ნეტფლიქსზე მარტოობის ასი წელიწადის ეკრანიზაცია დეკემბერში გამოვა

ნეტფლიქსზე მარტოობის ასი წელიწადის ეკრანიზაცია დეკემბერში გამოვა

"გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად"

ნეტფლიქსი ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორის, გაბრიელ გარსია მარკესის რომანის მარტოობის ასი წელიწადის მიხედვით ორსეზონიან სერიალს იღებს. თითოეული სეზონი 8 სერიისგან შედგება.

გაბრიელ გარსია მარკესის რომანი, რომელიც 1967 წელს გამოიცა და 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია, რომლის 50 მილიონზე მეტი ეგზაპლარია გაყიდული.

როგორც სერიალის ავტორები, ლორა მორა და ალექს გარსია ლოპესი, აცხადებენ, ლათინური ამერიკის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური აუდიოვიზუალური პროექტია. აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებები მთლიანად კოლუმბიაში მიმდინარეობს.

"ამ პროექტის რეჟისორობა გამოწვევაც იყო და თავგადასავალიც. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში აუცილებელია გარისკო იმისთვის, რომ აზრი მივცეთ იმას, რასაც ვაკეთებთ. მარტოობის ასი წელიწადის გადაღების პროცესში, ჩემი განზრახვა იყო შექმნა რაღაც ავთენტური, საერთაშორისო დონისა და მაღალი სტანდარტის პროდუქტი, რადგან სიუჟეტი ამას ნამდვილად იმსახურებს",— განაცხადა რეჟისორმა ალექს გარსია ლოპესმა.

ლორა მორამ, რომელიც მე-4, მე-5 და მე-6 ეპიზოდების გადაღებას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, — "როგორც კინორეჟისორისთვის და როგორც კოლუმბიელისთვის, ამ რთულ პროექტზე მუშაობა ჩემთვის პატივიც იყო და დიდი გამოწევაც. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა იმუშაო ისეთი რომანის ადაპტაციაზე, როგორიც მარკესის მარტოობის ასი წელიწადია. ყოველთვის ვცდილობთ გავიგოთ განსხვავება ლიტერატურულ და აუდიოვიზუალურ ენებს შორის და შევქმნათ კადრები, რომლებიც ასახავს ნაწარმოების სილამაზეს, მის პოეტურობასა და სიღრმეს. ჩვენს ეს შევძელით ამ რომანის დიდი სიყვარულით და განსაკუთრებული ტექნიკური და სამსახიობო გუნდის საშუალებითა და მხარდაჭერით."