თამარ მეფის საფლავის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს. ისტორიკოს ჯაბა სამუშიას აზრით, საიდუმლოს მალე ნათელი მოეფინება.
ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი: - 2009 წლის 4 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში არქეოლოგიური გათხრისას დიდგვაროვანი ქალის საფლავი აღმოაჩინეს. მედიასაშუალებებმა ის თამარ მეფის საძვალედ შერაცხეს და ატყდა დიდი ამბავი. მათი წყალობით თავადაც გაუგებრობაში მოვყევი. ვეღარავის ვუმტკიცებდი, რომ თამარ მეფის საფლავის პოვნა ბაგრატის ტაძარში შეუძლებელია, რადგან საწინააღმდეგოს ღაღადებენ ისტორიული წყაროები. ამის შემდეგ დავიწყე კვლევა, სად უნდა გვეძებნა თამარ მეფის საფლავი.
ბაგრატის ტაძარში იმ დიდგვაროვანი ქალის საფლავი ადრეული შუა საუკუნეებისა აღმოჩნდა. ის უთუოდ ეგრისის მეფეთა ოჯახიდან უნდა ყოფილიყო, რადგან საფლავი მართლაც მდიდრული იყო.
პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ თამარ მეფის საფლავი გელათშია. ამ თემას კვლევაც მივუძღვენი, რომელიც გადმოცემულია წიგნში "თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება". შეიძლება კადნიერებაში ჩამითვალოთ, მაგრამ ნამდვილად ვიცი თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი.
მაინც რის საფუძველზე?
- არსებობს ისტორიული წყაროები, საიდანაც ვიგებთ, რომ ქართველმა ერმა XIII საუკუნეში თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი იცოდა. ამას წერენ კიდეც თამარ მეფის დროინდელი ისტორიკოსები: "წაიყვანეს სამკვიდრებელსა მასსა გელათს და დამარხეს სამარხავსა პატიოსანსა", - გვამცნობს "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი".
იმავე ეპოქის მეორე მემატიანე ბასილ ეზოსმოძღუარი (იხ. "ცხოვრება მეფეთმეფე თამარისა") პირდაპირ აღწერს თამარის დაკრძალვას: მეფე ჯერ მცხეთაში დაასვენეს, რადგან დიდთოვლობის გამო მისი გადაყვანა გელათში შეუძლებელი იყო და მოგვიანებით გადაასვენეს გელათში. მემატიანე გვეუბნება: "მაშინ უკვე აღმოიყვანეს და მცირეთა შინათ დღეთა მცხეთად დადვეს. და მერე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისთა შინა სამარხოსა".
ჩანს, ამის დამწერი თავად ესწრებოდა ამ პროცესიას. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეც გვატყობინებს, რომ თამარი გარდაიცვალა "თვესა იანვარს 12-სა, დღესა ოთხშაბათსა, დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა". გარდა ამისა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტიც, შედგენილი 1260-1267 წლებში, სადაც ვკითხულობთ, რომ დავით ნარინის მეუღლე თამარმა გელათის მონასტერს შესწირა შესაწირი და იქვეა ჩამონათვალი, თუ ვისთვის კეთდება ეს:
"დავითის მწირველისა ანტონისათვის, დიდისა მონასტრისა წინამძღვრისა, პატრონთა მწირველისა იოანესათა, პატრონთა გამზდელსა და თამარის მწირველისა ილარიონ თავნელისა".
თამარის საფლავი რომ გელათშია, ადასტურებს ლაშა-გიორგის მემატიანეც და XIII საუკუნის მეორე ნახევარში შედგენილი სიგელიც.
კიდევ ერთი ფაქტის მოყვანა შემიძლია: 1619 წელს მოსკოვს ეწვია საქართველოს მეფე-მთავართა გაერთიანებული ელჩობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კუმურდოს მონასტრის იღუმენი ხარიტონი. საელჩო პრიკაზში წარდგენის შემდეგ მას მოუწია ახსნა-განმარტების მიცემამ არაერთ საკითხზე, მეტიც, თეიმურაზ პირველის ადგილსამყოფელზეც.
ელჩმა წარადგინა თეიმურაზ პირველის რუსეთის მეფისადმი მიწერილი წერილი, სადაც ეს უკანასკნელი იტყობინებოდა, - ვარ ბაში-აჩუკთა ქვეყანაში, სადაც დინარა დედოფლის საფლავიაო. დინარა დედოფალი რუსეთშივე შეთხზული ლეგენდების მიხედვით თამარ მეფის პროტოტიპია. რუსეთის გაერთიანების პერიოდში შეიქმნა ქრისტიან მეფე ქალზე ლეგენდა, რომელიც ძლიერ მონარქიულ სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა ივერიის ქვეყანაში.
ერთხელ თვით ივანე მრისხანემ მოუწოდა ლაშქარს, მიბაძეთ დინარა დედოფალსა და მის ლაშქარსო. აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ XVII საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ იცოდნენ თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი.
