გადაუჭარბებლად ვიტყვი, ოთხშაბათს გიორგი ქინქლაძე სიკვდილს გადარჩა. აღარ მეგონა, ავარიის შემდეგ ასე სწრაფად თუ მიუჯდებოდა ხელახლა საჭეს, თუმცა, გუშინ მობილურ ტელეფონზე რომ დავურეკე, გიო თავის ძველ მანქანაში, „მერსედესში“ იჯდა.
- მოყინულ გზაზე პირველ სიჩქარეში გადავრთე, რადგან „ფერარი“ ძალიან მძლავრი მანქანაა, მაგრამ გვირაბში მაინც მოვსრიალდი და კედელს შევეჯახე. ჩემდა ბედად, „ფერარის“ დიდი ლუკი აქვს და რაკი მზიანი დარი იდგა, გახსნილი მქონდა. იმან გადამარჩინა, რომ უსაფრთხოების ღვედი არ შემიკრავს და ლუკიდან ამოვარდნილი კედელს ზურგით მივენარცხე. ბეწვზე ვარ გადარჩენილი. უსაფრთხოების ღვედი შეკრული არ მქონდა და ინგლისში თბილისური გამოცდილება გამომადგა. ამისთვის მადლობა ქართულ ავტოინსპექციას.
რამდენად სერიოზულად დაშავდი?
- ზურგზე მცირე, მაგრამ ბევრი ჭრილობა მქონდა და 30 ნაკერი დამადეს.
ფეხი ხომ არ გიტკენია?
- ფეხს ვინ ჩივის. კიდევ კარგი, ცოცხალი გადავრჩი.
მანქანა რა დღეშია?
- შეჯახების შემდეგ რამდენჯერმე გადაგორდა. კიდევ კარგი, მე არ დამეცა. აღარაფრად ვარგა, ახლა ჯართშია, მაგრამ დაზღვევა მაქვს და იმედია, ამინაზღაურებენ.
თამაშს როდის დაიწყებ?
- ალბათ შაბათსაც არ ვითამაშებ „ოქსფორდთან“, ნაკერები რომ არ გამეხსნეს.
რას იზამს „სიტი“ „ოქსფორდთან“, ეს მგონი, უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანია. ისედაც ცხადია, მანჩესტერლები წელსაც ვერ იბრძოლებენ პრემიერლიგაში დასაბრუნებლად.
ასეა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ კლარკმა განაცხადა - გვეშინია, ქინქლაძე არ წავიდესო. მართალია, გიოს იურიდიულად არსად წასვლის უფლება არ გააჩნია, მაგრამ კლარკის თქმით, რაკი წელსაც თითქმის იმედგადაწურულნი არიან, ქინქლაძის მოთხოვნას წასვლაზე წინ ვეღარ აღუდგებიან. თანაც, „სიტის“ ხელმძღვანელებს გიოსთვის სიტყვა აქვთ მიცემული, თუ პრემიერლიგაში ვერ დავბრუნდით, აღარ დაგაკავებთო. კლარკმა, ესაც რომ არ იყოს, უგულოდ მოთამაშე ფეხბურთელი არც ჩვენ გვჭირდებაო.
მოკლედ, ქინქლაძე სიკვდილს გადარჩა. გადარჩა „ფერარისა“ და ქართველობის წყალობით - ჩვენში ხომ კარგა ხანია უსაფრთხოების ღვედს აღარავინ ხმარობს.
გიოს ღმერთმა სიცოცხლე აჩუქა. ვინძლო მისი ახალი საფეხბურთო ცხოვრებაც აქედან დაიწყოს.