მოგესალმებით ჩემო კახელებო!
მივესალმები ჩემს მშობლიურ მხარეს, ჩემს მშობლიურ ხალხს, მივესალმები ძალიან მაგარ ქართველებს, ნამდვილ მებრძოლ და უღალატო ხალხს.
ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებსა და თანამებრძოლებს.
უკვე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშორეთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული, ჩვენი ხალხის მჩაგვრელი და უცხო ძალების მსახური დამნაშავე აგენტურა. ყველა ჩვენგანს გვახსოვს და ვიცით, რომ იმ წარმოუდგენელი ბოროტების წინააღმდეგ გამარჯვება მხოლოდ თავდადებით და უკომპრომისო ბრძოლით იყო შესაძლებელი. მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი ფაქტორი, რამაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ხალხს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების ძალა მისცა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადების და თავგანწირვის პირადი მაგალითი გახდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით სამუდამოდ წარსულში დავტოვეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ხალხის ტერორი და შიში, ქართველი ხალხის ღირსების შელახვა, სიტყვის თავისუფლებისა და მედიის ჩახშობა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა, პატიმრების წამება და ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა, რაც მთავარია - ომი, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, რაც უპატიებელი ღალატია ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე!
მოსვლის დღიდან ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე, ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გათავისუფლდა ბიზნესი და დაცულია კერძო საკუთრება, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებით, კორუფციის სიმცირისა და მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობით დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს უსწრებს, რასაც თავად ევროპული ინსტიტუტები და ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ. გასული 12 წლის მანძილზე თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით, წარმატებით ავითვისეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზრები, გავხსენით ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის ბაზრები, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია სიღარიბისა და უმუშევრობის მკვეთრი შემცირება, ისტორიულ მინიმუმზეა ორივე მაჩვენებელი, შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, სამჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც მთავარია გვაქვს თავისუფლება და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა რაც არასდროს, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!
26 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი, უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება? ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურს საკუთარი შვილების მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, რაც გარანტირებულად მოიტანს განვითარებას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას, თქვენი შვილებისთვის ნამდვილ ევროპულ მომავალს, თუ სურს ისევ ნახოს ომი და ქაოსი, განუკითხაობა, საკუთარი შვილების და ოჯახის წევრების ომში გაგზავნა? ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე ოპოზიცია – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ახალი პარტიები და კოალიციები პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას, ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც დაანგრევდა ქვეყნის ეკონომიკას, ითხოვდნენ მათ მიერვე ნახსენები - მეორე ფრონტის გახსნას, ანუ ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევას. დღეს ეს ბოროტება ცდილობს ხალხის მოტყუების გზით და ცრუ დაპირებებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, მათი მოსვლა ნიშნავს ომის დაწყებას და ქვეყნის დანგრევას. ამიტომ დღეს არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ სტაბილური განვითარებით, კეთილდღეობით, ეკონომიკური ზრდითა და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით, მეორე მხარეს კი ჩვენ ვხედავთ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობს" მთელი მისი სატელიტი პარტიებითა და კოალიციებით, აგენტურით, მედია საშუალებებითა და ენჯეოებით, საკუთარი ლობისტებითა და უცხოელი პატრონებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მზად არიან გაწირონ ჩვენი ხალხი და ქვეყანა და შეასრულონ ნებისმიერი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი დავალება. ასეთი მარტივი არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ომს შორის მართლაც არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ახლაც ისეთივე ბრძნულ არჩევანს გააკეთებს, როგორც ეს გააკეთა 2012 წლის 1 ოქტომბერს.
26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! მე მჯერა, ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარე მტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა! ქართველი ერის სურვილია ეროვნული იდენტობის დაცვა, ქართველი ერის სურვილია ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების, ქრისტიანული ცხოვრების წესების დაცვა! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით!
გაუმარჯოს კახეთს და კახელებს! გაუმარჯოს მეფე ერეკლეს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! ჩვენს ერთად დგომას და ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს! 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი გაუტეხელი ხალხი და გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!