აგვისტოს ბოლოს ლიანა ისაკაძე საქართველოს თავის ორკესტრით ეწვია და ბათუმსა და თბილისში კლასიკური მუსიკის არაჩვეულებრივი საღამოები გამართა, რომელსაც ჩვეული ოვაციები არ აკლდა. კლასიკური მუსიკის მოყვარულებსაც და დანარჩენ საზოგადოებასაც, ალბათ, ერთნაირად აინტერესებს როგორია ქალბატონი ლიანა სცენის მიღმა, რა აწუხებს, რა უხარია, როგორია მისი ყოფა, ურთიერთობა ნაცნობ-მეგობრებთან, მეუღლესთან, როგორი ხასიათისა და თვისებების ადამიანია. ქალბატონმა ლიანამ თავის დანაპირები შეასრულა და ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა, საიდანაც ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ, მათ შორის იმასაც, თუ როგორ მოჰპარეს ზაგრებში, კონცერტის წინ ნახევარმილიონიანი ვიოლინო.
ქალბატონო ლიანა, მინდა, საუბრის დასაწყისში თქვენი პედაგოგის დავით ოისტრახის შესახებ გვიამბოთ, რომელსაც ერთი ძალიან საინტერესო ისტორია უკავშირდება. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ თქვენ ორი წლის განმავლობაში იყავით მისი ასისტენტი. ხშირად გეპატიჟებოდათ კონცერტებზე. 1974 წელს ამსტერდამში კი, სადაც თქვენ და თქვენს ძმას, ვიოლონჩელისტ ელდარ ისაკაძეს ბრამსის ორმაგი კონცერტი უნდა შეგესრულებინათ, ასეთი რამ მოხდა – კონცერტის წინ ოისტრახი მოულოდნელად გარდაიცვალა.
– დიახ, რეპეტიციას რომ მოვრჩით, საღამოს ოისტრახმა ქუჩაში გასეირნება გადაწყვიტა. ღამის 4 საათზე მისი ცოლი მირეკავს – ლიანა სასწრაფოდ მოდი, დავითი კვდებაო. ორჯერ ჰქონდა გადატანილი ინფარქტი, ეს მესამე იყო. რასაკვირველია, უცებ გავვრადი, მაგრამ რომ შევედი, ნახვა ვეღარ მოვასწარი, წამებში, ჩემს თვალწინ გარდაიცვალა. როგორც მამა-შვილს ისე გვიყვარდა ერთმანეთი. მერე, მოსკოვიდან კულტურის მინისტრმა დარეკა. მე მომიხდა მასთან დალაპარაკება, მოვუყევი რა და როგორ მოხდა. თურმე ამ ლაპარაკის შემდეგ, სადღაც ერთ საათში, მასაც ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. იმდენად უყვარდა, რომ მისი გარდაცვალება ვერ გადაიტანა. ჩემთვის კიდევ უფრო მძიმე იყო ერთი მომენტი. თვითმფრინავით გადავასვენეთ. სატვირთოში მისი კუბო იდო, მე კი სალონში ვიჯექი და ხელში მისი ვიოლინო მეჭირა. ასეთი საშინელი მომენტი არასდროს მქონია.
ისე, ცხოვრებაში თუ შეგხვედრიათ წინააღმდეგობები? მგონია, რომ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ მევიოლინეს, ყველა კარი ღია გაქვთ, ყველგან უდიდესი პატივისცემით გხვდებიან. შესაბამისად, ბარიერებიც არ უნდა გქონდეთ.
– ბარიერები, რამდენიც გინდათ... მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ? ერთადერთი, როცა გამოუვალი მდგომარეობაა, მძიმე სიტუაციაში ვარ, ვფიქრობ, როგორ გადავირჩინო თავი – ამ დროს ვიღებ ვიოლინოს ხელში და ბახს ვუკრავ. როგორც კი ბახის დაკვრას ვიწყებ, იმწუთას ყველა პრობლემა მავიწყდება და კარგ ხასიათზე ვდგები. როგორც ჩანს, ღმერთი გადამარჩენს ხოლმე. ჩემთვის ძალიან მძიმე გადასატანი იყო მამაჩემის, დედაჩემის, ჩემი ძმის გარდაცვალება. ელდარი გერმანიაში, რვა წლის წინ გარდაიცვალა, ავადმყოფობით. ძალიან კარგი ვიოლონჩელისტი იყო. ამიტომ ხშირად დამყავდა მთელს მსოფლიოში როგორც ჩემი პარტნიორი, ყველგან ერთად ვუკრავდით. ბავშვობიდან ადევნებდა თვალ-ყურს ჩემს განვითარებას – როგორ ვმეცადინეობდი. ზოგჯერ შენიშვნებს მაძლევდა და ამაზე ვბრაზდებოდი, ვჩხუბობდით. იმიტომ რომ, მასწავლებელი სხვას მეუბნებოდა, ის სხვას და ვიბნეოდი, აღარ ვიცოდი ვისთვის დამეჯერებინა. მე მათთვის მინდოდა ყველა წარმატება, მათთვის ვაკეთებდი ყველაფერს, ახლა, ერთადერთი, უფალი დამრჩა. უნდა გავამართლო ის მისია, რაც ღმერთმა დამაკისრა.
რატომ? თქვენს მეუღლესაც ხომ უხარია მსოფლიოში განთქმული მევიოლინე ცოლი რომ ჰყავს?
– რასაკვირველია, მაგრამ მეუღლე მაინც მეუღლეა. გასტროლებზე, თვითმფრინავში ან სასტუმროში მარტო რომ დავრჩებოდი, ეგრევე ჩემს სამყაროში ვეშვებოდი – ავტომატურად ვწერდი რაღაცეებს, აზრები რომ მომივიდოდა. ვწერდი ბილეთზე, ნებისმიერ ქაღალდზე, რაც იმ მომენტში ხელთ მომხვდებოდა. მეორე დღეს რომ ვკითხულობდი, თვითონ მიკვირდა – ნუთუ, ეს ჩემი დაწერილია. მერე, ეს დაგროვილი ქაღალდები სახლში მომქონდა, ხან სად დავყრიდი ხან – სად. მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, საუბრისას ქართულ-რუსულ, გერმანულ სიტყვებს ერთმანეთში ვურევდი და სასაცილოდ გამომდიოდა. თურმე თამაზი, აი, ამ ყველაფერს ჩუმად აგროვებდა და ერთ დღესაც გამოსცა წიგნი.
წავიკითხე თქვენი მედიტაციები და ძალიან მომეწონა. ჩანს, რომ ურთიერთობებში ძალიან უბრალო, კარგი იუმორის მქონე, ლაღი ადამიანი ხართ. ამაზე თქვენი განსაკუთრებული ღიმილიც მეტყველებს. ზოგიერთ ადგილას ისეთი რაღაცეები წერია, მეცინებოდა. მაგალითად: „მე არა ვარ დაბალი წრიდან გამოსული, ამიტომ მე არ შეიძლება, ვიარო რაიმეს საშოვნელად. დაბალი წრიდან გამოსული ხარ შენ და შენ უნდა იარო. ქმარი: ვივლი, რა თქმა უნდა. მაშინ ნუ მაყენებ შეურაცხყოფას. დაჯექი, თუ ჭამა გინდა და თუ არ გინდა – წადი, აგერ ჭამე ბალახი...”, „მორჩი წერას თორემ წამოვიდა ახლა ცხვირში კულაკი”... „მომე „ზაპისნაია კნიჟკა”, ქმარი იცინის – რა ვთქვი ახლა ამისთანა...”
– თამაზი უაღრესად განვითარებული ადამიანია. უნიკალურ ესეებს წერს, ამიტომ მან შეაფასა ეს როგორც გენიოსობა, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა, მაგრამ ჩემი პირადი ჩანაწერები იყო და არ მინდოდა, გამოქვეყნებულიყო. აი, ამაზე იყო სკანდალები, მაგრამ მაგას ვინ აჯობებს.
ანტონიო სტრადივარიუსი სიმებიანი ინსტრუმენტების ცნობილი იტალიელი ოსტატი იყო და მისი 650-მდე ინსტრუმენტია შემონახული. 1721 წელს მის მიერ დამზადებული უნიკალური ვიოლინო, აუქციონზე 15 მილიონ დოლარად გაიყიდა. 1964 წელს მოსკოვის ინსტრუმენტების სახელმწიფო კოლექციამ სწორედ ეს ვიოლინო გადმოგცათ გამონაკლისის სახით. გვიამბეთ ამის შესახებ.
