ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ ბევრად უფრო განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, ამისთვის გრძელდება გზების მშენებლობა და დიდი ინვესტიციები ჩაიდება ამ მიმართულებით

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ ბევრად უფრო განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, ამისთვის გრძელდება გზების მშენებლობა და დიდი ინვესტიციები ჩაიდება ამ მიმართულებით

თბილისი-ბათუმის მაგისტრალი მომავალ წელს დასრულდება აუცილებლად და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას დასჭირდება დაახლოებით 4 საათი, როდესაც თავის დროზე 5-6 საათი სჭირდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პროექტი.

„გარდა იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი გადაადგილება, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც, იგივე ტურიზმის განვითარებას და ზოგადად, ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ ბევრად უფრო განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთის მაგისტრალზე.

„ერთი, რომ საზღვრიდან საზღვრამდე დავაკავშირებთ ჩვენ ავტომაგისტრალით კონკრეტულ პუნქტებს, თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრამდე დასრულდება ავტომაგისტრალის მშენებლობა მთლიანად, უკვე 2028 წლის  ბოლომდე, გაიჭრება, მათ შორის წითელ ხიდამდე და სადახლომდე მიმავალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და კახეთის მიმართულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მთლიანობაში, ამ ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის გრძელდება სწორედ გზების მშენებლობა, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდება ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან თანმიმდევრული და წინასწარ გაწერილი გეგმა, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას არა მარტო ეკონომიკური,  არამედ ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით", -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.