მოგზაურობა „კადილაკით“ ვლადიმერ სტეფანიასთან ერთად

მოგზაურობა „კადილაკით“ ვლადიმერ სტეფანიასთან ერთად

კაცის გაჩენაში ღმერთი რომ ჩაერევა და თავის კალთას დააბერტყავს, ჯილდოდ ნიჭიერებას არგუნებს ხოლმე. სხვა საქმეა, როგორ გამოიყენებ უფლის ამ საჩუქარს, რამდენად საღად შეაფასებ მოვლენებს და რა მიმართულებას მისცემ ღვთისგან ნაბოძებ ნიჭს. უდიდესი ძალისხმევა მართებს ადამიანს, ეს ძღვენი რომ შეიშნოვოს, თავდაუზოგავი შრომა და მტკიცე ნებისყოფაა საჭირო დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. შემდეგ კი ხალხის აღიარებასაც არაფერი დაუდგება წინ.

სწორედ ხალხმა შეიყვარა ვლადიმერ სტეფანია. კაცი, რომელიც უნიკალური მოვლენაა ქართული სპორტის ისტორიაში. ვოვამ სიყმაწვილეშივე მოიტოვა უკან სულმღაფავი ქართული კალათბურთის სანახები და სწორად წარმართული უნარისა და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით თვით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ამოყო თავი.

დღეს მას იცნობენ, პატივს სცემენ. ქართველობა ამაყობს სტეფანიათი.

„სიეტლ სუპერსონიქსის“ ჩვენებურ კალათბურთელთან სალაპარაკო ბლომად დაგროვილიყო, მაგრამ თავად ვოვამ ერთი საათით გადადო ჩემთან საუბარი. სიეტლში ერთ-ერთ სომხურ ოჯახს დამეგობრებული სტეფანია კავკასიელებს წვეულებაზე მიეპატიჟებინათ და მანაც სუფრის წეს-კანონს სცა პატივი. მეც მოგვიანებითღა მოვიხელთე ქართველი, როდესაც გუნდისგან დროებით დათმობილ „კადილაკს“ შინისკენ მიაქროლებდა:

- კარგი, სამეგობრო ოჯახი გავიჩინე. ერევნიდან არიან, ცოლ-ქმარია, კარგა ხანია, რაც აქ ცხოვრობენ და გაცნობის დღიდან მშვენიერი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ახლაც მათგან მოვდივარ.

ქართველებს არსად გადაჰყრიხართ სიეტლში?

 

- როგორ არა, ქართველებიც არიან, თუმცა ახალგაზრდები ნაკლებად. ძირითადად ოჯახებით არიან ჩამოსულები და ბიზნესში საქმიანობენ.

შენს თამაშებზე თუ დადიან ხოლმე?

 

- თუ დავპატიჟებ და ბილეთს მივცემ, მოდიან. რამდენჯერმე ასეც მოვიქეცი.

გავიგეთ, სასტუმროდან ბინაში გადასულხარ.

 

- ქალაქგარეთ ორსართულიანი სახლი ვიქირავე. 20 წუთის სავალია მანქანით დარბაზამდე. ლამაზი ადგილია და საცხოვრებელი პირობებიც ყველანაირად მაკმაყოფილებს.

თუ არ ვცდები, ბინაში მარტო არ ხარ.

 

- სახლის პატრონია ჩემთან ერთად. კალათბურთის გუნდს ავარჯიშებს ერთ-ერთ კოლეჯში. ეს ვარიანტი თავად შემომთავაზა და მეც უყოყმანოდ დავთანხმდი. შემეძლო, ცალკე ვყოფილიყავი, მაგრამ ასე მერჩივნა, რადგან მინდა ენა გავიტეხო, ინგლისურად ჯერაც ვერ ვლაპარაკობ თავისუფლად.

გუნდს როგორ შეეწყვე?

 

- ჩინებულად. ყველასთან ნორმალურად ვარ, გამორჩეულად არავისთან ვძმაკაცობ. მწვრთნელებიც და თანაკლუბელებიც პატივისცემით მეპყრობიან და მეც არც მეტი რა მინდა.

გერი პეიტონზე ამბობენ, ცოტა შერეკილიაო.

 

- ეგ მართალია. რაღაც თავისებური ბიჭია, ხანდახან ძალიან უცნაურად იქცევა ხოლმე. ქუჩაში შვიდი პირადი მცველით დადის, რაც საერთოდ არ სჭირდება. ცოტა უჟმურიც არის, მაგრამ მოედანზე დიდსულოვანია. თუ დაგეჯახება, მოგიბოდიშებს, წამოგაყენებს. ერთი სიტყვით, ცვალებადი ხასიათი აქვს, როგორც კალათბურთელი კი უნაკლოა.

ბოლო ხანს ვინ ბეიკერს პრესა აღარ სწყალობს. მწვრთნელი ვესტფოლიც უკმაყოფილოა მისით. არადა, იგი სწორედ შენს პოზიციაზე თამაშობს „სონიქსში“...

 

- ბეიკერის დარდი სულაც არა მაქვს. მე ჩემს თავზე უნდა ვიფიქრო. ისე, ვინი მართლაც ცუდ სეზონს ატარებს, მაგრამ საეჭვოა, უახლოეს მომავალში ხუთეულიდან ამოვაგდო.

რატომ გაგიჭირდა პროფესიონალებში თამაში?

 

- არც ისე, როგორც მეგონა, მაგრამ არც მთლად უამისობაა. ყველაზე მეტად ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებ, თორემ ტაქტიკურად ევროპული კალათბურთიც არანაკლებია. აქ საზრიან და კომბინაციურ თამაშს პატივს კი სცემენ , მაგრამ ფიზიკურ სიძლიერეს ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევენ. მე კი ჯერ არ მომდევს საიმისო ჯანი, მეტოქეს ტოლ-სწორად ვეთამაშო. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა.

მიუხედავად ამისა, ვესტფოლმა რამდენჯერმე შეგიშვა მოედანზე. ერთხელ სულაც დევიდ რობინსონის წინააღმდეგ გაგამწესა...

 

- ვფიქრობ, ცუდად არცერთხელ მითამაშია, მაგრამ მე ჯერ სახელი არა მაქვს, იმიჯი კი აუცილებელია, რათა მწვრთნელის ნდობა დაიმსახურო. იმავე რობინსონს არაფერში ჩამოვრჩი, მაგრამ მომდევნო შეხვედრები კვლავაც სათადარიგოთა სკამზე გავატარე. ვესტფოლი, ალბათ, ასე თვლის საჭიროდ. უთამაშებლობა დიდად არ მაღიზიანებს, რადგან ყველაფერი დროის ამბავია და მეც მომავლის იმედი მაქვს.

ბოლო ხანს „სიეტლი“ არადამაჯერებლად თამაშობს. მართალია, ზედიზედ სამი გამარჯვებით ოდნავ გამოიკეთეთ მდგომარეობა, მაგრამ იქამდე ხუთი მატჩი არ მოგეგოთ. არადა, სეზონი რიხიანად დაიწყეთ. რით ახსნი ყოველივეს?

 

- მე გუნდში მეათე კაცად ვითვლები. პრინციპულ შეხვედრებში კი მხოლოდ რვა კალათბურთელი თამაშობს. ამიტომაც, ბუნებრივია, ბიჭები გადაიღალნენ. მთელი სეზონის სიმძიმე, ფაქტობრივად, რვა მოთამაშის ზურგზე გადადის, კვირაში დაახლოებით სამი-ოთხი მატჩი უწევთ და რა გასაკვირია, რომ სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ ახერხებენ. დასვენებულმა და მომზადებულმა გუნდმა სეზონის დასაწყისში ექვსიდან ექვსივე თამაში მოიგო, შემდეგ წაგებებსაც ვუხშირეთ და ამას მხოლოდ „სონიქსის“ დაღლას ვაბრალებ.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე რომელმა გუნდმა დატოვა?

 

- „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. მისი თამაში განსაკუთრებით მხიბლავს. ძალიან ჰარმონიული გუნდია და ვფიქრობ, ჩემპიონობის უპირველესი პრეტენდენტია.

ვარჯიშებზე ძალიან იტვირთები?

 

- ვარჯიშები თითქმის აღარა გვაქვს. იშვიათად, მწვრთნელებმა დაგვტვირთონ და ისიც მსუბუქად. გადატვირთული კალენდრის გამო საამისოდ დრო აღარც გვრჩება, ხანდახან თუ წავითამაშებთ ხოლმე.

ადგილობრივი ჟურნალისტები თუ გაკითხავენ?

 

- ერთი-ორჯერ ინტერვიუები დაბეჭდეს აქაურმა გაზეთებმა. ახლა, რაც აღარ ვთამაშობ, ცოტა დამივიწყეს, მაგრამ ეს სრულიად არ მაღელვებს.

სტეფანიასთან ისედაც ვაპირებდი გამომშვიდობებას, თუმცა ერთმა პატარა კურიოზმა კიდევ უფრო დააჩქარა ჩვენი განშორება. ჩემი და იქაური გზების გადამკიდე ვოვამ „კადილაკი“ თურმე სხვა გზას გაუყენა და, მგონი, დავიკარგეო, შემომჩივლა. ამან უხერხულობაში ჩამაგდო - გზა-კვალი რომ აერია, ამაში არცთუ უმნიშვნელო წვლილი ხომ მეც მიმიძღოდა. თავს იმითღა ვინუგეშებ, რომ რაც სტეფანიამ „სონიქსის“ მაისური მოირგო, ეს ქართველი მკითხველისთვის განკუთვნილი მისი პირველი ინტერვიუ გახლავთ.