მაშინ რას ეფუძნება თამარის საფლავის გადამალვისა და დაკარგვის ვერსია?
- 1510 წლამდე გელათის მონასტრისათვის ხელი არავის უხლია. ეს იყო საკმაოდ დიდი კომპლექსი და იმ ტერიტორიასაც მოიცავდა, რომელიც გელათს გარს ერტყმის. მონასტერი დიდი სიმდიდრის მფლობელიც იყო. 1509-1510 წლებში დასავლეთ საქართველოში შეიჭრა თურქ-ოსმალთა ლაშქარი, რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ, სამცხე-საათაბაგოდან ქართველები შემოუძღვნენ. ქუთაისი ერთიანად ააოხრეს. მემატიანე გვაწვდის ორ ფაქტს: "აღიღეს ქუთაისი და დაწვეს, დაანგრიეს გელათი".
ეს იყო მარბიელი ლაშქრობა. გელათიდან ხელისგულივით მოჩანს ქუთაისი, რომელიც მემატიანის გადმოცემით ცეცხლის ალში იყო გახვეული. შეუძლებელია, ქართველებს დავითისა და თამარის საფლავები არ გადაემალათ. ცხადია, შორსაც ვერ წაიღებდნენ და სადმე, იქვე დამალავდნენ. ვფიქრობ, ამ ფაქტმა მისცა ბიძგი ისეთი ლეგენდების შექმნას, რომლებიც უფრო მტრის კვალის ასაბნევად იყო გამიზნული.
თურქთა ლაშქრობის შემდეგ დადგა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მეფობის ხანაც, რომელმაც გელათის მონასტერი კვლავ ააღორძინა. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია, ამიტომაც არის, რომ გელათის კედელზე დავით აღმაშენებლის ფრესკის გაყოლებაზე ბაგრატ III-ის ოჯახის ფრესკაც არის.
ვფიქრობ, ბაგრატ III-ის მეფობის დროს იმ შემთხვევაში თუ წმინდა ნაწილები გადამალული იქნებოდა, მათ დააბრუნებდნენ გელათში. მაგრამ მე უფრო იმ აზრს ვიზიარებ, რომ მას შემდეგ, რაც დავით და თამარ მეფეები წმინდანად შერაცხეს, მათ ტაძრის საკურთხეველში გადაასვენებდნენ. ჩემი აზრით, თამარის საფლავიც საკურთხეველში უნდა იყოს. ამიტომაცაა ცარიელი დავითის საფლავი მონასტრის კარიბჭეში, ხოლო თამარის - მისავე სახელობის ეკვდერში (გელათის ტაძრის სამხრეთ მინაშენი).
1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში არქეოლოგიური გათხრა დაიწყო იმ იმედით, რომ თამარ მეფის საფლავს აღმოაჩენდა. თამარის ეკვდერში ორი საფლავი დახვდათ, ექვთიმემ ერთის გახსნა მოასწრო, სადაც იმერეთის დედოფალი, თამარი აღმოჩნდა. მეორისა კი - ვერა. ბინძური კამპანია წამოიწყეს, ძვირფასეულობის ძებნა დასწამეს და ექვთიმემ ხელი აიღო დაწყებულ საქმეზე.
ვფიქრობ, გაცილებით დიდი მადლია წმინდა ნაწილების თაყვანისცემა, ვიდრე მისი საფლავის გასაიდუმლოება.
გელათის აკლდამა ქართული ეკლესიის ნებართვითა და ზედამხედველობით, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა გაიხსნას (უნდა გაიხსნას როგორც თამარის სახელობის ეკვდერი, ასევე საკურთხეველიც). ჩემი აზრით, თამარ მეფის საფლავი სწორედ ტაძრის საკურთხეველში აღმოჩნდება.
საზოგადოდ, ქართველი მეფეების თემა (განსაკუთრებით - დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის, ბაგრატ მესამის) საბჭოთა პერიოდში დახურულიც კი იყო. მაგალითად, როინ მეტრეველმა 60-იან წლებში გამოსცა ვრცელი მონოგრაფია დავით აღმაშენებელზე, რის გამოც საბჭოთა იდეოლოგებმა ის ისტორიკოსთა "შავ სიაში" შეიყვანეს და კრიტიკული წერილებიც მიუძღვნეს.
სხვათა შორის, ამ ფაქტმა როინ მეტრეველის პოლიტიკური კარიერა დაასამარა, მას მჟავანაძის შემდეგ ცეკას მდივნობის კანდიდატად მიიჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამავე პერიოდში ბატონ როინ მეტრეველს დაწყებული ჰქონდა თამარ მეფის მოღვაწეობაზე მუშაობა, ამ მონოგრაფიამ 80-იან წლებამდე მზის სინათლე ვერ ნახა. საერთოდ, ეს მოსაზრება ისტორიკოსებში მეტად პოპულარული იყო, საზოგადოებისთვის კი ნაკლებად ცნობილი, რაც საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიით იყო განპირობებული, რომელიც ეროვნული სულის ამაღლებას ეწინააღმდეგებოდა.