16 იანვარს, პარიზის ქართული კოლონიის გამგეობის თაოსნობით, გაიმართა აკაკის საღამო, დიდი პოეტის გარდაცვალებიდან ათი წლის შესრულების გამო.
საღამო გაიმართა კათოლიკურ ინსტიტუტის დარბაზში და თითქმის მთელი კოლონია დაესწრო. დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ განსვენებული პოეტის შვილი ბ. ალექსი წერეთელი, საქართველოს ელჩი ბ. ა. ჩხენკელი და სხვანი.
საღამო გახსნა ქართველ ასოციაციის თავმჯდომარემ ბ. დავით სხირტლაძემ, რომელმაც საზოგადოებას შემდეგი სიტყვით მიმართა:
„საფრანგეთში მყოფ ქართველთა საზოგადოების გამგეობამ მოგიწვიათ დღეს ჩვენი დიდი პოეტის აკაკი წერეთლის ხსოვნის აღსანიშნავად გამართულ ლიტერატურულ საღამოზე.
შარშან, 15 იანვარს, შესრულდა სწორეთ ათი წელიწადი რაც ჩვენი ბუმბერაზი პოეტი მის საყვარელ ერს, ფიზიკურ არსებობით სამუდამოდ დაშორდა.
გარემოებამ გვაიძულა ასე დაგვიანებით მოგვეწყო 10 წლის თავი, - მაგრამ განა დროს აქვს მნიშვნელობა ჩვენი საამაყო აკაკის ხსოვნისათვის? ვინ არ იცის თუ რა რიგ ძლიერად ჟღერდა აკაკის ჩანგი ეროვნულ ჰანგებით და თუ რა რიგ სახალხო საგალობელად გახადა მან საქართველოს ყოველ კუთხეში ქართველი ერის წარსული სიდიადე და მისი მომავალი გამარჯვება? მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის ათბობდა ქართულ ეროვნულ გრძნობას და მის მოქმედებას გზას უნათებდა. აკაკის ლექსი იმდენად შეიჭრა ქართველ ხალხის განცდებში, რომ საქართველოს ყოველი ღირსეული შვილი არამც თუ მის ხსოვნას დაუვიწყებლათ გულში ატარებს, არამედ მას შეუწყვეტლად ესაუბრება და მისგან მირონის ცხებას ღებულობს. განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როცა მიძინებულმა საქართველომ გამოიღვიძა და გააფთრებული მტერი მას ჯიჯგნას უპირებს, ჩვენთვის ძვირფასია თავმოყრილათ მოვიგონოთ აკაკის ხსოვნა.
დღეს ჩვენს წრეში იმყოფება აკაკის შვილი, ბ. ალექსი წერეთელი. სამწუხაროთ, აკაკის მეუღლე, რომელიც პარიზში სცხოვრობს, ავათმყოფობის გამო დღეს ჩვენს კრებას ვერ დაესწრო. მას იმდენათ სურდა ჩვენს წრეში ყოფნა, რომ დასწრების შეუძლებლობამ მასში ცრემლებიც გამოიწვია.
ჩვენი საზოგადოების სახელით მე მივესალმები ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის ოჯახის წევრთ, ვუსურვებ დღეგრძელ ბედნიერ ცხოვრებას და ვსთხოვ ბატონ ალექსის ეს თაიგული გადასცეს ჩვენი სათაყვანებელი პოეტის ქვრივს.
სიკვდილი უძლურია ისეთი პიროვნების წინაშე როგორიც იყო აკაკი წერეთელი და ამით აიხსნება რომ ის ცოცხლად არის ჩვენს შორის და ძველებურათ მამულის სიყვარულის ცეცხლს გვიღვიებს.
მან სთქვა და დღესაც გვეუბნება: „ვინც სულს არ სწირავს სამშობლოს, არ ეთქმის ქვეყნის შვილიო“ და ამით მოგვიწოდებს საქართველოს დიდებისათვის თავგასაწირად, დიდება მის სახელს, დიდება მის საგალობელ ჩვენს ტურფა საქართველოს!“
თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ ბ. ივ. ანდრონიკაშვილმა შეასრულა პიანინოზედ ქართული ჰიმნი, რასაც მოჰყვა ბ. შ. ამირეჯიბის მოხსენება აკაკის პოეზიაზედ. შემდეგ დაიწყო ლიტერატურულ-მუსიკალური ნაწილი საღამოსი.
ათი წლის ე. ციციშვილისამ სთქვა პოეტის ლექსი. წაიკითხეს აკაკის ლექსები მსახიობებმა: ქ. ლ. პაპუაშვილისამ და ს. ბერეჟიანმა. ბ. ასათიანმა წაიკითხა „კინტო“. სამუსიკო ნაწილში ბ. მ. ხუნდაძემ შეასრულა ვიოლონზედ კავატინა ოპერა „თამარ ცბიერიდგან“, პიანისტმა ირაკლი ორბელიანმა კი ბალაკირევის ნაწარმოები.
განსაკუთრებით აღტაცებით შეხვდა საზოგადოება ცნობილ მომღერალს მიშელ დარიალს (ნანობაშვილს), რომელმაც იმღერა „აღმარ აღმართ მივდიოდი მე ნელა“ და სხვა ქართული სიმღერები. შესრულებულ იქნა აგრეთვე აკაკის „სულიკო“ ქ-ბ. ხონელიძისაგან.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას