ძნელია, ისაუბრო ისეთ ბუმბერაზზე, როგორიც გალაკტიონი იყო. ამიტომ, ძნელი არ იყო ქალბატონი ჯული გაბოძის გაგება, როდესაც ის ყოყმანობდა ინტერვიუს მოცემაზე. თუმცა, ჩვენი დაჟინებული თხოვნით, ეს ინტერვიუ მაინც შედგა. ვინ და როგორ უყვარდა გალაკტიონს და რომელი პოეტი მიაჩნდა მას თავის სულიერ წინაპრად, ამ კითხვებს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ჯული გაბოძე გასცემს პასუხს.
ჯული გაბოძე: ჩემი თავშეკავება ამ ინტერვიუზე, გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ გალაკტიონზე ცოტა რამ, შეიძლება ვილაპარაკოთ. საბედნიეროდ, დღეს გალაკტიონის შემოქმედებას ბევრი კარგი მკვლევარი ჰყავს, ლიტერატურის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა გალაკტიონის კვლევის ცენტრი, რომელსაც ცნობილი მეცნიერი თეიმურაზ დოიაშვილი ხელმძღვანელობს. გამოდის კრებული „გალაკტიონოლოგია“. ასე რომ, ალბათ, სხვებს უფრო მეტი ექნებათ სათქმელი.
თავმდაბლობთ, ქალბატონო ჯული, თქვენ არაერთი წერილი გაქვთ გამოქვეყნებული გალაკტიონის შესახებ და შესანიშნავად იცნობთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ვინ უყვარდა გალაკტიონს? მართალია თუ არა, რომ გალაკტიონს უყვარდა მერი შერვაშიძე – ცნობილი დიზაინერის, კოკო შანელის მოდის სახლის ცნობილი სახე?
- ამ კითხვაზე ერთი პასუხია: გალაკტიონის მსგავს დიდ შემოქმედს, შთაგონებისთვის, ყოველთვის სჭირდება მუზა. მოდი, ჩავთვალოთ, რომ გალაკტიონისთვის მერი შერვაშიძე ასეთი მუზა იყო. რეალურ ცხოვრებაში კი, მას თავისი რჩეული ჰყავდა.
ცნობილია, რომ მერი შერვაშიძე სიბერეშიც კი უარყოფდა გალაკტიონთან ნაცნობობას.
- როგორც ჩანს, ასეც იყო. დადასტურებული ფაქტია, რომ ლექსი „მერი“ დაიწერა მანამ, სანამ მერი შერვაშიძის ქორწინება შედგებოდა. იცნობდა თუ არა გალაკტიონი მერის, ამის თქმა მე არ შემიძლია. მერი ცნობილი და ლამაზი ქალბატონი იყო და, ალბათ, ბევრი იცნობდა მას, მაგრამ, მათი პირადი ნაცნობობის ფაქტებს გალაკტიონის ბიოგრაფია არ ინახავს.
ვინ იყო გალაკტიონის რჩეული რეალურ ცხოვრებაში?
- ეს იყო ოლია ოკუჯავა - გალაკტიონის კანონიერი მეუღლე. ოლია ოკუჯავა ლამაზი ქალი არ იყო და ცოტა უფროსიც იყო ქმარზე, გალაკტიონი კი არაჩვეულებრივი, რაინდული, წარმოსადეგი აღნაგობის ვაჟკაცი გახლდათ და, ამ თვალსაზრისით, მათი წყვილი თითქოს ცოტა შეუფერებელიც კი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, გალაკტიონი მხოლოდ გარეგნობაში არ ეძებდა სრულყოფილებას, მისთვის უმთავრესი ქალის ინტელექტი და სულიერი სიმაღლე იყო. ეს ყველაფერი კი მან ოლია ოკუჯავაში დაინახა.
რა ვიცით ოლია ოკუჯავას შესახებ?
- ოლია იყო ძალიან განათლებული ქალი. მას რუსული განათლება ჰქონდა მიღებული. ოლია ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების - მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და გახლდათ. იგი იყო ბოლშევიკი და სოციალისტური ხელისუფლებისათვის თავგადაკლული მებრძოლი.
კომუნისტურ შაბათობაზე მან ისე დაიზიანა მარჯვენა ხელი, რომ გაუხმა. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ბოლშევიზმის ასეთი ერთგული მუშაკი ტროცკისტად შერაცხეს, ორჯერ გადაასახლეს და, საბოლოოდ, მოღალატის ბრალდებით დახვრიტეს.
ოლია და გალაკტიონი ხშირად არ იყვნენ ერთად, რადგან ოლია თავისი საქმით იყო დაკავებული. თუმცა, როდესაც ერთად იყვნენ, ასეთ დროს თარგმნიდნენ, კითხულობდნენ. ხშირად ოლია გალაკტიონს ლექსების გადაწერაში ეხმარებოდა და საყურადღებო რჩევებსაც აძლევდა.
მეორე გადასახლებამდე გალაკტიონი და ოლია ერთად ისვენებდნენ ქობულეთში. ეს იყო 1936 წლის შემოდგომა. ოლია აღმერთებდა გალაკტიონის პოეზიას, შეიძლება ითქვას, მის თანამედროვეთაგან ყველაზე მეტად ის ხვდებოდა გალაკტიონის გენიალობას. მას აქვს ასეთი ჩანაწერიც: „რა იციან მათ, რომ ბეჭდავენ ყველაზე უდიადესს, ყველაზე ძვირფას სულის გენიას. ნუთუ გაიგებენ, ჩასწვდებიან მას მკითხველები?!“ როგორც ჩანს, ამასაც აფასებდა გალაკტიონი მეუღლეში. ოლია იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ გალაკტიონი მართლაც გენია იყო.
რა ხდება ქობულეთში გატარებული მშვენიერი დღეების შემდეგ?
- ქობულეთში გატარებული დღეების შესახებ არსებობს ოლიას დღიურები: „16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ქობულეთში ვისვენებდით... წყნარად, წყნარად იყავი ზღვავ, ნაზი ალერსით დაამშვიდე ჩემი გალკი!” იქიდან ჩამოსვლიდან ერთ თვეში (11 ნოემბერს) კი, ოლია გადაასახლეს მიმოწერის უფლების გარეშე. პარადოქსია, მაგრამ, იმავე წელს გალაკტიონს ლენინის ორდენით აჯილდოებენ.
როგორ გრძელდება ოლიას გადასახლების შემდეგ გალაკტიონის ცხოვრება?
- პოეტი უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება, ეწყება დეპრესია. ის საშინელი მითქმა-მოთქმა, რომელიც გალაკტიონის ლოთობას ეხება, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. მან მართლაც დაიწყო სმა. სულ ეჩვენებოდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. თუმცა, არც უამისობა იყო. ის რჩება მარტო, დიდი ტკივილით. ხშირად საუბრობს თვითმკვლელობაზე. 1937 წელს იგი ძალიან აღელვებული მისულა გიგლა მებუკესთან, თან ჰქონდა ყირიმის სანატორიუმის საგზური და ბევრს ლაპარაკობდა თვითმკვლელობაზე, ცნობილი ლექსი „უკანასკნელი მატარებელი” სწორედ ამ დროს დაწერა.
გალაკტიონს თავი უნდა გადაერჩინა იმ საშინელ ტერორში. მადლობა მას, რომ ეს მოახერხა. დიდი გენია გადაურჩინა საქართველოს, მოახერხა „შერიგება ოცნებისა და სინამდვილის”, რაც მხოლოდ პოეზიაშია შესაძლებელი. იმისათვის, რომ შეენიღბა მთავარი სათქმელი, გალაკტიონი ლექსებს თარიღებს უცვლიდა - ვითომ უფრო ადრე ჰქონდა დაწერილი. ან სხვადასხვა მხატვრულ ხერხს იყენებდა, მაგალითად, ამ პირობებში დაწერა მან ლექსი „ასპინძა“, თუმცა მანამდე მისი სხვა, ადრეული ვარიანტებიც შექმნა. ვნახოთ, რას წერს პოეტი: „ისეთი დღეა, მგოსანთ მეფეს რომ ეკადრება... მაგრამ, უეცრად, ყოველივე მოიჩადრება, გამახსენდები და სიკვდილი მომენატრება”. როგორც ჩანს, რაღაც დიდი წარმატება აქვს, მაგრამ, ამავე დროს, - უდიდესი ტკივილიც. ამ სახით პოეტი ლექსს ვერ დაბეჭდავდა. დიად საბჭოთა ეპოქაში - „სიკვდილის მონატრება“?! გალაკტიონმა ეს იგრძნო, სიკვდილი გადაშალა და ჯერ ასე ჩაასწორა: „და რაღაც სხვა მომენატრება“. შემდეგ კი - უფრო ხატოვნად: „გამახსენდები და ისევ ზღვა მომენატრება”.
ანუ, ქობულეთი მოენატრება, სადაც ოლია და გალაკტიონი უკანასკნელად იყვნენ ერთად?
