ფეთხაინი "მარადიული სიცოცხლის სახლი"
მეიდანი განსაკუთრებული ფენომენია თავისი მრავალფეროვანი ურთიერთობებით, ეს მადლიანი ადგილი სხვადასხვა სარწმუნოების მშვიდობიანი თანაარსებობითაა გამორჩეული.
თბილისი ყოველთვის უვლიდა გვერდს იმ ორომტრიალს, რომელიც მთელ მსოფლიოში რელიგიათაშორის დაპირისპირების სახით წარღვნად მოედინებოდა და ბევრი ერისთვის უბედურება მოჰქონდა. რა იყო საფუძველი იმისა, რის გამოც ყველა ერი თავის ადგილს თბილისში პოულობდა?
ამ კითხვებზე პასუხობს ცნობილი მწერალი და მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი, რომელიც ამჟამად ისრაელში საქართველოს საელჩოში მუშაობს და დარაჯად უდგას ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს...
ებრაული "ფასადი" და "ინტერიერი"
თბილისში არ დავბადებულვარ, პატარა ჩამომიყვანეს. აქ ჩემი ახლობლები ცხოვრობდნენ. მეიდანზე საოცარი გარემო დამხვდა. მახსოვს ის პერიოდი, მუხრანის ხიდს ჯებირები რომ არ ჰქონდა...
ყველა ებრაელს აქვს თავისი "ფასადი" და "ინტერიერი". არ შეუძლია, სადაც ცხოვრობს, იმ ქვეყნის "ფასადი" არ მოირგოს. ებრაელი როცა ლოცულობს, აუცილებლად შეევედრება უფალს იმ ქვეყნის ბედნიერებასა და მშვიდობას, სადაც თავად ცხოვრობს. ებრაელის "ინტერიერი" მისი სულიერი ცხოვრება, მისი რელიგიაა.
ათასწლოვანი ბიბლიური ტრადიციები არის ის, რაც ყველა ებრაელს აერთიანებს.
ებრაელებს ყველა ქვეყანაში "ინტერიერში" დახურული ცხოვრება ჰქონდათ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ისინი გახსნილად ცხოვრობენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ქართველი ერის განუმეორებელი ტოლერანტული თვისებების გამო ხდებოდა.
როგორ იხსნეს თბილისელებმა ებრაელები
მე-18 საუკუნის ბოლოს პოლონეთიდან ევროპელი ებრაელების, აშკენაზების გადასახლება დაიწყო რუსეთის გუბერნიებში. მაშინ რუსეთის იმპერიის კანონით, "ბინადრობის შესახებ", ებრაელებს ეკრძალებოდათ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრება. პროცენტულად შეზღუდული იყო ებრაელთა რაოდენობა ერთ დასახლებულ პუნქტშიც. როცა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ამ კანონის ჩვენთანაც განხორციელება მოინდომა. საგანგებოდ გამოცემული კანონი მხოლოდ ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ საქართველოში ვერ იმუშავა. ბუნებრივია, ამან დააფიქრა რუსეთის იმპერიის მესვეურები.
პეტერბურგიდან მოვიდა მითითება, - გვაცნობეთ, რამდენი ევროპელი ებრაელი ცხოვრობს თქვენთან და მოგვაწოდეთ ზუსტი მონაცემები მათ შესახებო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ევროპელი ებრაელები უნდა გადაესახლებინათ რუსეთის იმპერიის მიუვალ ადგილებში. თბილისის ქალაქის ადმინისტრაციამ გაუგზავნა შემდეგი ცნობა: გვყავს ხუთად ხუთი ევროპიდან ჩამოსული ებრაელი, მაგრამ ეს ხუთი კაცი იშვიათ ხელობას ფლობს და მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მათი ქალაქიდან გაშვებაო. არადა მაშინ ასობით ევროპელი ებრაელი ბინადრობდა აქ. ეს ფაქტი დაფიქსირებულია ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიაში.
