16 ოქტომბერს გიზაში ეგვიპტის სიძველეების უზარმაზარი მუზეუმი (GEM), რომელიც 20 წელი შენდებოდა, სატესტო რეჟიმში 4000 სტუმრის მისაღებად გაიხსნა.
მუზეუმის არქეოლოგიურ საკითხებში ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრის თანაშემწის, ალ-ტაიბ აბასის თქმით, საცდელი რეჟიმი სრული გახსნისთვის მოსამზადებლად არის საჭირო - მაგალითად, იმის გასაგებად მუზეუმის რა ნაწილებში შეიძლება შეიქმნას გადატვირთული ზონები.
სატესტო რეჟიმის ფარგლებში გიზას მუზეუმი ნაწილობრივ გახსნის თავის მთავარ გალერეებს, მათ შორის, 12 დარბაზს, სადაც ეგვიპტის უძველესი ისტორიული ექსპონატები ინახება. აბასის თქმით, თითოეული დარბაზი დინასტიებისა და ისტორიული წესის მიხედვითაა კლასიფიცირებული, თითოეულში წარმოდგენილი იქნება მინიმუმ 15 ათასი არტეფაქტი.
გიზას პირამიდების გვერდით ეგვიპტის მუზეუმის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. მუზეუმის გახსნა 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით დასრულება ბევრჯერ გადაიდო, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის გამო.
მუზეუმის წინასწარი რესტავრაციისა და სიძველეების გადაცემის გენერალური დირექტორის, ეისა ზიდანის თქმით, მუზეუმის ყველა დარბაზი ძველი ეგვიპტელების, მათ შორის, მეფეების ცხოვრების წესის საილუსტრაციოდ მოწინავე ტექნოლოგიური სისტემებითა და მულტიმედიური პრეზენტაციებით იქნება აღჭურვილი.
ერთ-ერთი დარბაზში მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ძველეგვიპტური დაკრძალვის ტრადიციას და მისი განვითარების ისტორიას ვირტუალურ რეალობის მეშვეობით გაეცნონ.
2022 წლის ბოლოდან მუზეუმის ზოგიერთი განყოფილება ლოჯისტიკური დეტალების შესამუშავებლად და მუზეუმის სტუმრების მიღების გამოცდილების დასახვეწად შეზღუდული ტურისტული ექსკურსიებისთვის ღიაა.
ოფიციალური გახსნის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.