- მეც ასე მგონია. შემდეგ სიტყვა „ზღვა“ - „ომით“ შეცვალა, მაშასადამე, თავდაპირველ სასოწარკვეთას, რაც ოლიას გადასახლების შემდეგ დაეუფლა, მოგვიანებით უსაზღვრო მონატრება, ზღვა ჩაენაცვლა, ბოლოს კი მისი ადგილი ომმა, ანუ შურისძიების სურვილმა დაიკავა და ლექსს „ასპინძა” დაარქვა, ანუ, ის ომი გაიხსენა, რომელშიც მცირერიცხოვანმა ქართველებმა უდიდეს მტერზე გაიმარჯვეს და შურისძიება შეძლეს.
ასეთსავე კონკრეტულ ტკივილზე შეიქმნა ლექსი „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი”, რომელიც დღემდე პატრიოტულ ლექსადაა მიჩნეული, თუმცა, სინამდვილეში, ოლიას ხსოვნას ეძღვნება.
რატომ ფიქრობთ ასე?
- ლექსში ისეთი რეალიებია, რომლებიც აშკარად ინახავს ოლიას ხსოვნას. მაგალითად, ამბობს: „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი” და ჩამოთვლის: „ზოგს კინოვარი, ზოგს - ჩაის ვარდი, ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი, ბარათი - სისხლის ცრემლნატბოვარი, საფერფლე - დარდთა დანატოვარი, თმა ძვირფასისა ძნელსაშოვარი“ და ასე შემდეგ... გავიხსენოთ, 1936-1937 წლები: ქვეყანაში ანტიტროცკისტული მოძრაობაა, ოლია ტროცკისტად შერაცხეს და გადაასახლეს, იქიდან კი გალაკტიონის „სახსოვართა ოქროს ფონდში” (ასე დაარქვა თავდაპირველად ამ ლექსს) მოდის და მოდის ოლიას „სისხლის ცრემლნატბოვარი ბარათები”: „გწერ მერვე წერილს, სახლიდან ბარათი არ მიმიღია, ვღელავ, ვმკითხაობ, ნუთუ უარმყო ძვირფასმა გალკმა და დავრჩი მარტოდმარტო... მეგონა, გჯეროდა, რომ არა ვარ ხელისუფლების მტერი“... ცნობილია, რომ ოლია წერილებით უგზავნიდა გალაკტიონს ყვავილების ფურცლებს (ჩაის ვარდებს), ვნახოთ შემდეგი სახსოვარი: „ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი“ - მოვუსმინოთ ოლიას: „გალ, არ დაკარგო ჩემი ლალისთვლიანი ბეჭედი, შენ რომ მაჩუქე“; „სურათი რამე კარგზე მგლოვარი“ - დავაკვირდეთ, როგორი მეტაფორაა: „გალ, შეინახე ჩვენი სურათი“; „საფერფლე დარდთა დანატოვარი“ - ოლია პაპიროსს ეწეოდა, გალაკტიონი ხომ ვერ დაწერს, რომ საფერფლე არის ოლიას დანატოვარი და, საერთოდაც, ვერ ახსენებს მას. ამ ლექსის ბოლო სტრიქონი ასეთი იყო: „ჰოი, ძვირფასო, ამის ვარ მსასოვარი“. შემდეგ ეს „ჰოი, ძვირფასო“, ჩაანაცვლა სიტყვით - „ჰოი, სამშობლოვ” და ამით კონკრეტული ცნება კვლავ განზოგადდა.
კიდევ რას სწერს ოლია გალაკტიონს?
- „ო, როგორ მინდა განვჭვრიტო მომავალი და გავარკვიო, მიწერია თუ არა შენთან შეხვედრა... არაფერი ვიცი შენ შესახებ. როგორი გამოვიდა შენი წიგნი? არ მეწერა მე მისი ნახვა” - სულის შემძვრელია ოლიას წერილები. „სახლში, სახლში მინდა, სახლში მინდა, გესმის გალ!”, „ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო! ყოველდღე გადავცემ შენს მოკითხვას ჰაერის ტალღებს... არ გსაყვედურობ, არ არის საჭირო, მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ დამიხუჭავს თვალებს”... ბოლო წერილი 1941 წლის 30 აგვისტოს მიუღია, 1941 წლის 11 სექტემბერს კი, მედვედოვოს ტყეში, ქალაქ ორიოლთან ახლოს, ოლია ოკუჯავა დახვრიტეს.
რატომ არ პასუხობდა გალაკტიონი?
