გუშინდელ „ჰუმანიტეში“ გამოქვეყნებულია შემდეგი ცნობა:
„პრავდა“ აღნიშნავს, რომ თფილისის მენშევიკები ორჯერ შეეცადნენ გამოეწვიათ რკინის-გზელების გაფიცვა. ეს ცდა წამსვე ჩაიშალა სამარცხვინოთ მენშევიკებისათვის და დაგმობილ იქნა მუშების მიერ გამოტანილ რეზოლიუციაში.
ამ ცნობას სახეში აქვს - განაგრძობს „პოპულერი“, უეჭველად, ის ამბები, რომელიც აღწერილია დეპეშაში, რომელიც ჩვენმა ამხანაგებმა ესეცაა მიიღეს აბსოლუტურად უტყუარ წყაროდან. აი ეს ცნობა:
„საოკუპაციო რეჟიმის გაძლიერების, საქართველოს ეროვნულ ტერიტორიის დაქუცმაცების, ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობის გამწვავების გამო თფილისის მუშებმა ოქტომბრის შუა რიცხვებში გადასწყვიტეს გაეგზავნათ დელეგაცია საქართველოს რევოლიუციონურ კომიტეტისათვის (ბოლშევიკური მთავრობა).
ამ დელეგაციას უნდა გადაეცა 5 132 მუშის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც შეიცავდა შემდეგ მოთხოვნილებებს: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რუსის ჯარების გაყვანას, მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესებას, გაუქმებულ თავისუფლებების აღდგენას, პოლიტიკურ ტუსაღების განთავისუფლებას.
24 ოქტომბერს 9 მუშისაგან შემდგარი დელეგაცია მივიდა სასახლეში „რევოლიუციონურ კომიტეტის“ თავმჯდომარე ბ-ნ ბუდუ მდივანთან, ამ მემორანდუმის გადასაცემათ. უკანასკნელი ჯერ დაჰპირდა დელეგატებს მიღებას, აცდევინა 3 საათი, შემდეგ კი გამოუცხადა მეორე დღეს მისულიყვნენ.
სასახლიდან გამოსვლისას დელეგატებს შემოერტყნენ ჩეკისტები, რომლებმაც ისინი დაიჭირეს და სარდაფში ჩაჰყარეს. რამოდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში არავინ იცოდა დელეგაციის ბედი. 29 ოქტომბერს, საზოგადოებრივ აზრის დასამშვიდებლად, „რევ. კომიტეტის“ თავმჯდომარემ პრესაში განაცხადა, რომ არავითარი დელეგაცია არც გამოცხადებია და არც დაუჭერია მას.
ამავე დროს კომუნისტურ გაზეთებში დაიბეჭდა წერილები, რომლებიც მოითხოვდნენ ტერორის ზომებს მენშევიკების წინააღმდეგ.
31 ოქტომბერს თფილისმა შეიტყო, რომ მუშათა დელეგაცია იმყოფებოდა დატყვევებული მეტეხის ციხეში. ამ ამბავმა საერთო აღშფოთება გამოიწვია მცხოვრებთა შორის. პირველ ნოემბერს დილით თფილისის მუშებმა მიატოვეს სამუშაო. ყველა სამრეწველო დაწესებულებები, რკინის-გზები, ტრამვაი, ექსპედიცია და სხვ. დადგნენ.
გაიმართა მიტინგები. მხოლოდ რკინის-გზის სახელოსნოების მიტინგზე თავი მოიყარა 10 000 მუშამ. ყველგან მიღებულ იქნა აღშფოთების გამომხატველი რეზოლიუციები. პროტესტის ნიშნათ გამოცხადდა საერთო გაფიცვა ერთი დღით.
ამავე დღეს დატყვევებულმა დელეგაციამ გაუგზავნა ციხიდან „რევ. კომიტეტის“ თავმჯდომარეს ის მემორანდუმი, რომელიც მას 24 ოქტომბერს უნდა გადაეცა. მუშებმა მიმართეს მოქალაქეებს ორი არალეგალური პროკლამაციით, რომლებიც არკვევდა მომხდარ ამბებს.
3 ნოემბერს, სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 000 სტუდენტმა გამართა მიტინგი, რომელზედაც დაადგინეს სავსებით დაეჭირათ მხარი პროლეტარიატის მოთხოვნილებათათვის და ერთხმად მიიღეს ენერგიული საპროტესტო რეზოლიუცია.
მოძრაობის დასაცხრობათ ბოლშევიკები აწარმოებენ სასტიკ რეპრესიებს. 2 000 კაცამდე უკვე დატყვევებულია, მათ შორის მრავალი სოციალისტური მოღვაწე. კომუნისტური გაზეთები მოითხოვენ ტერორის გაორკეცებას. „პრავდა გრუზია“ სწერს: „მენშევიზმი გახურებულ რკინით უნდა ამოვწვათო...“
„პოპულერი“ დაასკვნის: „რა თქმა უნდა, „ჰუმანიტე“ სდუმს ქართველი ხალხის მიერ მის მჩაგვრელთა მიმართ წარმოებულ ბრძოლის წინაშე და ლაქიურად უშლის თავის ფურცლებს ყოველნაირ ტყუილებს, რომელთა მიზანს ამ ბრძოლის გაბახება და მოსკოვის მთავრობის ბოროტმოქმედებათა დამალვა შეადგენს!“
ასე ამხელენ ევროპის სოციალისტები თფილის-მოსკოვის პროვოკაციულ ჭორებს და საქვეყნოთ გამოაქვთ სიმართლე ქართველი პროლეტარიატის და მთელი ხალხის სასახელო ბრძოლის შესახებ. „ჰუმანიტე“-ები ვეღარ ბედავენ მოსკოვის ტყუილების დაცვას. საქართველოს წინააღმდეგ მიმართულმა პოლემიკამ, რომელშიაც წინათ თავის სამარცხვინოთ ჩაებენ ევროპის კომუნისტები, უკვე წაართვა მათ ამისი ხალისი.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას