ამერიკელმა კინორეჟისორმა მელ გიბსონმა თავისი გახმაურებული ფილმის, ქრისტეს ვნებანის, გასაგრძელებლად მზადება დაიწყო. მედიის ცნობით, გიბსონი ფილმის გადასაღებად ადგილებს ევროპაში ეძებს. როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ რეჟისორი ჯერ მალტაზე იმყოფებოდა თავის გუნდთან ერთად, შემდეგ კი იტალიის სამხრეთით მდებარე უძველეს დასახლებებს, ჯინოზას, გრავინა-ლატერცას და ალტამურას, ეწვია.
მელ გიბსონის წარმომადგენელი ალან ნირობი ადასტურებს, რომ რეჟისორი გადასაღებად ადგილებს ეძებს, მაგრამ ამატებს, რომ ამ ეტაპზე "სათქმელი ბევრი არაფერია". ნირობის თქმით, ნაადრევია იმაზე საუბარიც, თუ ვინ ითამაშებს ქრისტეს ვნებანის გაგრძელებაში, რომელსაც, სავარაუდოდ, მკვდრეთით აღდგომა ერქმევა.
ბიბლიურ ისტორიაზე დაფუძნებული ქრისტეს ვნებანი, რომელიც ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა, გახდა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამოუკიდებელი კინოპროექტი; $30-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმის შემოსავალმა $612 მილიონს გადააჭარბა.
ქრისტეს ვნებანისთვის, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო საათებზე გვიყვება, სცენარი მელ გიბსონმა და ბენედიქტ ფიცჯერალდმა დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ნაწარმოებში დიალოგები მხოლოდ არამეულ, ებრაულ და ლათინურ ენებზეა, რეჟისორი კი ფილმის სხვა ენებზე გახმოვანების წინააღმდეგი იყო.
ქრისტეს ვნებანში სხვადასხვა ქვეყნის მსახიობები მონაწილეობდნენ. იესო ქრისტეს როლი ამერიკელმა ჯიმ ქევიზელმა ითამაშა, მარიამ ღვთისმშობელი რუმინელმა მაია მორგენშტერნმა განასახიერა, მარიამ მაგდალელი კი — იტალიელმა მონიკა ბელუჩიმ.
უჩვეულო კომერციული წარმატების და ოსკარის სამ ნომინაციაში წარდგენის მიუხედავად, ფილმმა მაყურებელი ორად გახლიჩა. მსახიობების შესრულებამ და რეჟისორის ნამუშევარმა მოწონება კი დაიმსახურა, მაგრამ ნაწილმა ფილმი ძალადობის დაუფარავი სცენებისთვის გააკრიტიკა; ზოგმაც, შინაარსის გამო, მელ გიბსონი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
ქრისტეს ვნებანის გაგრძელებაზე ხმები პირველად 2016 წელს გავრცელდა, როცა სცენარისტმა რენდალ უოლესმა განაცხადა, რომ მან და გიბსონმა პროექტზე მუშაობა დაიწყეს. 2018 წელს ჯიმ ქევიზელმა თქვა, რომ გიბსონმა მას სცენარის მესამე ვარიანტი გაუგზავნა. სწორედ ქევიზელისგან შევიტყვეთ მოგვიანებით, რომ პროექტს ქრისტეს ვნებანი: მკვდრეთით აღდგომა ერქმევა.