პროფესორი ოთარ ჯანელიძე თავის სტატიაში “საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი” მიუთითებს, რომ ნიკო ნიკოლაძე ექვსჯერ წარსდგა დამფუძნებელი კრების დეპუტატების წინაშე (იგი დეპუტატი იყო 1919 წლის თებერვლიდან, 1920 წლის 9 ნოემბრამდე, რის შემდეგ მან უფლებამოსილება მოიხსნა ჭიათურის მანგანუმის საქმეზე ლონდონში დიდი ხნით წასვლის გამო - ვ.შ.) და ძალზე საინტერესო იდეები გაახმოვანა, მაგალითად: კონცესიების ცნობილ უცხოურ ფირმებზე გაცემის შესახებ მთავრობის კონტროლით და მეწილეობით, საქართველოს რკინიგზის ელექტროენერგიაზე გადაყვანის (ელექტროფიკაციის) თაობაზე, ნავთობის შემოტანის ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ბაქოს ავლით (გროზნო-შავი ზღვის ნავთობსადენი), მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების შესახებ, ჰიდროელექტროსადგურების (უწოდებდა “წყალსადგურს”) აგების შესახებ ყვირილაზე და ენგურზე, ფეროშენადნობთა ქარხნის აგების თაობაზე ქ. ფოთში (ნიკო ნიკოლაძეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასგან ჰქონდა მინიჭებული რესპუბლიკის სახელით მოქმედების სრული უფლება საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში). დღევანდელი საქართველოსთვისაც ძალზე საყურადღებოა მის მიერ წარმოთქმული შეგონებანი: “სანამ არ მოვახერხებთ ისე მოვაწყოთ საქმე, რომ მეტი ღირებულების საქონელი გავიტანოთ, ვიდრე შემოვიტანოთ, მანამდე ჩვენი ვალუტა იქნება სუსტი და დაცემული (2013 წლამდე საქართველოს შემოჰქონდა 4-ჯერ მეტი პროდუქცია, ვიდრე გაჰქონდა - ვ.შ.), “შრომის ეკონომია მოითხოვს, ვაწარმოოთ ვთესოთ და მოვიყვანოთ ის, რაც მეტ მოგებას მოგვცემს”, “როცა არ გვაბადია წარმოება და არც შემოსავალი, ვერ გვიხსნის ვერავითარი გადასახადი. წარმოების გაჩაღება არის ერთადერთი ჩვენი ხსნა, უნდა მოვახერხოთ, გარეთ მეტი გავიტანოთ გასაყიდი, ვიდრე უცხოელს ვთხოვთ საყიდ საქონელს - სანამ მოსატანი (ე.ი. იმპორტი) მეტი გვექნება, ვინემ გასატანი (ე.ი. ექსპორტი-ვ.შ.)მონობას ვერ ავცილდებით”.
მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობისთვის (1918-21 წ.წ.), ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის (1988-91 წ.წ.) და თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს მესვეურებისთვის ძალზე საინტერესო იქნებოდა (თუ შეისწავლიდნენ და გაიზიარებდნენ მას) და იქნება ნიკო ნიკოლაძის ხედვა, თუ როგორ ხორციელდება საზოგადოებრივ- პოლიტიკური გარდაქმნები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და რაში მდგომარეობს მისი ფილოსოფია.
ნიკოლაძის სამართლიანი მოსაზრებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არაა ისეთი ხალხი, რომლის საზოგადოებრივი წყობილება შეიძლება ჩათვლილიყო იდეალურად ან დამაკმაყოფილებლად მაინც. უფრო ცივილიზებული და ბედნიერი ხალხები - ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელები, - სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, იტანჯებიან საზოგადოებრივი და ეკონომიკური ურთიერთობების მოუწესრიგებლობით. მათ შეგნებული აქვთ, რომ თანამედროვე საზოგადოებრივი ურთიერთობანი არ უნდა იყოს მარადიული, რომ უნდა მივისწრაფოდეთ უფრო სამართლიანი წესრიგისაკენ, საზოგადოებრივი მოვალეობისა და უფლებათა უკეთ განაწილებისაკენ. ნიკოლაძის აზრით ახლანდელი წყობილებით უკმაყოფილება და ადამიანთა ურთიერთობის სფეროში “საზოგადოებრივი ჰარმონიის” დამყარებისაკენ მისწრაფება ყველა ხალხის თვისებაა, განურჩევლად ქვეყნის პოლიტიკური წყობის და მართვის ფორმისა.
როგორ ხდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარდაქმნები ამა თუ იმ ქვეყანაში და რა უძღვის მას წინ?
ნიკოლაძის გონივრული დაკვირვებით, კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა მაგალითი, რომ თუნდაც ერთი რომელიმე ოდნავ სერიოზული ცვლილება ხალხის ბედში (იგულისხმება მხოლოდ საზოგადოებრივი ვითარების შეცვლა ომის გარეშე) მომხდარიყოს ახალი მოძღვრების (იგივე იდეოლოგიის - ვ.შ.) გარეშე ანდა პროპაგანდის მხოლოდ პრაქტიკული, უარმყოფელი, მხარეების ძალით. ნიკო ნიკოლაძეს აქ მაგალიად მოჰყავს საფრანგეთის დიდი რევოლუცია. სანამ ეს რევოლუცია მოხდებოდა, ბასტილია დაეცემოდა, “მთელი საუკუნე მიეძღვნა არა მარტო “ძველი წესწყობილების” ულმობელ კრიტიკას, არამედ იმ ახალი წესწყობილების სერიოზულად შექმნას, რომელსაც უნდა განეახლებინა საფრანგეთის ხალხის ცხოვრება: “დაბოლოს, უნდა გავიგოთ, საფრანგეთის რევოლუცია დიდია არა დაღვრილი სისხლის რაოდენობით და გამარჯვებებით, არა ბრბოს მძვინვარებით, არამედ იმ “კოდექსებით”, რომელმაც არსებითად შეცვალეს საფრანგეთის ეკონომიური, პოლიტიკური, ზნეობრივი ყოფა და ხასიათი. ხოლო ამ კოდექსებში, რომლებიც ახლა მიღებულია მთელი ევროპის მიერ, არ არის არც ერთი სტრიქონი, არც ერთი მუხლი, რომელიც რევოლუციამდე ნახევარი საუკუნით ადრე არ ყოფილიყოს მოფიქრებული და დამტკიცებული მეცნიერების ანდა ლიტერატურის მიერ. იმ ადამიანთათვის, რომელთაც წარმოდგენა აქვთ ისტორიის შინაგან მხარეზე, დიდი ხანია ნათელია, რომ საფრანგეთის რევოლუცია შექმნილი იყო არა ბარიკადებით, არა ვერსალის სახლის დატყვევებით, არამედ ბევრად უფრო ადრე, როდესაც მონტესკიემ, ენციკლოპედისტებმა, ვოლტერმა, რუსომ და სხვებმა თავიანთ ნაწარმოებებში მთელი იმ წყობილების უკიდურესი წვრილმანებიც კი შექმნეს, რომელსაც უნდა შეეცვალა ძველი უწესივრობანი და რაც განხორციელდა კონვენტის “კოდექსებით”. მხოლოდ მაშინ, როდესაც თეორიულად იყო დამუშავებული საზოგადოებრივი ურთიერთობის ახალი წესები, შესაძლებელი გახდა საზოგადოებისა და ხალხის ამხედრება წინანდელი ცხოვრების შეცვლისათვის საბრძოლველად... რაკი გამოგონილია ახალი წყობილება, ძველმა უცილობლად, ადრე თუ გვიან, ადგილი უნდა დაუთმოს მას”.
ანუ რა შემთხვევაში მოაქვს რევოლუციას დადებითი შედეგი? ნიკოლაძე აკონკრეტებს, რომ “ფიქრი იმაზე, რომ რევოლუცია შეიძლება უწოდო მხოლოდ ნგრევას და არა შეცვლას არსებული პოლიტიკური ორგანიზაციისას, ნიშნავს უდიდეს შეცდომას. ნგრევა ახლის შექმნის გარეშე არ არის რევოლუცია. ანარქიას ყოველთვის მივყავართ რეგრესიამდე და არა პროგრესამდე. ერთი რეჟიმის შეცვლა მეორეთი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სათანადოდ მომზადებული იქნება პროგრამა და გეგმა, აგრეთვე კადრები ახალი ხელისუფლებისათვის”.
