მიხეილ სააკაშვილს სჩვევია ლამაზი, ახალგაზრდა კადრების აღმოჩენა და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა. განსაკუთრებით მშვენიერ სქესს წყალობს. საინტერესოა, როგორ გააგრძელებენ კარიერულ აღმასვლას მიშას აღმოჩენილი ქალბატონები მომავალში?! თუმცა, არსებობენ "გამონაკლისებიც". მაგალითად, ასეთია მაკა ბულეიშვილი, რომელიც თავის დროზე (2000-2001 წლებში) სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად სააკაშვილმა დანიშნა. თუმცა, მალე მათი გზები გაიყო, ქალბატონმა მაკამ გერმანიაში ექიმის კვალიფიკაცია აიმაღლა და დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. რატომ განიცადა კრახი სასჯელაღსრულების სისტემაში დაწყებულმა რეფორმამ, ამის შესახებ მაკა ბულეიშვილი გვესაუბრა.
- სააკაშვილი შემთხვევით გავიცანი. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო. მაშინ ვაკის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს იყრიდა. ერთხელაც ბავშვს სკვერში ვასეირნებდი და უეცრად ჩოჩქოლი ატყდა, ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. აღმოჩნდა, რომ ყველა ახალგაზრდა მაჟორიტარი კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ელოდა. მიშაც მალე მოვიდა და თავის საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა... მაშინ მისი კონკურენტი დავით სალარიძე იყო. მოულოდნელად იკითხა: აქ ვინმე ექიმი ხომ არ არისო. "მე ვარ!" - ვთქვი ხმადაბლა. მაშინ 28 წლის ვიყავი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმად ვმუშაობდი. "ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ამომრჩეველი მყავს", - გაიხარა მაჟორიტარმა კანდიდატმა და მთხოვა, მასთან საარჩევნო შტაბში მივსულიყავი. პოლიტიკური საკითხები არ მაინტერესებდა, თუმცა, მისმა საუბარმა ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით დამაინტერესა. მახსოვს, ოფისში მივედი, სადაც ზურაბ ჟვანია, ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე და სხვები დამხვდნენ. იმ პერიოდში ყველა ერთ გუნდში იყო.
მაშინ მიშამ თავად მთხოვა, სხვადასხვა უბანში მოწყობილ სამედიცინო პუნქტებში უფასოდ გამესინჯა ავადმყოფები, მომესმინა მათი პრობლემებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მიმემართა ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოთხოვნით, კანონის ფარგლებში აღმოეჩინათ ამ ადამიანებისთვის დახმარება. ასე ჩავერთე საარჩევნო პროცესში და მალე სააკაშვილმაც გაიმარჯვა. არჩევნებიდან 5-6 თვის შემდეგ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. მაშინ ისევ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე. როცა სამინისტროში მივედი, მინისტრის კართან პაატა ზაქარეიშვილი დამხვდა, თურმე ისიც დაებარებინა. მოკლედ, ახალბედა მინისტრმა ორივეს გვთხოვა, ექსპერტად გვემუშავა და ციხეებში პატიმრების მდგომარეობა შეგვემოწმებინა. მე მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა უნდა დამეწერა. მახსოვს, მძიმე დასკვნა დავწერე.
ხაზგასმით ვთქვი, რომ ე.წ. "რეზბალნიცაზე" არ გადაჰყავდათ ხელმოკლე ოჯახების პატიმრები, პნევმონიით დაავადებული პატიმრების მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ რთულდებოდა, რომ არავინ აწვდიდა მათ ანტიბიოტიკებს, ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი კატასტროფულად მაღალი იყო და სხვ. რაც შეეხება სიკვდილიანობას, მაშინდელი ბოლო სამი წლის მონაცემებით, წელიწადში მინიმუმ 35, მაქსიმუმ 56 პატიმარი კვდებოდა, აქედან სუიციდის შემთხვევა იშვიათი იყო. მაშინ სულ 7 ათასი პატიმარი გვყავდა. ჩემი დასკვნა ნამდვილად საგანგაშო იყო, თუმცა, არა ისეთი კატასტროფული, როგორი მდგომარეობაც დღეს არის (როგორც პატიმართა რაოდენობამ, ასევე მათმა სიკვდილიანობამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განსაკუთრებით იმატა). მოკლედ, სააკაშვილი ციხეში არსებული მდგომარეობით აღშფოთდა. განაცხადა, რომ ახალ სისტემას შექმნიდა და პრობლემებს ბოლოს მოუღებდა. მართლაც, შექმნა სამედიცინო დეპარტამენტი სასჯელაღსრულების სისტემაში და მის ხელმძღვანელად დამნიშნა. ვფიქრობ, ამ დეპარტამენტმა საკმაოდ ეფექტიანი მოქმედებები დაიწყო. ბოლოს იმ შედეგს მივაღწიეთ, რომ ციხეში ერთ წელიწადში მხოლოდ 7 პატიმარი გარდაიცვალა, თანაც უკურნებელი დაავადებით.
გინდათ თქვათ, რომ თქვენ არ იყავით ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც სააკაშვილი სილამაზის ან ახალგაზრდობის ნიშნით არჩევდა და თანამდებობაზე ნიშნავდა?
