ეკა სეფაშვილი: ენჯეო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ოღონდ, ეს მათ არ ეხებათ 

ეკა სეფაშვილი: ენჯეო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ოღონდ, ეს მათ არ ეხებათ 

„ძალიან სამართლიანი და ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, თუ რომელიმე გაერთიანება, ხალხთა ჯგუფი, პოლიტიკური პარტია ან რაიმე ასოციაცია აშკარად გამოხატულ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მათი ფინანსები გამჭვირვალე იყოს, რათა ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ძალა არ ჩაერიოს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობის მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ენჯეო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ოღონდ, ეს მათ არ ეხებათ. 

„თავისთავად ცხადია, რომ როცა რომელიმე ორგანიზაციას მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური მოტივები აქვს, მათი ფინანსების - შემოსავლებისა და გასავლების შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. სხვათა შორის, ეს მუხლი კანონში სწორედ ენჯეოების სავსებით სამართლიანი მოთხოვნით გაჩნდა, თუმცა, ალბათ ისინი არ მოელოდნენ, რომ ის მათაც შეეხებოდათ. ენჯეოები ფიქრობდნენ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია და ამ შემთხვევაში კი,  ძირითადად - მმართველი პარტია ჩაეყენებინათ ვითომდა არახელსაყრელ მდგომარეობაში („ვითომდას“ სპეციალურად ვამბობ, რადგან მმართველი პარტიის შემოსავალ-გასავლები ისედაც არ არის დამალული და ეს ყველაფერი საჯაროა), თუმცა, თუ ასეთი საჯაროობა უნდათ მმართველი პარტიისგან, კეთილი უნდა ინებონ და თავიანთი ფინანსები თვითონაც გაასაჯაროონ. 

ანუ, კანონი, რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად ეხება, ენჯეო სექტორის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ოღონდ, ისინი - არა, იმიტომ, რომ საზღვარგარეთული გრანტებით ნაკვები ორგანიზაციები არიან. რადგან საზღვარგარეთიდან, მათი პატრონებისგან შესდით თანხა, ამიტომ არ უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, სად მიდის მათ მიერ შემოტანილი თანხა? ცოტა არ იყოს, გაუგებარი მოთხოვნაა. თუ ისინი დემოკრატიულ მიზნებს და საზოგადოების განვითარებას ემსახურებიან, გამჭვირვალობის დაცვის მაგალითები პირველ რიგში, თვითონ უნდა იყვნენ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.