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1988-91 წ.წ.) და მის შემდგომ პერიოდში მოსულ ხელისუფალთა უდიდესი მინუსი, შეცდომა (გინა უბედურება) ის იყო და არის, რომ არ გაითვალისწინეს ნიკოლაძის ეს უგონიერესი თეზა (აკაკი ბაქრაძის გარდა ნიკოლაძის ნაწერებს არავინ იცნობდა). გულუბრყვილო, რომანტიკული წარმოდგენა, რომ “მთავარია დამოუკიდებლობა და მერე ვნახოთ”, რომ თურმე “საქართველოს “ბორჯომი” ხილი, ღვინო, ციტრუსები და კურორტები შეინახავენ”, კრახით დასრულდა.
ანალოგიური შეცდომა განმეორდა 2003 წელს ე.წ. “ვარდების რევოლუციის” დროსაც, როცა წინასწარმა მოუმზადებლობამ - ავტოკრატიული რეჟიმის შექმნამდე და სამხედრო-ტერიტორიულ კატასტროფამდე მიგვიყვანა. საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის თავგადადებული მცდელობის შედეგად ეს ავტოკრატიული რეჟიმი მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალა, თუმცა, თუ არ იქნა შემუშავებული ახალი პროგრამა და მომზადდა ახალი კადრები, ეს უდიდესი მონაპოვარი შეიძლება წყალში ჩაიყაროს (არადა ამ ეროვნულ პროგრამაზე, იდეაზე, იდეოლოგიაზე ბევრს აქვს ნაფიქრი და ნაწერი. მაგალითად ვასო კუკუნაშვილის რომან-ეპოპეას “ჯვარი პატიოსანს” დავასახელებთ, სადაც კარგადაა ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა უპატრონოს ერმა თავის თავს თუნდაც გლობალიზმის ეპოქაში, ასევე პაატა იაკაშვილის “ეროვნული იდეა”, გიორგი მჭედლიშვილის “რა არის ისტორია?” და სხვ. ამ ყველაფერს გაცნობა, დამუშავება და გამოყენება სჭირდება აუცილებლად).
ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით ნიკო ნიკოლაძე აყალიბებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარდაქმნების განხორციელების ძალზე უბრალო და გენიალურ ფორმულას: “ელაპარაკეთ რომელიც გნებავთ ღარიბს და უმტკიცეთ მას, თუნდაც მთელი წელიწადი, რომ მისი ფარღალალა ქოხი ოდნავადაც ვერ გაუძლებს ვერც არქიტექტურულ და ვერც ჰიგიენურ კრიტიკას. ვერავითარ არგუმენტით ვერ დაუმტკიცებთ მას, რომ უმჯობესია მიატოვოს ქოხი და იცხოვროს ღია ცის ქვეშ. მაგრამ აუხსენით ამ ღატაკს, რომ იმ მასალებიდან, რომლებიც მას გააჩნია, შესაძლებელია ახალი ქოხის აგება, დაუმტკიცეთ მას, რომ ეს შესაძლებელია და სასარგებლოა, ასწავლეთ მას როგორ ააგოს და რა აკეთოს, და იმ წუშივე გაგიგებთ. მაგრამ ის მაშინაც არ დაანგრევს თავის ქოხს, თუ სულელი არაა, ხოლო სულელები ისევე ცოტაა ქვეყანაზე, როგორც გენიოსები. ის ჯერ ააგებს ახალ სახლს, ხოლო შემდეგ კი, თუ მისი ქოხი არ გამოდგა ბოსლად ან ძველმანთა შესანახ საკუჭნაოდ, დაანგრევს მას და მთელი თვის განმავლობაში გამოიყენებს ახალი სახლის გასათბობ შეშად. ეს ტრივიალური მაგალითი შეადგენს გამოუკლებლივ ყველა საზოგადოებრივ გარდაქმნათა ფილოსოფიას”. (აქვე უინტერესო არ იქნებოდა ჭაბუა ამირეჯიბის რომანის “გორა მბორგალის” მთავარი გმირის მამის, ერეკლე კარგარეთელის შეგონებანი რევოლუციისა და რევოლუციონერთა შესახებ: “რევოლუცია დრომოჭმულის აგონია, დასანგრევის ნგრევაა. მის ბელადად კი ისეთი კაცი მოდის, ვისაც ახლის შენების ჟინი ბუნებით არ გააჩნია , ან ამ ასპარეზზე ხელი აქვს მოცარული, მაგრამ კარგად აქვს შესწავლილი მასების პოლიტიზების, მათი დამუხტვისა და ამოძრავების ხერხები. ახლის შექმნა ტალანტია. დრომოჭმულის ნგრევა - სტიქია, ვითარების გამოყენების ცხოველური ინსტინქტია. ხელმოცარულებს თვითდამკვიდრების წყურვილი რევოლუციური ასპარეზისაკენ მიერეკება, რადგან მათი ადამიანური თვისებები და შესაძლებლობები ნგრევის უნარით ამოიწურება. მათ ძალუძთ მოახდინონ რევოლუცია, ანუ დაანგრიონ დრომოჭმული, მაგრამ არ შესწევთ უნარი, ააგონ სისტემა, ააშენონ სახელმწიფო, რადგან ახლის შექმნა შემოქმედებაა და მათ კი ეს მადლი არ გააჩნიათ. კაცობრიობის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მაგალითი, რევოლუციის ბელადს ძველის დანგრევის შემდეგ ახალი სისტემა თავადვე აეგოს, ეს სხვათა ხვედრია, მათ შემდეგ მოსული კაცებისა. რევოლუციონერები გამარჯვების შემდეგ ერთმანეთზე იწყებენ ნადირობას... ახალ რელიგიებსა თუ იდეოლოგიებს პარანოიკები ამკვიდრებენ. მასას პარანოიკისა მეტად სჯერა, ვიდრე ბრძენისა (თუნდაც ნიკოლაძისა - ვ.შ.), მიჰყვება მას, ამკვიდრებს პარანოიკსაც, მის მოძღვრებასაცა და ყოველივე ეს ქურუმთა თვალთმაქცობით თავდება.
საბოლოოდ ნიკოლაძე დაასკვნის, რომ ყველა მოძრაობა, რომელიც დაყრდნობილი არ იქნება საქმის ამ “შემოქმედებით” ანდა პოზიტიურ მხარეზე, არამედ მხოლოდ უარმყოფელ მხარეზე, და არ დაეყრდნობა მომავალი საზოგადოებრივი წყობილების შესახებ მასის თუნდაც ინტელიგენტური ნაწილის გააზრებულ წარმოდგენას, და დაეყრდნობა მხოლოდ ხალხში არსებულ უკმაყოფილებას, განწირულია და მისი დამარცხება გარდაუვალია: “იმარჯვებენ მძაფრი და მშვიდობიანი გარდაქმნები, რომლებიც მისწრაფებათა დადებით მხარეზე არიან დაყრდნობილი. ვერ იმარჯვებენ ვერც მძაფრი და ვერც თანდათანობითი გარდაქმნები, რომლებიც დაყრდნობილია მხოლოდ არსებული წეს-წყობილების არადამაკმაყოფილებლობის შეგნებაზე”.
ნიკოლაძე მიუთითებს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარდაქმნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი უნდა იყოს აზრის თავისუფლება (განსაკუთრებით ოპოზიციური აზრის) და განსხვავებული შეხედულებების პაექრობა, რომელსაც ის “პარტიობას” ეძახის (თანამედროვე ტერმინოლოგიით - პოლიტიკური პლურალიზმი). იგი ამ ყოველივეს ძალზე სასარგებლო მოვლენად მიიჩნევს, რომელიც ხელს უწყობს საღი აზრის დახვეწას და გამარჯვებას, ხალხის პოლიტიკური კულტურის ამაღლებას: “ქვეყნის და ხალხის ცხოვრებაში “პარტიობა”, როცა ეს პარტიობა აზრების უთანხმოებაზედ და საზოგადო მიზნის წინააღმდეგობაზეა დამყარებული - მეტისმეტად სასარგებლოა ორი მხრით: ერთი მით, რომ მოწინავე პირების ბრძოლა ხალხს აჩვევს აზრების გაგებას, შეთვისებას და შეყვარებას. მეორე მით, რომ მოწინავე თავების შეტაკების დროს, თვითონ სადავო აზრი სწორდება. უმჯობესდება და ღრმავდება. როცა ორი აზრი ერთმანეთს ებრძვის, ორივეს, რასაკვირველია, თავისი მომხრენი ეყოლება, მაგრამ მათი შეტაკების დროს ორივე ეს აზრი შალაშინდება, და თითოეულ მათგანს ათასჯერ უფრო მეტი გამგები და დამხმარე შეეძინება, ვინემ იმ დროს, როცა ეს აზრები შეუტაკებლად მათი გამომგონის ჭკუაში იმყოფებოდნენ. ამ აზრების შეტაკებას ქვეყნისთვის არასოდეს არ შეუძლია ვნების მოტანა, იმიტომ, რომ ხალხი მარტო იმას მიიღებს ამ აზრებიდან, რაც მის ჭკუას, გარემოებას და მდგომარეობას ეთანხმება ან მოუხდება. ხალხში კი აზრი მარტო მაშინ ვრცელდება ან ძლიერდება, როცა თვითონ აზრი სწორი და სასარგებლოა”.
