დღეს მსოფლიოში დიდი ფაცა-ფუცია. გუშინდელი მოსისხლე მტრები ერთმანეთს ძმობას ეფიცებიან, ხოლო ყოფილი გულითადი მეგობრები კბილებს ილესავენ და ერთიმეორეს თავსლაფს ასხამენ.
ერთნი „აღტაცებაში“ მოდიან გუშინდელი მტრის „კეთილ განზრახვებით“ და ისტორიაში გაუგონარი „მიღწევებით“. მეორენი კი დანაწილებით ემუქრებიან. ჭეშმარიტად, გუშინდელი დღე არა ჰგავს დღევანდელს. მტერი მოყვრად შეცვლილა და მოყვარე მტრად. ამ ორომტრიალში, მსოფლიო ძალთა გადაჯგუფება-ჭიდილში საქართველოს საელჩო გაიჭყლიტა, როგორც ორგანიზაცია, ფორმა ქართველი ერის სუვერენობისა ევროპაში.
რაშია საქმე? ნუ თუ მოსკოვი - ეს ევროპის გუშინდელი „ბუნტარი“ - ისე გაძლიერდა, რომ მან ევროპას და, კერძოდ, საფრანგეთს თავისი ნება მოახვია?
არა. ასე კითხვის დასმა უმართებულო იქნებოდა. ჩვენ ვფიქრობთ საქართველოს საელჩოს ბედი მოსკოვში ან პარიზში კი არ გადაწყდა, არამედ ბერლინში და ტოკიოში. ცხადია, ეს პასუხი ბევრს გაუკვირდება, როგორ, ბერლინი და ტოკიო აქ რა შუაშიაო. განვიხილოთ არსებითად.
ყველამ იცის: შტრეზემანის გერმანია მოსკოვის ევროპიული ყავარჯენი იყო. ამ ყავარჯენმა 10-12 წლის განმავლობაში რუსეთი ნელ-ნელა, ჩოჩვით ევროპის კონცერტში შეიყვანა. იმ ხანად მოსკოვს ეს უფრო ნაკლებად სჭიროდა, ვინემ გერმანიას. ამ უკანასკნელის ხელში მოსკოვის დათვი ძალიან სარფიანი და მჭრელი კოზირი იყო. ის ევროპას მოსკოვით ემუქრებოდა და ამ მუქარაში რეალურ შინაარსაც სდებდა, რუსეთში თავის ტექნიკურ ძალების გადასროლით იქ სამხედრო ძლიერების შესაქმნელად. სამაგიეროდ ამ მდგომარეობით მოსკოვიც სარგებლობდა და ასე შეხმატკბილებული ორივე ვერსალის ზავს და იქიდან გამომდინარე შედეგებს ურტყამდა.
არ შეიძლებოდა ევროპას და, პირველ რიგში, საფრანგეთს ამისთვის ანგარიში არ გაეწია. მისი სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვდნენ ბერლინის და მოსკოვის განქორწინებას. ეს მისწრაფება წითელ ზოლივით მისდევს ომის შემდგომ მთელ ევროპიულ პოლიტიკას და დაუსრულებელ კონფერენციებს. მაგრამ უკანასკნელ ხანებამდე ეს მოსკოვური იარაღი გერმანიას ვერ გამოსტაცეს.
და აი ერთ მშვენიერ დღეს შტრეზემანის გერმანია იცვლება ჰიტლერის გერმანიით. მოსკოვ-ბერლინის მეგობრობას წყალი უდგება. ცნობილია, დიქტატურა დიქტატურის მტერია. ამ ფსიქოლოგიურ მომენტით ისარგებლა პარიზმა და „გულითად მეგობრების“ გაყრას შეუდგა. მისი მიზანი იყო დაეჭირა გერმანიის ადგილი მოსკოვის პოლიტიკაში და ეს უკანასკნელი თავის მხარეზე გადმოეყვანა. ეს არც ისე ადვილი საქმე იქნებოდა, რომ მოსკოვს სხვა გასაჭირი არ ქონოდა. მისი გასაჭირი კი ყველასთვის ცნობილია. შიგ შიმშილი და მილიონიანი მასების უკმაყოფილება, ხალხის გაღატაკება და უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მისვლა. ხოლო გარეთ კი იაპონიის ამოძრავება. შორეულ აღმოსავლეთში ბარონ ტანაკას ანდერძის შესრულების ცდა და რუსეთის ციმბირზე თავის პრეტენზიების გამომჟღავნება, - ყველაფერი ეს მოსკოვს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებს. თოფის წამლის სუნი რუსეთის აღმოსავლეთის მხარეებში ტრიალებს. დღეს არა ხვალ თოფი უნდა გავარდეს.