- იმიტომ, რომ ოლია გადასახლებული იყო მიმოწერის უფლების გარეშე. გალაკტიონს ლიდია მეგრელიძისთვის შეუჩივლია: „შენ იცი, ლიდია, რომ ოლია გადამისახლეს! ახლა, ყოველივე სიკეთესთან ერთად, წერილების გაგზავნაც ამიკრძალეს”.
საბოლოოდ შეძლო გალაკტიონმა, რომ ეპასუხა მეუღლისთვის?
- 1940 წელს გალაკტიონმა ოლიას გაუგზავნა ოლღა დარიუსის ხელით დაწერილი წერილი.
ვინ იყო ოლღა დარიუსი?
- გალაკტიონის მეორე ცოლი.
რას სწერდა?
- ცოტა მშრალი წერილია. გალაკტიონი თავს იმართლებს და უპასუხობას ავადმყოფობით ხსნის. ვფიქრობ, სხვისი ხელით დაწერილი წერილით გალაკტიონმა ნიადაგი მოსინჯა, დაელოდა ხელისუფლების რეაქციას. მეორე წერილი კი უკვე გალაკტიონის ხელითაა დაწერილი. მიუხედავად ნაძალადევი თავშეკავებისა, აქ უკვე აშკარად გამოხატავს თანაგრძნობასა და წუხილს: „მე ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ძლიერ სუსტად ვიყავი, თავს სრულიად უიმედოდ ვგრძნობდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, განადგურებული ვიყავი დარდისგან. ამანაც გაიარა, დაბეჩავებულმა უიმედობამ, გაურკვევლობამ - რას იზამ? ყველაფერმა, ყველაფერმა გაიარა. შენს წერილებზე ყოველთვის გიპასუხებ, ოლია, შენ უნდა იმკურნალო. ო, როგორ მინდა, შეგიმსუბუქო შენი ახლანდელი მდგომარეობა”. 1940 წლის 23 ივნისი.
იცოდა თუ არა გალაკტიონმა, რომ ოლია დახვრიტეს?
- ეს მისი ჩანაწერებიდან ძალიან შეფარვით და ფრაგმენტულად იგრძნობა. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში, პატრონს უბრუნებდნენ ხოლმე ნივთებს. გალაკტიონი ჩანაწერებში წერს: „ყველაფერი შეიძლება კარგად მოეწყოს, რომ ოლიას ამბავი არა: თვე-ნახევარია, წერილი არ არის მისგან... უკვე მერამდენედ გავაგზავნე ფული და უკან მიბრუნებენ“... „ამნაირ მდგომარეობაში დაახლოებით (ყველაფერს არ ვწერ) გავატარე შვიდი თვე. 1939 წ. 7 აგვისტო”. გალაკტიონმა ბევრი რამ თქვა და ძალიან ბევრი რამ ვერ თქვა. რაც ვერ თქვა, ეს ყველაფერი თავის ნახატებში გადაიტანა. მისი ნახატები - ცალკე შემოქმედებაა და, ეს, ალბათ, მომავლის გალაკტიონოლოგთა საკვლევია.
რაც შეეხება გალაკტიონის პოეზიას, ამბობენ, რომ მას ჰყავდა მისაბაძი პოეტები.
- გალაკტიონის პოეზიაში აისახა კლასიკური და ხალხური პოეზიის ტრადიციები და არა მხოლოდ ეს - მან, ასევე, გაითავისა ევროპული პოეზია, ხელოვნება. რასაკვირველია, ჰყავდა რჩეულებიც. გავიხსენოთ: „რარიგ, კარგია, სამშობლოვ, შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და ...“, ბუნებრივია, ამ სამ წერტილში გალაკტიონი იგულისხმება. ამის გარდა, პირდაპირ ჩამოთვლის პოეზიის შვიდ მწვერვალს: რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, ვაჟა, აკაკი და გალაკტიონი.
გალაკტიონს აკაკი თავის სულიერ წინაპრად მიაჩნდა. ბოლოს, წვერი რომ მოუშვა, ხშირად კითხულობდა: „ხომ ვგავარ აკაკის, ძამიკო?“ გალაკტიონს ახსოვდა ხალხის დამოკიდებულება აკაკისადმი, რომ მან სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება. ახსოვდა, როგორ აღნიშნეს აკაკის იუბილე, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ეს ყველაფერი ახსოვდა და, ბუნებრივია, მასაც სურდა ასეთი სიყვარული და აღიარება, რაც, სამწუხაროდ, სიცოცხლეში არ ეღირსა.