ვინაიდან ქართული სახელმწიფოს გონივრული და სტაბილურად მოწყობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ურთიერთობას რუსეთის სახელმწიფოსთან, უთუოდ საინტერესოა, თუ როგორ უყურებდა ნიკო ნიკოლაძე რუსულ-ქართულ ურთიერთობებს და მათ მომავალს.
ახალგაზრდობაში, პეტერბურგში სწავლის და ევროპაში ყოფნის წლებში ნიკოლაძე, როგორც ახალგაზრდა, მებრძოლი გული, რადიკალურად იყო განწყობილი რუსეთის იმპერიის მიმართ. “ახალი თაობა... ამბობს: რუსეთს არავითარი უფლება არა აქვს იბატონოს იმ ქვეყანაზე, რომელსაც სურს თვითონ იყოს თავისი ბატონ-პატრონი და თვითონვე გაუძღვეს საკუთარ საქმეებს” (“მთავრობა და ახალი თაობა”), მაგრამ 1863 წლის პოლონეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობამ რუსთა მიერ და ჩერქეზთა ტრაგედიამ იგი მალე დაარწმუნა, რომ აგრესიულ რუსეთთან ურთიერთობაში სიფრთხილე იყო საჭირო, რათა ჩვენს მცირერიცხოვან ერს ფიზიკური არსებობა შეენარჩუნებინა. ჯერ კიდევ 21 წლის ახალგაზრდა მიხვდა, რომ ეროვნულ მისწრაფებათა გადაჭარბება რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სასაკლაოზე უკრავს თავს პოლონელებივით და ჩერქეზებივით.
როცა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად საქართველოს აჭარა დაუბრუნდა, ქართველი მოღვაწეები უფრო ლოიალურნი გახდნენ რუსეთის მიმართ - უქვეშევრდომილესი გრძნობების გამოვლენით იმავდროულად ეროვნული საქმეების კეთების უფლების მიღებას ცდილობდნენ (ეს იყო ერთგვარი იძულებითი გაორება ამ მოღვაწეების. ამან აიძულა ილია, რომ 1896 წელს მილოცვის დეპეშა გაეგზავნა ტახტზე ახლად ასულ ნიკოლოზ II-სადმი, ნიკო ნიკოლაძე კი მონაწილეობდა ალექსანდრე III-სა და რევოლუციონერ-ნაროდნიკების დროებითი ზავის მისაღწევად გამართულ მოლაპარაკებაში). თავის ვრცელ ნარკვევში “იაპონიის ბრძოლა ჩინეთთან”, ნიკო ნიკოლაძე მიუთითებდა, რომ რუსეთი ევროპასთან კონფრონტაციაში კი არა, არამედ პარტნიორულ ურთიერთობაში უნდა შევიდეს და იქიდან გადმოიღოს ყველაფერი პოზიტიური: “რუსეთს ევროპასთან სადავი-დარაბო, საბრძოლი, არა აქვს რა, არც არაფერს ხეირს დააყრის ევროპასთან ქიშპობა, ევროპასთან შედარებით, ევროპასთან შეტაკებაში, ის ყოველთვის ყოფილა და იქნება უკან ჩამორჩენილ, უკუდამხევ მხარედ. რუსეთი ევროპას მარტო იმ მხრით უნდა ეხებოდეს, რომ განათლებას და განათლების იარაღს იღებდეს მისგან. ევროპა რუსეთისთვის არსენალად უნდა იყოს, რომლისგანაც იმას მზა-მზარეული ცოდნა, სინათლე, იარაღი და თესლი გამოაქვს, თავისი თვალუწვდენელი და ხელუხლებელი მინდვრების დასამუშავებლად, თავისი უთვალავი და უჩინარი ხალხის ცხოვრებაში სინათლისა და კეთილდღეობის შესატანად”.
