პრეზიდენტს ამნისტიის შესახებ კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი მაჭანკლობით იყო დაკავებული, რაც ცუდად დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა.
„პრეზიდენტთან კითხვა მაქვს, ამდენი ხანი რას აკეთებდა? როგორ შეიძლებოდა, "ლელო"-გახარიების შეხვედრების შუაში 15 წუთი ვერ ეპოვა, რომ კანონზე ხელი მოეწერა და რამდენიმე დღე ხალხი ტყუილად არ დაესვა ციხეში? - ეს რატომ იყო საჭირო, ამას ვერ მივხვდი. პრეზიდენტს კანონზე ხელი მაშინვე უნდა მოეწერა, როგორც კი პარლამენტიდან გაიგზავნა, მაგრამ როგორც იცით, პრეზიდენტი დაკავებული იყო მაჭანკლობით, რაც ცუდად დასრულდა. მან პატიმრების რამდენიმე დღე შეიწირა, თორემ პრეზიდენტი დიდად გადაღლილი არ ჩანდა ისე, რომ ათი წუთი კანონზე ხელის მოსაწერად არ დაეთმო, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა. კარგია, რომ თავის ხუშტურებს ბოლომდე არ მიჰყვა და ეს საკითხი არჩევნების იქით არ გადაწია. ის ამნისტიას არ ეთანხმება და კანონს ხელი ფაქტობრივად, ძალით მოაწერა”, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი დღეს მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა.