ვის ეკუთვნოდა „მოდელირებული ქრონიკის“ გაკეთების იდეა?

ვის ეკუთვნოდა „მოდელირებული ქრონიკის“ გაკეთების იდეა?

კითხვა - თუ ვის მოუვიდა გადაცემა „მომავლის ქრონიკის“ გაკეთების იდეა, ძალიან აქტუალურია. „მთელი კვირის“ ინფორმაციით, აღნიშნული იდეა თავად „იმედის“ მმართველ გიორგი არველაძეს ეკუთვნის.

გადაცემა, ჩვენი ინფორმაციით, მან და „იმედზე“ 2 კვირის წინათ დაბრუნებულმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ „ქრონიკის“ ჟურნალისტებთან ერთად „შეფუთეს“. „მთელი კვირა“ აღნიშნულის გადამოწმებას თავად მათე კირვალიძესთან შეეცადა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ინფორმაციის სანდოობას თავად არველაძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაკეთებული განცხადება ამტკიცებს. ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ, „იმედის“ ეთერში 13 მარტს გასულ „იმიტირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა, რომელიც ასე ჟღერს:

„1920 წელს რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია, 1921 წლის თებერვალში, შეიძლება მტერს უფრო მაგრად დავხვედროდით“, - ის ბოდიშს იხდის ეთერში გასულ გადაცემაზე თუმცა, საკუთარი განცხადების შინაარსით ამბობს, რომ ეთერში გასულ მოსაზრებებს ეთანხმება. ამ განცხადებიდან გამომდინარე მისი ბოდიშიც ისეთივე იმიტაციაა, როგორც „მომავლის ქრონიკა“ გახლავთ.

„ვიცი, ჩემი კომენტარი დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს აქ ეხლა... არავის ისედაც უკვე მოშლილი ნერვების მოშლა არ მინდა. უბრალოდ, თუ რამეზე დაფიქრება გინდათ, იმაზე დაფიქრდით, 1920 წლის ბოლოს საქართველოში რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი, რაც 21 წლის თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, რომ უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრა დავხვედროდით მტერს, ხომ შეიძლება მინიმუმ შულავერის კომიტეტის შექმნა მაინც არ დაგვეშვა.

რაც შეეხება ხალხის განერვიულებას, ეს ნამდვილად არ ყოფილა არავის მიზანი. სამწუხაროდ, გადაცემის წინ გაკეთებული შესავალი, რომ ეს გადაცემა ყველაზე მძიმე რუსული სცენარის იმიტაცია იქნებოდა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოების წევრებს არ დაეჯერებინათ, რომ დღეს ივნისია, რომ არჩევნები უკვე ჩატარებულია, რომ სამი დღის წინ თბილისში მიტინგი იყო და მომიტინგეები დახოცეს, რომ თბილისის თავზე რუსეთის ბომბდამშენები დაფრინავენ და ქალაქს ბომბავენ და ა. შ.

მე მგონი, მთავარია, იმ უბედურებაზე კი არ ვინერვიულოთ, რაც გვგონია, რომ ხდება, არამედ სწორად შევაფასოთ ის მოვლენები, რაც მართლა ხდება და რაც ხვალ უეჭველი მიგვიყვანს მაგ უბედურებამდე.

კიდევ ერთხელ, პირადადაც ვუერთდები „იმედის“ მიერ გამოთქმულ ბოდიშს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არასწორად გაიგო გადაცემა. ვადასტურებ, რომ უკეთესად უნდა ყოფილიყო ახსნილი რომ მთელი ამხელა კატაკლიზმები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხელა მოძრაობები პოლიტიკურ ასპარეზზე, მომავალი დრო და ეს ყველაფერი რეალობაში (თანაც ბოლო ნახევარ საათში) არ ხდებოდა. უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი... მაგრამ იმედია, ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის, რაც იმ გადაცემაში იყო, არასოდეს იქცეს მართლა ტრაგიკულ რეალობად. პათეტიკის გარეშე, სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ...“, - ეს განცხადება დაწერა „ფეისბუქზე“ გიორგი არველაძემ მას შემდეგ, რაც ხალხმა მას იმის ახსნა მოსთხოვა, თუ რა მოხდა და რასთან ჰქონდა საზოგადოებას საქმე.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც ოპოზიცია გადაცემის ეთერში გასვლის წუთიდან აპელირებს, არის ის, რომ არველაძე ამ გადაცემას ხელისუფლებასთან და, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ გააკეთებდა. თუმცა, ოპოზიციის ამ კომენტარის პარალელურად აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ პრეზიდენტის დავალებით სტუდიაში მივიდა და სააკაშვილის სახელით სიუჟეტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

გუშინ კი ბოლნისის რაიონში მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ქრონიკის“ მოდელირებული გამოშვება მოვლენების შესაძლო განვითარებასთან მაქსიმალურად ახლოს იყო.

„ეს მართლაც ძალიან არასასიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ მთავარი უსიამოვნება არის ის, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, თუ რა შეიძლება მოხდეს, ან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.