ნიკო ნიკოლაძე რეალისტი იყო და კარგად ხედავდა რუსეთის სამხედრო სიძლიერეს, უზარმაზარ ტერიტორიას და ბუნებრივ სიმდიდრეებს, ქართველობის შიშნარევ და ხშირად ლოიალურ განწყობას რუსეთის მიმართ და ფიქრობდა, რომ ჯერ შიგნიდან გაძლიერებულიყო და მოწყობილიყო, გამრავლებულიყო ქართველი ერი, ეკონომიკურად აღორძინებულიყო რუსული რესურსებით, მიეღო რეალური თვითმმართველობა და ავტონომია და თუ მშვიდობიანად მოხდებოდა რაიმე საქართველოს თავისუფლების მიმართულებით, ისტორიული ძვრების წყალობით, მაშინ ქართველ ხალხს შეიძლება ესარგებლა ამ ნაბოძვრით.
1894 წელს ნიკოლაძემ “მოამბის” მე-10 წიგნში გამოაქვეყნა სტატია “მოსალოდნელი ცვლილებები”, რომელშიც ასაბუთებდა, რომ დღეს მსოფლიოში სამი დიდი სახელმწიფო არსებობსო - დიდი ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი. ამ სამიდან მან დიდი ბრიტანეთი ჩათვალა ყველაზე სუსტად - რადგან მალე იგი ვეღარ შეძლებს თავისი დიდი კოლონიების მართვას და ისინი თავს დააღწევენ მის ბატონობასო, შედეგად ბრიტანეთი დასუსტდება და წამყვანი ქვეყნის სტატუსს დაკარგავსო. რუსეთის უპირატესობად ნიკოლაძე მიიჩნევდა იმას, რომ ყველა კოლონია მასვე ესაზღვრება, რაც აიოლებს მათ მართვას და დამორჩილებას, ყოველგვარი ბუნებრივი სიმდიდრე ადგილზე მოეპოვება. თუ რუსები გონივრულად მოაწყობენ ეკონომიკას, რუსეთს მეტოქე აღარ ეყოლება მომავალში.
ნიკოლაძის აზრით აშშ, რომლის ლოზუნგია “ამერიკა ამერიკელებისთვის” მდიდარი, ახალგაზრდა და თავისუფალი ქვეყანაა. მალე ისინი ევროპის ქვეყნებს ამერიკის კონტინენტიდან გააძევებენ და მთელ კონტინენტს დაეპატრონებიან, ყველას აჯობებენ. ნიკოლაძის დასკვნით XX საუკუნე აშშ-სა და რუსეთის საუკუნე იქნებაო, რაც ახდა კიდეც ზუსტად - მეორე მსოფლიო ომის მერე.
ნიკოლაძე თვლიდა, რომ თავისი ძალებით საქართველო ვერასოდეს დაიხსნიდა თავს რუსეთის კლანჭებისაგან, ამიტომ დამოუკიდებლობა შორეულ პერსპექტივად ესახებოდა და თანაც იცოდა ევროპელთა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომლებიც მეორეხარისხოვან ხალხად გვთვლიდნენ (ალბათ ჯერაც ასე გვთვლიან). ამიტომ ასკვნიდა, რომ “საქართველოს ბედის თვით ახლანდელ რუსეთთან გადაწვნა უფრო მალე გააუმჯობესებს მის მდგომარეობას, ვინემ რომელიმე სხვა ევროპიელი ნაციის კავშირი ან მფარველობა (მფლობელობაზე რომ არა ვთქვათ რა). ოსმალეთი ან სპარსეთი აქ ხომ სახსენებელიც არაა. საქართველოში მათზე არც ერთი ჭკუასაღი ადამიანი არ ფიქრობს”.
ნიკოლაძემ კარგად გააანალიზა ქართველ მეფეთა საგარეო პოლიტიკა შუა საუკუნეებში, მათი ურთიერთობანი ევროპასთან და რუსეთთან და დარწმუნდა, რომ მათ მიერ რუსეთთან ურთიერთობაზე აღებული ორიენტაცია იძულებითი, მაგრამ ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო: “ქვეყნის პოლიტიკას, - წერდა იგი 1913 წელს, - როგორც მის ბუნების ნამდვილ ძალებს - ადამიანის, ხალხის სურვილი კი არა, ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა სჭედს (მან ქართველთაგან პირველმა მიაქცია გეოგრაფიულ ფაქტორს ყურადღება გეოპოლიტიკაში. საერთოდ კი შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი პოლიტოლოგი - ვ.შ.). პოლიტიკა ახალ მოდური შლიაპკა კი არაა, რომლის ცვლა ჩვენს ქეიფზე ჰკიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამაპაპური განძია, როგორ ენა, ეროვნება, სარწმუნოება. სანამ შავი ზღვიდან გასავალი სრუტე ოსმალოს ხელშია, სანამ სამხრეთით ოსმალეთი და სპარსეთი გვაკრავს, აღმოსავლეთით - ლეკი და თათარი, ჩრდილოეთით - რუსეთი, ბევრიც რომ ვიწრიალოთ, იმ პოლიტიკას ვერ ავცდებით, რომელიც აურჩევიათ საქართველოს უაღრესს გმირებს, ბევრი ცდის, ძებნის და მსხვერპლის შემდეგ. უკეთესი რომ შესაძლო ყოფილიყო, განა მათ დაემალებოდა? ჩვენზე ცოტად სწყუროდათ, ვითომ, დამოუკიდებლობა, საკუთარი გვირგვინი ჩვენზე ნაკლებ უყვარდათ? საძებნი გზა ჩვენსავით დახშული როდი ჰქონდათ, უფლებაც სისრულით ხელთ-ეპყრათ, ვისთანაც უნდოდათ საქმე დაეკავებინათ, კავშირი შეეკრათ. ბრძანებისამებრ მთელი ქვეყანა მიმოვლეს მათმა ელჩებმა, სამეფო არსად დარჩენიათ, რომელთანაც მოლაპარაკება არ გაემართათ, დაახლოვება საქართველოს სახსნელად არ ეცადათ. სანამ საბოლოო გზას დაადგებოდნენ, სანამ გვირგვინს ერის არსებობას შესწირავდნენ, ყოველი საშუალება სინჯეს, ყოველი ღონის-ძიება იხმარეს; თვით სარწმუნოების შეცვლასაც შეპირდნენ რომის პაპს და ფრიდრიხ დიდს. უცრემლოდ ვერ გადაიკითხავს კაცი ამ სამი საუკუნის მეცადინეობის აღწერას მატიანეებში. რაც ამდენს, ამისთანა თაობას აუგია, აუცილებლად უცვნიათ, იმას ერთი ჯგუფი, გინდ ერთი თობა ვერ შეცვლის. სანამ ოსმალოს ან სპარსეთის ადგილს რომელიმე სხვა რასსა ან მეფობა არ დაიჭერს, საქართველოსთვის სხვა პოლიტიკა არ იარსებებს იმის გარდა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ, იძულებით, საქართველოს უგონიერესი პატრონები: ალექსანდრე კახელი, ალექსანდრე იმერელი, ვახტანგ კანონმდები, თეიმურაზ მეფე, სოლომონ დიდი, დიდი ერეკლე. რა ძალამ და აუცილებლობამ ეს დევები გასტეხა, ის ახლაც უცვლელად არსებობს; მას ვერც ჩვენ მოვერევით”.
დავით კლდიაშვილის მოგონებით, პირველი მსოფლიო ომის დროს ნიკო ნიკოლაძე “გამოთქვამდაო იმ აზრს, რომ ჩვენი მდგომარეობა უნუგეშოა. ეს გაიმარჯვებს თუ ის (ანტანტა თუ სამთა კავშირი - ვ.შ.) ჩვენ მაინც უყურადღებოდ ვიქნებით დატოვებული, რადგან ჩვენ არ გვაქვს არაფერი ისეთი, რომ ჩვენით დავაინტერესოთ რომელიმე მხარე და ჩვენი ლამაზი თვალებისათვის თავს არავინ გამოიდებსო” [26,191] (აზერბაიჯანს ნავთობი ჰქონდა და ამით შეეძლო ევროპელთა დაინტერესება, მაგრამ რუსებმა იქ მაინც არავინ მიუშვეს - ვ.შ.).
