ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვოდ შესრულება, არამედ ორმხრივი გზა ურთიერთშესწავლის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთმიღების, და არა შერწყმის და ჩაკარგვის,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება.
,,ქართველო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი უპირველესი აკვანია. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები იმისა, რომ მიწათმოქმედება, მევენახეობა, ქრისტიანული რწმენა ევროპულ იდენტობაში ჩაიქსოვა. ამ დღეებში ჩვენ აღვნიშნეთ 400 წელი წმ. ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან, რომლის წმინდა ნაწილებიც ალავერდის მონასტერშია დაკრძალული. მისმა რწმენის სიმტკიცემ და პირველ ქრისტიანთა მსგავსმა მოწამეობრივმა აღსასრულმა მაშინდელი ევროპა იმდენად შეძრა, რომ, მართლმადიდებლობისთვის წამებული, კათოლიკური ეკლესიისთვისაც ქრისტიანობის მაგალითი გახდა. ასეთი ისტორიები არის მოწმე იმისა, რომ ჩვენ კი არ შევდიოდით ან გვიღებდნენ ევროპაში, არამედ, სხვებთან ერთად, თავად ვქმნიდით და ვიცავდით ევროპას. დღესაც, ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს არა მითითებების უსიტყვოდ შესრულება, რომელსაც სამყაროში ვერგარკვეულ ქვეყანას წაუყენებ, არამედ ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა. გზა ურთიერთშესწავლის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთმიღების, და არა შერწყმის და ჩაკარგვის. ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება. თუ მას ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, როგორც ერთხმაგამოკლებული კახური მრავალჟამიერი,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, თელავში სიტყვით გამოსვლისას.