი. ყველა სახელმწიფო პრობლემას დიფერენცირებულად მიუდგა, თუმცა ყველას აერთიანებს საერთო მიზანი - კრიზისის პერიოდში რაც შეიძლება ნაკლები უცხოელი ჰყავდეთ და მეტი ყურადღება საკუთარ მოქალაქეებს მიაქციონ. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მოკლე პერიოდს არალეგალებს იტალიის მთავრობა აძლევს. მოსახლეობის ნაწილი მზადაა დაბრუნდეს საქართველოში. ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეუძლია მათ შესთავაზოს, დიფერენცირებული დამოკიდებულებაა. ის, ვინც პროფესიონალი დაბრუნდება, შეთავაზებებსაც მიიღებს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნილება არსებობს“.
ჩუხუას თქმით, აღნიშნული მიმართულებით პრობლემა ყველაზე მწვავე რუსეთშია, რადგან გამორიცხული არ არის, რუსეთმა ქართველები ისევე გამოაძევოს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა.
არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ელჩებთან შეხვედრა ჰქონდა პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თამვჯდომარე ნუგზარ წიკლაურს. როგორც დეპუტატი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, პროცესები რომ არ გამწვავდეს, თავად არალეგალებისთვის სჯობს, რეგისტრაციის ადგილებში გამოცხადდნენ.
ნუგზარ წიკლაური: „ევროპის რიგი ქვეყნები მართლაც ამკაცრებენ ემიგრანტების მიმართ პოლიტიკას და შესაბამისად, კანონნმდებლობასაც. თუმცა, მასიურ გამოძევებას არ ველოდებით. მიდგომის გამკაცრება დრაკონული ნამდვილად არ იქნება. ქვეყნები არალეგალებს გაოფიციალებას სთხოვენ. მათ უნდა წარადგინონ ცნობები სამსახურიდან და დაფიქსირდნენ, დარეგისტრირდნენ და ოფიციალური სტატუსი შეიძინონ.
ადრე თუ გვიან, ყველა ქვეყანა უკანონო მიგრანტთა საკითხის მოწესრიგებისკენ წავა. უმჯობესია, ჩვენი მოქალაქეები იმ ქვეყნების კანონმდებლობას არ შეეწინააღმდეგონ. თუ ისე მოხდება, რომ არალეგალებს ჩამოსვლა მასიურად მოუწევთ, იქაურ ხელისუფლებებთან მოლაპარაკება შედგება, რომ ამ ხალხისთვის საკუთარ სამშობლოში რეადაპტაცია მტკივნეული არ იყოს. მათთვის გარკვეული პროგრამები უნდა არსებობდეს. მაგალითად, გერმანიის მთავრობა თანახმაა, ადამიანები გადაამზადოის და საჭირო პროფესიები შეასწავლოს“.