მართალია, თებერვლის და განსაკუთრებით ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ (1917 წ.) რუსეთის იმპერია სამოქალაქო ომმა მოიცვა და დაშალა კიდეც, ჩვენ კი ბედმა გაგვიღიმა და ნანატრ დამოუკიდებლობას ვეღირსეთ, მაგრამ ეს ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა (ნიკოლაძემ ამ დროს გვერდზე გადადო თავისი შეხედულებანი რუსეთზე და მთელი სულით და გულით ემსახურა დამოუკიდებელ საქართველოს როგორც სახელმწიფო მოღვაწე). საბოლოოდ მაინც გამართლდა ნიკოლაძის აზრი, რომ დამოუკიდებლობას ხანგრძლივი შემზადება უნდა: “ყოველ დროს თავისი საქმე და საჭიროება აქვს. ნაადრევი ყველაფერი დღენაკლულია”. საბჭოთა იმპერიად გარდასახულმა რუსეთმა კვლავ მოიპოვა საქართველოზე ბატონობა 1921 წლიდან და ეს პერიოდი 1991 წლამდე გაგრძელდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლიდან საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა და გეზი ამჯერად აშშ-ევროპა-ნატოზე აიღო. რუსეთმა ეს “ღალატი” არ გვაპატია და საქართველოს ტერიტორიის 20% მიითვისა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად. დღეს კავკასიაში ერთმანეთს უპირისპირდება სწორედ ის ორი სახელმწიფო, რომელთა გაძლიერება ნიკოლაძემ იწინასწარმეტყველა ამ 120 წლის წინათ.
2008 წლის აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ არც აშშ-ნატო და არც ევროკავშირი, მზად არ არიან საქართველოს დასახმარებლად რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებაში და სავარაუდოდ (ჩინეთის გაძლიერების ფონზე) - არც იქნებიან. ჩვენ დიდი არჩევანი არა გვრჩება: ან უნდა შევეგუოთ აფხაზეთისა და შიდა ქართლის დაკარგვას (რაც ძალზე ძნელია) ან არადა წავიდეთ კომპრომისზე დღევანდელ ატომურ რუსეთთან, რომელსაც რამდენჯერმე შეუძლია მსოფლიოს მოსპობა ამ იარაღით. განსხვავება მაშინდელისაგან ისაა, რომ რუსეთს თავად აღარ აძლევს ხელს საბჭოთა კავშირის ძველებური ფორმით აღდგენა და ყოფილი სატელიტების მუქთად გამოკვება, ამიტომ იგი სავარაუდოდ, რაღაც ფორმით შეურიგდება საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას (თუ ჩვენ ევრაზიულ (თუ საბაჟო) კავშირში გავერთიანდებით და ამის სანაცვლოდ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს კვლავ დავიბრუნებთ).
დღეს, როცა აშშ-რუსეთი-ევროკავშირი გაძლიერებული ჩინეთის გასანეიტრალებლად დაახლოებას იწყებენ, ძნელი სავარაუდოა, რომ აშშ-ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო დახმარება აღმოგვიჩინონ. ამჟამად კი აღიარებენ ისინი სიტყვით ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რა იქნება ახალი, დიდი დაპირისპირების შემთხვევაში, ძნელი სათქმელია. ამასთან მხედველობაშია მისაღები დღეს ძალზე გაძლიერებული თურქეთი და ირანი, რომლებიც მუშტრებივით გვიყურებენ. მათგან ჩვენი დამცავი შეიძლება ისევ რუსეთი აღმოჩნდეს დასავლეთის პასიურობის ფონზე.
დიდისა და პატარას, ძლიერისა და სუსტის კანონი, სამწუხაროდ ისევ ძალაშია და ასე იქნება მანამ, სანამ დიდი ქვეყნები (მაგ: აშშ, რუსეთი, ჩინეთი და სხვ.) არ დაიშლებიან (მათი დაშლაც კი შეიძლება დიდი უბედურების მომტანი აღმოჩნდეს ჩვენთვის).