ამას დაუმატეთ საფრანგეთის სარდაფის ოქროები, საიდანაც ხელსაყრელ შემთხვევისას „საძაგელ კაპიტალისტების“ ნასუფრალის მიღება შეიძლება და ამით ცოტათი მაინც თავის ბატონობის გახანგრძლივება დამონებულ ხალხზე. ასეთ პირობებში, სხვადასხვა მოტივებით, მოსკოვის და პარიზის ინტერესები ერთმანეთს მოხვდა, შეეგუა და შეეხმატკბილა. ცხადია, გერმანიის დაკარგვით და აღმოსავლეთით საფრთხის მოდგომით მოსკოვს ახალი მოკავშირე უნდა ეძებნა. დასავლეთის საზღვრები უზრუნველყო, რომ ამით იაპონიასთან ხელი გახსნილი ქონოდა. ამ მდგომარეობით ისარგებლეს საფრანგეთის მეთაურებმა და თავისი ქვეყნის საქმე მათის ფიქრით მოაგვარეს.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ პირველად საფრანგეთთან და მეზობელ ქვეყნებთან დაზავებაზე მოსკოვი ალაპარაკდა. აქედან აშკარა იყო, რომ კრემლის ბატონებს რაღაცა ძილს უფრთხობდა, კატასტროფის მოახლოვებას გრძნობდენ. სამწუხაროდ პარიზი ისე გაიტაცა მოსკოვის მეგობრობის სურვილმა, რომ კრემლის ეს სულიერი შფოთვა ვერ შეამჩნია და მოსკოვის თავდაუსხმელობის წინადადებანი გულწრფელ და ხალას ჭეშმარიტებად მიიღო.
ზავი შეიკრა. ერიოც „აღტაცებულია“ ბოლშევიკების „მიღწევებით“, დამონებულ ხალხების სისხლით და ძვლებით აგებულ გიგანტებით. მაგრამ ყველაფერი ეს გრძნობებია, რეალობა კი გარეშე მდებარე ობიექტია. ეს უკანასკნელი კი ბერლინის და ტოკიოს პოლიტიკაში ინახება. გერმანიის ამბებმა საფრანგეთი შეაშფოთა და მოსკოვში გააქცია. ხოლო ტოკიოს საფრთხით მოსკოვი გუშინდელ „წყეულ კაპიტალისტებს“ მკერდში ჩაეხვია,
აი ამ ორომტრიალში საქართველოს საელჩო როგორც დაწესებულება, გაიჭყლიტა. ის მსხვერპლად შეიწირა საერთაშორისო ჭიდილმა და ინტერესებმა. ის აღარ მოქმედებს კვლავინდებურად საფრანგეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ის გაუქმდა იურიდიულად. საინტერესოა, რომ საელჩოს გაუქმებაზე არსად არაფერი სწერია - არც საფრანგეთ-საბჭოების თავდაუსხმელობის პაქტში და არც საგარეო სამინისტროს აქტებში და განკარგულებებში. ის მოიხსნა, ასე ვსთქვათ, მექანიკურად, როგორც შედეგი ახალი საერთაშორისო სიტუაციის. საერთაშორისო თვალსაზრისით დარჩა საქართველოს სუვერენობა, დამოუკიდებლობა ხელუხლებელი, უცვლელი და სამიდღემჩიო. ის კვლავ აზის მოსკოვის დათენთილ სხეულს მღრენელ ჭიად, სასიკვდილო განაჩენად. ის მისი „აქილესის ქუსლია“. ამ ჭუჭრუტანის დაცვა არ შეუძლია არავითარ პაქტებს და არც მოსკოვის მაღალ სტუმართა „აღფრთოვანებას“.
ამის თავდებია მსოფლიოს დღევანდელი ვითარება, აღსავსე გასაოცარი სიურპრიზებით, მოულოდნელი ამბებით, ძალთა ახალი გადაჯგუფებით. ისტორია მეორდება. ევროპა ომის წინანდელ განწყობილებას უბრუნდება. დაზავების მაგიერ ყველა ხმალს ლესავს და მომავალ ამბებისათვის ემზადება.
საბჭოებიც ამ გადაჯგუფებაში ვითომც განსაზღვრულ პოზიციას იჭერს. ახალი მეგობრებიც მას ერთგვარ ძალათ თვლიან. ვითომ არ ცდებიან ანგარიშში? ამ კითხვაში საფრანგეთი ორადაა გაყოფილი. ერთნი აღტაცებულნი, მეორენი - თავშეკავებული და სკეპტიკურნი. ვის მხარეზეა სიმართლე? ჩვენ გვგონია მართალი არიან მეორენი. უკანასკნელთა მხარეზეა რუსეთის დღევანდელი სინამდვილე, მისი საშინელი საშინაო ვითარება.
ასეთია არსებული განწყობილება. საკმარისია ის შეიცვალოს, რომ მექანიკურად აღსდგეს საქართველოს საელჩო და მასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობაც.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას