ბრიტანეთის კაბინეტის ორი (საგარეო და საერთაშორისო თანამშრომლობის) მინისტრის განცხადებამ, საქართველოს საგარეო ვალის ჩამოწერის შესახებ, პოლიტიკურ თბილისში, ანუ ქართულ პოლიტ და მედიაბომონდში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დამოკიდებულებისა და შეფასების გამომუშავება, ერთი შეხედვით, იოლი არ არის.
ტონი ბლერს, რომელმაც ისტორიაში პირველად, ხელმეორედ გაამარჯვებინა ლეიბორისტებს ამას წინათ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, კაბინეტში ისეთი ეგზოტიკური ფიგურები ჰყავს, ცოტა არ იყოს გასაკვირია, ეს მთავრობა ადრე რატომ არ გამოვიდა ამგვარი ინიციატივით.
საქმე მხოლოდ საქართველოში როდია: „ვალების ჩამოწერას“ ოხვრითა და ვაებით ითხოვს მსოფლიოს ორი მესამედი.
ევროპელი „მემარცხენეები“ კი ყოფილი ტროცკისტები, ანარქისტები და ლამის კომუნისტი-ტერორისტები არიან. ისინი მონაწილეობდნენ, ალბათ, „წითელ ბრიგადათა“ და „წითელი არმიის გერმანულ განყოფილებებში“, რომლებიც 60-იან წლებში შიშის ზარს სცემდნენ ევროპულ საზოგადოებას.
მართალია ახლა „დადინჯდნენ“, მაგრამ ახალგაზრდული „ანტიბურჟუაზიული“ რომანტიზმი მაინც წამოუვლით ხოლმე ზოგჯერ.
მეორედ კისერი უტეხიათ ტროცკისაც და მაოსაც - ოღონდ საქართველოს ეშველოს რამე, ანუ გასარკვევია, რა შეიძლება მისცეს ამ ინიციატივამ ქვეყანას. საერთოდ, რამდენად სასარგებლოა იგი.
როგორც ცნობილია, უღარიბესი ქვეყნებისთვის ვალების ჩამოწერის საკითხი ჯერ კიდევ შარშან განიხილებოდა იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი მაშინაც ბლერი გახლდათ.
აქვე უნდა თიქვას, რომ „შვიდეული“ ამ უღარიბესი ქვეყნებისთვის ვალის ჩამოწერას, დაახლოებით ისე ეკიდება, როგორც „გოსპლანი“ საბჭოთა პერიოდში სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილ მრავალმილიარდიან ვალებს. თავიდანვე იცოდნენ, „ჩამოსაწერი“ გახდებოდა.
ოღონდ კოლმეურნეობებისგან განსხვავებით, მევალე ქვეყნები გარკვეულ კლასიფიკატორს უნდა შეესაბამებოდეს. ვალის გადახდა არავის უნდა. მათ შორის იმათაც, ვისაც ამის საშუალება აქვთ. „ზედმეტი ფულს“ არავინ აღიარებს. ამიტომ 115 მევალე ქვეყნიდან მხოლოდ 44 ცნეს გადახდისუუნაროდ.
იაპონიის სამიტისას, მათ რიცხვში საქართველო არ შევიდა.
აი, ეს კი მართლაც ძალზე საინტერესო საკითხია. აღიარებული კლასიფიკატორის შესაბამისად, „უღარიბესად“ (შესაბამისად, გადახდისუუნაროდ) მიიჩნევიან ის ქვეყნები, რომლებშიც ყოველდღიური შემოსავალი მოქალაქისთვის ერთ დოლარზე ნაკლებია.
საქართველო თითქოს შეესაბამება ამ განსაზღვრებას: პენსია 6 დოლარია (თვეში), ხელფასი - 20 დოლარი. მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების მოტყუება ძალიან ძნელია. მათ შესანიშნავად იციან, რომ ეს ფორმალური მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. იმ 42 ქვეყანაში ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან შიმშილით.
ამ დროს თბილისში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტები ხედავენ კერძო ავტომანქანებით გადაჭედილ ქუჩებს, სავსე რესტორნებსა და კაფეებს, სავაჭრო ცენტრების რეალურ ბრუნვას (თვეში მილიონობით დოლარის ოდენობით) და ასე შემდეგ.
ეს არ არის და არც შეიძლება იყოს მხოლოდ მოსახლეობის 1-2 პროცენტი, როგორც ხსენებულ ქვეყნებში.
ანუ ამ თვალსაზრისით (რეალური შემოსავლებით: ვაჭრობით, კონტრაბანდით, ტრანზიტით, კერძო ინვესტირებით, საწყისი კაპიტალის დონით და ასე შემდეგ) საქართველო არც ისე ღარიბი ქვეყანაა: პირველ 50-ეულში შეიძლება არ შედის, მაგრამ არც უკანასკნელ 40-ეულშია.
რაც შეეხება „გადახდისუუნარობას“, ანუ ვალების ჩამოწერას. ჯერ კიდევ გასარკვევია ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარე: საქმე ხომ იმ ვალებს ეხება, რომლის გადახდა 30 წლის შემდეგ უნდა დავიწყოთ (და არა თურქმენეთის ვალს) – „ღატაკი ქვეყნის“ წოდება კი საინვესტიციო კაპიტალი არ არის.