– დიახ, მოსკოვის ინსტრუმენტების სახლემწიფო კოლექციამ მე დამითმო ეს ინსტრუმენტი, რადგან პარიზში კონცერტები მქონდა, სადაც გავიმარჯვე. მას შემდეგ თვრამეტი წელი ვუკრავდი ამ ვიოლინოზე. საერთოდ, ვინც ფესტივალზე მიდიოდა, საუკეთესო ვიოლინოს აძლევდნენ, რომ გაემარჯვა და საბჭოთა კავშირი ესახელებინა, მაგრამ არავის უტოვებდნენ. მე კი ამდენი წლით დამიტოვეს. ეს უკვე იყო გამონაკლისი.
მართალია, რომ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში უცნაური ამბავი შეგემთხვათ – ვიოლინო მოგპარეს?
– აი, კიდევ კარგი, რომ სტრადივარიუსის ვიოლინო ჩავაბარე, თორემ ეგ რომ დაკარგულიყო, მილიონების გადახდა არ ამცდებოდა. სად მქონდა ამხელა ფულის გადახდის თავი. კონცერტის შემდეგ ფილარმონიის დირექტორის მანქანაში, უკანა დასაჯდომზე დავდე ვიოლინო, უძვირფასესი კაბა, ფეხსაცმელები და რესტორანში შევედით ერთი საათით. რომ გამოვედით, არაფერი აღარ დამხვდა. გამოვიძახეთ პოლიცია, წაგვიყვანეს განყოფილებაში, სადაც შეადგინეს აქტი. საელჩოში დავრეკე, შევარდნაძესთანაც მომიხდა დაკავშირება, ყველა ავაწრიალე. ორ საათში შეეძლოთ იტალიაში გადაეტანათ და იქ უკვე ვეღარავინ იპოვიდა. სწორედ ეს ვიფიქრე, ამიტომ ინტერპოლიც კი ჩაერთო ამ საქმეში. შემდეგი კონცერტები უნდა დამეკრა. დირექტორმა მითხრა: ვიოლინოს გარეშე როგორ გახვალთ კონცერტზე, მაშინ უკან დაბრუნდით მოსკოვშიო. მე ვუთხარი: ჩემი ვიოლინოს გარეშე ფეხს არ გავადგამ არსად-მეთქი. მიშოვეს რაღაც ქარხნული ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტით ჩავატარე სამი კონცერტი და მეოთხე დღეს მირეკავს პოლიცია ზაგრებიდან – თქვენი ვიოლინო ვიპოვეთო. აი, მაშინ კი ამიტყდა ისტერიული ტირილი სიხარულისგან. იმ დროს ჩამოსული იყო ალექსი იუბიმოვი, რომელიც ასისტენტობას მიწევდა ზაგრების კონცერტებზე. მოვუყევი რაც მოხდა. მეორე დღეს, დილის ექვს საათზე წასულა ეკლესიაში, უპოვია ვიღაც მამაო, უყიდია უბრალო ჯვარი და მამა იოანესთვის უთხოვია, ეს ჯვარი აკურთხეთ და ილოცეთ, რომ ლიანამ ვიოლინო იპოვოსო. წარმოგიდგენიათ და მეოთხე დღეს მართლაც გამოჩნდა. მას შემდეგ ის ჯვარი ვიოლინოს ფუტლარში მიდევს. ჩემდა საბედნიეროდ, იმ ქურდს, თურმე დიდხანს ეძებდნენ. პოლიციის უფროსს ვუთხარი: ეს კაცი იმდენად სულელია, რომ აღარ დაიჭიროთ, არც კი იცოდა რა ეჭირა ხელში-მეთქი. რესტორანში შესულა და ვიღაც ბოშასთვის, რომელიც იმ რესტორანში უკრავდა, უნდოდა, 200 მარკად მიეყიდა ნახევარმილიონიანი ვიოლინო.
მსგავს თავგადასავლებში კიდევ აღმოჩენილხართ?