- ალბათ არა. თუმცა აშკარაა, მისი იმედი ვერ გავამართლე, ტყუილის თქმა არასდროს შემეძლო. მახსოვს, იუსტიციის სამინისტროში ჩემს პირდაპირ კაბინეტში ისხდნენ სოსო თოფურიძე, რომელიც გენინსპექციის სამსახურის უფროსი იყო, როლანდ ახალაია - მასზე დაქვემდებარებული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. მისი თანამშრომელი იყო გერონტი ალანია, რომელიც ახლა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაშია მხილებული. ამ სამსახურს დავით კეზერაშვილი კურირებდა. მათი ფუნქცია იყო იუსტიციის სამინისტროში კანონის დამრღვევების გამოვლენა, რეალურად კი ისინი შიდა რესურსებსა და კადრებს აკონტროლებდნენ. ვიცი, რომ მათგან ბევრს არ მოვწონდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ სააკაშვილი ამ სტრუქტურაში ფულის კეთების საშუალებას ვინმეს მისცემდა ან ქრთამის ამღები მოეწონებოდა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც იმიტომ არ მოვდიოდი თვალში, რომ ფულს არ ვიღებდი. ჩემი გამოჭერა უნდოდათ და მუდმივად მითვალთვალებდნენ, ტელეფონზე მისმენდნენ, როცა თანამშრომლებთან ერთად სავახშმოდ გავდიოდი, უკან მალულად მომყვებოდნენ და ფოტოებს მიღებდნენ. მოკლედ, კომპრომატების ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა, შედეგი ვერ მიიღეს. მიშასთან ცუდი ხმები შედიოდა ჩემზე, მაგრამ მაინც არ მათავისუფლებდა. ალბათ, მიზეზი ის იყო, რომ ბევრი მადლიერი პატიმრის ოჯახი იდგა ჩემ უკან.
თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლება კი არა, სააკაშვილის ბრძანებით იუსტიციის სამინისტროში შექმნილ "ოქროს ფონდშიც" კი დაიმკვიდრეთ ადგილი.
- ჰო, ასე იყო. მიშამ მაშინ საკუთარი კაბინეტის წინ "ოქროს ფონდი" გააკეთა, სადაც წარჩინებული თანამშრომლების ფოტოები გამოფინეს. სხვათა შორის, პაატა ზაქარეიშვილის ფოტოც იქ იყო, რომელიც სოციალურ სამსახურს კურირებდა ციხეებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი სურათი ჩვეულებრივი ზომის იყო, ჩემი კი რატომღაც გაადიდეს და ისე გამოაკრეს. ერთხელ ერთი პატიმრის დედა ტირილით შემოვარდა ჩემს კაბინეტში, თურმე ნუ იტყვით, იმ სტენდის გადამკიდეს გარდაცვლილი ვეგონე და ცოცხალი რომ მნახა, თვალებს არ დაუჯერა.
და მაინც, რამ გამოიწვია იმ რეფორმის კრახი, რაც თქვენი თქმით სააკაშვილმა წარმატებით დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემაში?
- ერთ-ერთი მიზეზი გარემოცვაა, რომელსაც პატიოსანი ადამიანების ყოფნა სისტემაში არ აწყობდა. იმხანად იუსტიციის სამინისტროს "თანავარსკვლავედში" ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომელიც დღეს მიშას გვერდით აღარ არის, მათ შორის იყვნენ მაია ნიკოლაიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ირინე იმერლიშვილი, მარიამ ცაცანაშვილიც. გული მტკივა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობიდან წასვლას სწორედ იმ საქმით მოეღო ბოლო, რომელიც თავის დროზე ერთად დავიწყეთ სასჯელაღსრულების სისტემაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი ერთად მუშაობის დროს ციხეებში არ ყოფილა პატიმართა ჩამოხრჩობა და გაუპატიურება! ახლა ამბობენ, პატიმრების წამებაში ექიმებიც მონაწილეობდნენო. ეს ჩემთვის ძალზე შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელია. ახლაც მუშაობს არაერთი ისეთი ექიმი, რომელიც თავის დროზე ჩემი რეკომენდაციით მიიღეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთ უღირს საქციელს არ ჩაიდენენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ციხეებში მკვლელები და ჯალათები დაასაქმეს და შედეგად მახინჯი სისტემა მივიღეთ.
11 წლის წინ, როცა რეფორმას ვიწყებდით, ციხეებს მართავდა ქურდული სამყარო, რომელიც თავად განსაზღვრავდა, რომელ პატიმარს როგორი სოციალური მდგომარეობა უნდა ჰქონოდა, 11 წლის წინ პატიმრებს თავზე აწვიმდათ და არც ლამაზი ციხეები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ამაზრზენი ფაქტები მაშინაც კი არ ხდებოდა! ახლა ლამაზი ციხეები მხოლოდ ბუტაფორიად გადაიქცა! არაერთხელ დავსწრებივარ პატიმრების ეტაპირების პროცესს, მათ არათუ ცემით იღებდნენ, არამედ გულდაგულ ამოწმებდნენ, ჰქონდათ თუ არა სადმე ფიზიკური დაზიანებები, ნაკაწრიც კი. პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირის ნახვის შემდეგ თავი ღირსებააყრილად ვიგრძენი. იმედია, დამნაშავეები დაისჯებიან.