ნატო 14 ოქტომბერს ბირთვულ წვრთნებს იწყებს

ნატო 14 ოქტომბერს ბირთვულ წვრთნებს იწყებს

ნატო 14 ოქტომბრიდან ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

„გაურკვეველ სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოვცადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის და უპასუხებს ნებისმიერ საფრთხეს“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, წვრთნები, რომელიც ორ კვირას გასტანს, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთის ზღვაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ჩატარდება.

ბირთვულ წვრთნებში ჩართული იქნება 13 ქვეყნის 60 თვითმფრინავი, მათ შორის გამანადგურებელი F-35A და ბომბდამშენი B-52. წვრთნებში მონაწილე სამხედროები საბრძოლო იარაღს არ გამოიყენებენ, თუმცა ისინი მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული მისიის შესრულებაში, რომლის თანახმადაც მათ თვითმფრინავებით ამერიკული ბირთვული ქობინების გადატანა მოუწევთ.