დაგვპირდნენ და აასრულეს: საქართველოს მთავრობამ ხალხის რჩეულთათვის ანგარიშის წარსადგენად დესანტი საქართველოს პარლამენტშიც გადასხა, პათოსით: ანგარიში ხალხს, პარალელურად – პარლამენტს.
მიუხედავად იმისა, რომ დესანტი ორკაციანი იყო (მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა!), მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გახლდნენ წარმოდგენილი, სამთავრობო საათი მაინც ნაყოფიერი გამოდგა.
ნაყოფიერი, რადგან, მაგალითად, ბ-ნი ტყეშელაშვილის განმარტებით, მართალია, მისი სამინისტრო ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განახორციელა (რომ ჩამოყალიბდება, სავარაუდოდ, სულ ბდღვირს აადენს რეგიონულ განვითარებასა და ინფრასტრუქტურებს)!
მოსალოდნელ ბდღვირზე უკვე დასახელებული ციფრებიც მოწმობს: წელს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობას 630 მილიონი ლარი მოხმარებია, სასმელი წყლის ქსელის განახლებას – 185 მილიონი, საკანალიზაციო სისტემას – 54 მილიონი, სარწყავი ქსელის რეაბილიტაციას – 18 მილიონი, სკოლების რეაბილიტაციას კი – 109 მილიონი; მეტიც, მხოლოდ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას 25 000-თვის მიუღწევია (მინისტრს არც სპორტული მოედნები დავიწყებია, ოღონდ, ამაში დახარჯული თანხა არ დაუზუსტებია).
კოლეგას არც ბაკურ კვეზერელი ჩამორჩა, დახმარებას მევენახეებსაც დაჰპირდა და მეციტრუსეებსაც, მეტიც, გასაღების ბაზრების მოძიება-გაფართოების იმედიც მოგვცა (ის კი აღარ უთქვამთ, ეს ბდღვირის ადენამდე იქნება, პროცესში თუ ამის შემდეგ?!), იაპონიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაც შეგვახსენა: 250 ერთეული სასოფლო-სამეურნო ტექნიკა უკვე გზაშია და საქართველოს მრავალტანჯულ მიწაზე უკვე ნოემბრის ბოლოს შემოაბიჯებსო.
ამ საყოველთაო კეთილდღეობის ფონს, ბუნებრივია, ვერც სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი და რეიტინგმინიჭებული მოსახლეობა აფუჭებს და ვერც ოცი წლის განმავლობაში უშუქოდ დარჩენილი სოფლები (შესაძლოა, ხილვადობას სწორედ ბდღვირი ართულებდეს).
ჰოდა, რაკი ვერ აფუჭებს (ან აფუჭებს), ისღა დაგვრჩა გასარკვევი, ვინ დაქოქავს იაპონურ ტრაქტორებს?!