პატრიარქი და რაბინის ოჯახი
მეიდანზე უამრავი ებრაელი ცხოვრობდა. იყვნენ ვაჭრები, ხელოსნები. კვირა დღეს გამოეფინებოდნენ ქორვაჭრები. ვის არ ნახავდით, ჩიტის რძესაც კი იშოვიდა კაცი... ყველაფერი ერთმანეთში იყო გადახლართული. ერებს შორის არ იყო სადემარკაციო ხაზი. ეს ყველაფერი ერთიან თბილისურ ყოფას ქმნიდა.
აქ ცხოვრობდა ცნობილი რაბინი ისრაელ ბაბალიკაშვილი, მისი ქადაგების მოსმენა ერთი სიამოვნება იყო. ცნობილი პიანისტი, ალექსანდრე კორსანტიას პირველი პედაგოგი სწორედ რაბინის ქალიშვილი, რივა ბაბალიკაშვილი გახლდათ.
ისინი პურის მოედანთან ცხოვრობდნენ. რაბინის ვაჟი, მეცნიერი ნისან ბაბალიკაშვილი 1986 წელს გარდაიცვალა. ბუნებრივია, პანაშვიდზე უამრავი ქართველი ებრაელი მოვიდა. უცბად ხმა დაირხა, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აპირებს მოსვლასო. ამან საოცარი მღელვარება გამოიწვია. პატარა შუკა იყო, ურმის ასასვლელი... მახსოვს, როგორ მოვიდნენ ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირები უწმინდესთან ერთად. მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ ბაბალიკაშვილები, ძალიან უჭირდათ.
როცა ნახა უწმინდესმა, ბინის კედლები წიგნებს მიჰქონდა, მიცვალებულს საოცარი სიტყვები უთხრა... წასვლისას მისმა თანაშემწემ რაღაც მომაჩეჩა ხელში... მერე ვნახე - საკმაოდ დიდი თანხა აღმოჩნდა. გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა. იმ პერიოდისთვის ეს იყო უზარმაზარი თანხა...
არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ებრაელ და ქართველ სასულიერო პირებს. ჩემი მეუღლის ბაბუის, რაბინ ჯინჯიხაშვილის დაკრძალვაზე მაშინდელი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მობრძანდა.
ასკინკილით - სიონსა და სინაგოგას შორის
ჯინჯიხაშვილის შთამომავლები იყვნენ ძმები - ცნობილი მოჭადრაკე რომან ჯინჯიხაშვილი და საბჭოთა კავშირში ყველაზე ახალგაზრდა ფილოსოფიის დოქტორი ნოდარ ჯინჯიხაშვილი, 26 წლისამ მიიღო ეს ხარისხი. ნოდარის ქალიშვილი იანა ჯინი თბილისში, მეიდანზე გაიზარდა. 14 წლისა თბილისიდან წაიყვანეს... იმდენად ფასეული პოეტი გახდა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატმა იოსებ ბროდსკიმ იანას წიგნს წაუმძღვარა წინასიტყვაობა, სადაც წერს, რომ ასეთი ინგლისურენოვანი ლექსი ოდენის შემდეგ არ გამოჩენილაო.
ეს გოგონა მართლაც იშვიათი ნიჭის პატრონია. წიგნს, ბროდსკის წინასიტყვაობის შემდეგ, თავად ავტორის წინათქმაც მოსდევს, სწორედ აქ წერს საოცარ ამბავს: "გავიზარდე უბანში, რომელსაც მეიდანი ჰქვია, ჩემი სახლის პირდაპირ მართლმადიდებლური ეკლესია იყო, გვერდით - სინაგოგა. პატარაობისას ასკინკილით ხან სინაგოგაში შევირბენდი, ხანაც - სიონში. ცხრა წლის ვიყავი, როცა ბებიას ვკითხე, - ღმერთი თუ არსებობს-მეთქი. დასტური რომ მივიღე, მეორე კითხვაც გავუბედე, - თუ არსებობს, რომელი ღმერთია ჭეშმარიტი-მეთქი. ბებიაჩემის შიშნარევმა პასუხმა გამაოცა - მან ტუჩზე მიიდო ხელი... ამ მომენტმა განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება ღმერთთან. ბებიას გარდაცვალების შემდეგ სინაგოგაში სიარული შევწყვიტე."