– მე სულ თავგადასავლებში ვარ. ერთხელ კუბაში ვართ. მეგობრებმა ჩანჩქერის სანახავად წამიყვანეს, რომელიც 30 მეტრიანია. ახლა აქ გავივლი-მეთქი. იქ გასვლა როგორ შეიძლებოდა, მაგრამ მე თუ რამე დავიჟინე, აუცილებლად უნდა გავაკეთო. ჯერ თითი შევწიე, მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, კინაღამ მომაჭრა ისეთი სიმძლავრით მოედინებოდა, მერე შევედი. რისკიანი ვარ, თუმცა ისეთ რისკზე მაინც არ წავალ, თუ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ იქედან ცოცხალი გამოვალ. ერთხელ, მოსკოვის გარეუბანში მეგობრები ხიდზე გავედით, რომლის ქვემოთ მდინარე გადიოდა, ეს იყო ელექტროჰესი. ძალიან მიყვარს წყალში თავით გადახტომა და ვიფიქრე გადავხტები-მეთქი. გადავხტი. მეორე მხარეს პროპელერებია, სადაც რაც მოჰყვება, ყველაფერს კატლეტივით ატარებს. ღრმად ჩავყვინთე, თურმე წყალმა წამიღო და მომაქცია სწორედ ამ პროპელერების მხარეს. ერთი კი მოვასწარი დაყვირება, რომ გაეგოთ პროპელერში ვვარდებოდი. არ ვიცი, შიშისგან თუ წყლის სიმძლავრისგან, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს აღარც ხელები მქონდა და აღარც ფეხები, სუნთქვაც შემეკრა. ცოტაც და ვიცი, წყალმა ხორცსაკეპში უნდა შემათრიოს. ამ დროს გამოიქცა ერთი და ჩახტა წყალში. ატეხეს ყვირილი, მთელი ამბები, გადაკეტეს „კრანი“. მაგრამ, სანამ „კრანს“ გადაკეტავდნენ, ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა ხელები და ფეხები წამრთმეოდა. მოვიკრიბე ძალები და დავიწყე საწინააღმდეგო. მიმართულებით ცურვა, რომ ზემოთ ამოვსულიყავი. ეს რომ არ მომეფიქრებინა, ვარიანტი არ იყო, გადავრჩენილიყავი. ნახევარ საათში ისევ შევედი წყალში.
საბჭოთა კავშირის რეფორმისტული პარლამენტის წევრად აგირჩიეს. გორბაჩოვს ახლდით იტალიაში ვიზიტის დროს, მიპატიჟებული იყავით ამერიკის სენატის მიერ ვაშინგტონში... თქვენი ცხოვრების არც ეს მხარეა ცნობილი.
– დამირეკეს და მითხრეს, ქალთა კომიტეტემა წარგადგინათ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტადადო. ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ პოლიტიკის საერთოდ არაფერი გამეგება-მეთქი. რადგან უკვე კანდიდატი ბრძანდებით, კენჭისყრა უნდა გაიმართოს და გთხოვთ, მობრძანდეთო. ვერ მოვალ-მეთქი. თუ არ მოხვალთ, ამით შეურაცხყოფას მიაყენებთ იმ საზოგადოებას, ვინც თქვენ წარგადგინათო. შემრცხვა, ვიფიქრე, მართლა ცუდად არ გამომივიდეს-მეთქი და წავედი. ვზივარ გადაჭედილ დარბაზში და აცხადებენ გვარებს. უცებ ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს და მთელმა დარბაზმა ხელები აწია, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სამი წელი ვიყავი პარლამენტში, მერე დავტოვე, აღარ ვესწრებოდი, ჩემი ორკესტრი წავიყვანე გერმანიაში. სხვათა შორის, ისე შევედი როლში, ვერ აგიწერთ. იცით, როგორი აღმოჩნდა ეს პოლიტიკა, როგორც შახმატი. აუჰ, რა სკანდალებს დავესწარი, მაგრამ არ მოვყვები. პოლიტიკაში არასოდეს შევალ, ღმერთმა დამიფაროს. ჩემი მოვალეობაა ღმერთის წინაშე ვიყო პატიოსანი და ვემსახურო მუსიკას.