მშვიდობის შენარჩუნებაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს - ნამდვილად ვერ შევწირავთ ვიღაცის ინტერესებს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“.
„დღეს ირაკლი კობახიძეს ექნება გამოსვლა, სადაც მკაფიოდ ილაპარაკებს საქართველოს ადგილზე, როლზე იმ მსოფლიო პროცესებში, რომელიც დღეს ხდება. ასევე, ილაპარაკებს ჩვენს პოლიტიკაზე. მშვიდობის შენარჩუნებაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს.
ამავდროულად, მინდა მივულოცო ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე და დარწმუნებული ვარ, რომ ის და მისი გუნდი „ხალხის ძალასთან“ ერთად შეძლებს იმ ამოცანის შესრულებას, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელიც არის მშვიდობის შენარჩუნება“, - აღნიშნა სუბარმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე, თუ ვის აწყობს იმავე პროცესების საქართველოში გადმოტანაც.
„ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში არის უდიდესი ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის. ძალიან ბევრი მოსურნე იყო, რომ ეს ტრაგედია საქართველოშიც დატრიალებულიყო. არც თუ დიდი ხნის წინ ბრიტანელი ეკონომისტი წერდა, რომ რუსეთს არ აქვს ძალა, არ ეყოფა რესურსი იმისთვის, რომ ორ ფრონტზე გაშალოს ბრძოლა და ამ რესურსების სიმცირეზე ლაპარაკი გრძელდება უკვე ორ წელიწად-ნახევარია, მაგრამ რაღაც ვერ ვატყობთ, რომ რუსეთს საომარი რესურსები ელეოდეს და საქართველოს ნამდვილად ვერ შევწირავთ ვიღაცის ინტერესებს.
სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ძალიან ხშირად შეიძლება ჩვენი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, იგივე უკრაინასთან დაკავშირებითაც არაერთხელ მოგვისმენია სერიოზული მაღალჩინოსნების განცხადებები შტატებიდან. წარმომადგენლები ერთსა და იმავეს ამბობენ, უკრაინის დახმარებით ვასუსტებთ რუსეთს, არცერთი ამერიკელი არ კვდება და სხვისი სიკვდილი რა გენაღვლებათო - პირდაპირ ასეთი განცხადებები იყო. ამბობენ, რომ 90% დახმარების აშშ-ში რჩება, იქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ვითარდება სახელმწიფო მრეწველობა, რაც კარგია თავად აშშ-თვის. დიახ, შეიძლება ეს კარგია ვიღაცისთვის, ვინც ფულს აკეთებ ამაზე, მაგრამ, დამღუპველია უკრაინისთვის და ასეთი დაღუპვისთვის საქართველოს ვერ გავიმეტებთ. ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ომში ჩათრევას შეძლებს, ეს არ მოხდება და ეს კარგად გამოჩნდება ხალხის არჩევანში, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება“, - განაცხადა სუბარმა.