"ხანუმა" ამერიკაში
ნოსტალგია ყველგან მიჰყვებოდათ ქართველ ებრაელებს... სოსო ჯინჯიხაშვილს, მხატვარს, რომელიც ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს, იმდენად მოეძალა თბილისური ნოსტალგია, რომ ამერიკაში აქვსენტი ცაგარელის "ხანუმა" დაადგმევინა. სპექტაკლის მხატვარი თავად გახლდათ. ამერიკაში ქართველ ებრაელთა შორის საკმაოდ პოპულარული იყო ეს წარმოდგენა შემდეგ ევროპაშიც დადგეს.
სოსოს მეიდნის უამრავი ნახატი აქვს. ასე იქარვებდა ნოსტალგიას...
ებრაელ ინტელიგენციას შორის გამორჩეული გახლდათ მხატვარი მიხეილ ჯანაშვილი. მშვენიერი პორტრეტისტი იყო... არაჩვეულებრივი ნახატები აქვს რუსთაველის თემაზე.
ისიც მეიდანზე ცხოვრობდა, იქ ჰქონდა სახელოსნო...
შალია-გრუზია და მოშაია-ყურუ-ყურუ
ებრაელებს საოცრად მოხდენილი სახელები ჰქონდათ. განსაკუთრებით ეს მეტსახელებში აისახა... შალია-გრუზია მტვირთავად მუშაობდა ისრაელში და მეტსახელად "გრუზია" დაირქვა. ერთს არონია-კომუნისტი ერქვა. იყო ყოდია-ყანჩი, უსაშველოდ მაღალი კაცი, ამიტომ დაარქვეს ეს სახელი. მოშაია-ყურუ-ყურუ ანუ მოშე ისე ლაპარაკობდა, სიტყვების მაგიერ სულ ყურუ-ყურუ გესმოდა. შალია-კოტე დამკვრელი იყო, "ქეთო და კოტედან" მღეროდა სიმღერებს. იყო ტიკჭორა - გაპარჭყული სიარული იცოდა. ყოდია-ტყიური, ზანგია, ბეხორა-ქოსა, მიშა-ლეღვა, გაბო-იშაია, მოშაია-კიჩხიანი, მოშაია-ქაჩალა, არონია-ფაცა-ფაცა...
ერთხელ, სინაგოგაში კაცი ლოცულობს. დილის ლოცვა საღამოსაში აურია, საღამოს ლოცვა - დილისაში. მრევლიდან დაუძახა ვიღაცამ, - კაცო, რას ურევ ლოცვასო... საკმაოდ ენამოსწრებულად უპასუხა, - დაგენაცვლე, სანამ გამჩენთან ავიდოდეს ეს ლოცვა, თვითონ დალაგდებაო...
ებრაელი, ვაჭარი იქნებოდა თუ სხვა ხელობისა, ოჯახის პრესტიჟად თვლიდა, რომ შვილისთვის ესწავლებინა. სწორედ ამის წყალობით წამოვიდა განათლებული თაობა, მერე დაიწყო რეპატრიაცია და ამ თაობის კულტურული აღმავლობა ისრაელში გაგრძელდა.
ეს ებრაელობა თბილისის საოცარ სახეს ჰქმნიდა. ახლაც არ არის ქართველ ებრაელთა შორის ერთფეროვანი ფენა, არის რელიგიური, პოლიტიკური, ათასგვარი მენტალობის ხალხი. თუმცა, როცა თბილისზე მიდგება საქმე, ერთსახოვანი ხდებიან - თბილისელობა ყველას ამთლიანებს და ალამაზებს. ნოსტალგია მათ ფსევდონიმებშიც ჩანს - ერთმა ავლაბრელი დაირქვა, მეორეს - მეიდანას ეძახიან.
ცნობილ თეატრალურ მოღვაწეს ბადრი კობახიძეს ამერიკაში სტუმრობისას უნახავს ერთი ებრაელი, რომელიც ავტობუსების შორეული რეისების მძღოლად მოწყობილიყო. ავტობუსებს, ბუნებრივია, ტრაფარეტი აქვს და აწერია მარშრუტი. ამ თბილისელ ებრაელს ოფიციალური წარწერის ქვევით არცთუ მოკრძალებულად მიუწერია - "თბილისი-ქუთაისი".