სოხუმი ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ოდესმე იყო. ქართველთათვის აკრძალულ სივრცეში შეღწევას მრავალთაგან მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ფოტოკადრები, რომელზედაც ტკივილამდე ნაცნობი ფრაგმენტებია აღბეჭდილი, სოხუმიდანაა ჩამოტანილი... შეჩერებულ წამებში მასთან განშორების თექვსმეტწლიანი მონაკვეთი ჩატეულა თითქოს. ის ყრუ კედელიც იგრძნობა, ჩვენთვის აკრძალულ ქალაქსა და ჩვენ შორის რომ აღმართულა.
ბერიკაცი და ჩვენებური მტრედები
უპოვარი ეთქმოდა ბერიკაცს. ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე რუხი ფერის ლაბადა ეცვა, ზურგზე კი ტომარა ეკიდა. ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით დადიოდა. ხან დრამატული თეატრის წინ, ხანაც პარკში ნახავდით. როგორც კი გამოჩნდებოდა, მის გარშემო წრეს შეკრავდნენ ფრთოსნები. ზოგი ზურგზე წამოასკუპდებოდა, ზოგიც მკლავზე დაეკონწიალებოდა. იდგა მესვეტესავით, ხელს არ აუქშევდა, კმაყოფილი იმითაც, რომ ამქვეყნად რაღაც მისია ჰქონდა. არავინ იცის, ვინ იყო, საიდან მოდიოდა ან სად მიდიოდა, ვერც გაღიმებულს ნახავდით, ვერც ვინმესთან მოლაპარაკეს. მდუმარედ იყო! თავზე დატეხილ რაღაც უბედურებას ინახავდა საიდუმლოდ (ამას სოხუმისგან დაშორებული ვხვდები, თორემ იქ ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ).
ბერიკაცს, თითქოს მტრედების ენა ესმოდა, საათობით იდგა წრეში და მათ ღუღუნს აყურადებდა.
როდესაც ზღვისპირეთში, სიმშვიდე ტყვიების ზუზუნმა და ავტომატების კაკანმა დაარღვია, მტრედები გაქრნენ ალმოდებული ქალაქიდან. ქალაქში არც ის ბერიკაცი გამოჩენილა. ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრების სხვა ჩანახატივით, ომმა ისიც მუქი საშლელით წაშალა. გაუკაცრიელებულმა სანაპირო ქუჩამ სიხარული დაკარგა. ზღვაც გამუქდა და ავად დაიწყო ტორტმანი. ავი ჟამი დაუდგა ზღვისა და მტრედების ქალაქს...
ქაფურის ხეების სითბო
ვერაფრით გეტყვით, როდის და რა მიზნით დარგეს სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე ქაფურის ხეები. იმ ზამთარს, ნაომარ ქალაქში მოულოდნელად ხვავრიელად დადებულმა თოვლმა ქაფურის ხეები დაამძიმა, სანამ ჩამოსტყდებოდა, მერიის სამსახურმა ტოტები შეაჭრა. დანარჩენი სამუშაო პროსპექტელებმა შეასრულეს, - მსხვილ ტოტებს „დრუჟბით“ ხერხავდნენ, შემდეგ ჩეხდნენ და სარდაფებში ალაგებდნენ ისე, რომ ყველას შესძლებოდა მისი წაღება. ესეც ეპიზოდად შემორჩა მეხსიერებას, ქაფურის შეშის სითბომ რაღაცნაირად შეგვკრა, ჭირთათმენის ძალა შეგვმატა, ერთი უბნის მანამდე უცნობი ადამიანები ერთმანეთს დაგვაახლოვა.
თოვლი კი... სოხუმში ომიანობისას თითქოს ჭარბად იმიტომ მოვიდა, რომ ავკაცთა ბოროტი ნამოქმედარი დაეფარა, დანაპრალებულ საცხოვრისებზე ომის კვალი წაეშალა. ომი, თოვლი და ყინვა თითქოს გვცდიდა, გავუძლებდით თუ არა ერთმანეთის მიყოლებით მოვლენილ განსაცდელს, დავტოვებდით თუ არა სოხუმელები შიშის სიმბოლოდ ქცეულ სახლებს, რომლის კედლებშიც ყოველი დაბომბვის დროს შეიძლებოდა სიკვდილს დაესადგურა.
ომი ქართულად მეტყველებდა
აფხაზმა ბევრად ადრე გაიწვდინა ხელი რუსეთისკენ.
რუსეთმაც ბევრად ადრე ჩაუშვა ღუზა შავი ზღვის სანაპიროზე.
როდესაც ქართული ანბანი რუსულმა ჩაანაცვლა, რუსმაც შავი ზღვის ყურეებს დაადგა თვალი.
რუსულმა ენამ აფხაზსა და ქართველს შორის გაუცხოების კედელი აღმართა. ორი მოძმე ხალხის - აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობისთვის მესამე ენა გახდა საჭირო! ასე გაბატონდა რუსული.
ეროვნული მოძრაობის პერიოდში რუსული სკოლის პარალელური კლასები დაიხურა, ქართულ სკოლებს კი მოსწავლეები მოუმრავლდა.
ომის დროს... თითქოს ომამდელ შეცდომებს ასწორებდა ქალაქი... დიდი თუ პატარა, სამხედრო თუ სამოქალაქო, ქუჩასა და ტრანსპორტში ცდილობდა ქართულად ელაპარაკა.
ომის დღეებში სოხუმი ქართულ ენაზე მეტყველებდა. ომის ყველაზე დიდი პოზიტივიც ეს იყო!
„დაბრუნება"
შემდეგ ქალაქდაკარგულები იძულებით საცხოვრებელ ადგილებს ვერ შეეგუვნენ. დიდ ქალაქებში ჩაკარგულებმა ისევ თავიანთი ქალაქის ძებნა იწყეს.
ისე აღესრულა სოხუმელი თამაზ კვარაცხელია, - ვერ დავბრუნდებიო, - არ უთქვამს. მრავალქვეყანამოვლილს, არასოდეს გასჩენია სურვილი სხვა ქალაქში ეცხოვრა. როგორც კი ჩემს ქალაქში შემოვაბიჯებდი, თავს სხვა კაცად ვგრძნობდიო, - იტყოდა ხოლმე.
თბილისში სოხუმის ძებნა ფოტოაპარატით დაიწყო: როდესაც რომელიმე სოხუმელი გარდაიცვლებოდა, მალულად, ფირზე აღბეჭდავდა, იმათ სახეებს „აგროვებდა", ვინც მისი ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო.
ვერ გაუძლო ამდენი წლის უაფხაზეთობას, დევნილობას, მოლოდინს... 25 წლის სოხუმელი ბიჭის დაკრძალვაზე უმტყუნა გულმა.
ასე „დაბრუნდა" თავის სოხუმში.