მშვიდობის დარგში ნობელის პრემია იაპონურმა ორგანიზაციამ ნიჰონ ჰიდანკიომ მოპოვა, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დამბომბვის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს აერთიანებს. ორგანიზაციას ჯილდო "ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს აშენების მცდელობისთვის" გადაეცა.
ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, იოერგენ ვატნე ფრიდნესმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ „დიდი წვლილი შეიტანა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ტაბუს ჩამოყალიბებაში“.
1956 წელს დაარსებული ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს გარშემო აგზავნის გადარჩენილებს, რათა საკუთარი გამოცდილებისა და ბირთვული იარაღის გამოყენებით გამოწვეული საშინელი ზიანისა და განცდილი ტანჯვის შესახებ ისაუბრონ.
ნობელის კომიტეტში აღნიშნეს, რომ ნიჰონ ჰიდანკიოში თვითმხილველების მონაყოლით ცხადყოფს, რომ ბირთვული იარაღი აღარასოდეს უნდა იყოს გამოყენებული.
იაპონიაში ჟურნალისტებთან საუბრისას, ცრემლიანმა ტოშიუკი მიმაკიმ, ჯგუფის თანახელმძღვანელმა, განაცხადა: "ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ოდესმე შეიძლებოდა ეს მომხდარიყო".
ნობელის ინსტიტუტის განცხადებით, წელს პრემიაზე მშვიდობის დარგში 286 კანდიდატი იყო წარდგენილი, მათ შორის 197 ადამიანი და 89 ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამედს ციხეში ყოფნისას გადაეცა "ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებებისა და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ბრძოლისთვის".