ბოლშევიკებმა აფხაზეთს „დამოუკიდებლობა“ აჩუქეს

ბოლშევიკებმა აფხაზეთს „დამოუკიდებლობა“ აჩუქეს

„წითელმა“ რეჟიმმა სავსებით აღადგინა საქართველოში ცარიზმის მეთოდები და საშუალებები ერთა გათიშვის და დაქუცმაცების. მან პირველყოვლისა დაწიწკნა ქართველი ერის ორგანიზმი იმით, რომ ჩამოსჭრა მას მისი ორგანიული ნაწილები ბორჩალოში, სადაც გლეხები, თვით რუსის სოფლებშიაც კი საქართველოსთან ყოფნას თხოულობდნენ, ჩამოაჭრა ფაქტიურათ აჭარა, არია გორის მაზრა ცხინვალის რაიონის ოს „ნასტრაჟნიკალების“ და „ნაპრისტავალების“ გულისათვის - და ბოლოს ჩამოაცილა აფხაზეთი, სადაც ორი მესამედი წილი მცხოვრებლებისა, თუ მეტი არა ქართველი ტომისანი არიან და სადაც გრძნობა საქართველოსთან განუყრელად ყოფნისა ძლიერი იყო იმ ეკონომიურ-პოლიტიკური კავშირის გამო, რომელიც არის მთავარი შემაკავშირებელი ძარღვი სახელმწიფო სხეულის.

ჩვენ ამ წერილში გვინდა მოვუთხროთ მკითხველებს ამ უკანასკნელზე, ე. ი. აფხაზეთის ჩამოშორებაზე.

წითელ არმიის შემოსევის პირველ დღეებშივე ბათომში შეგროვილმა სამმა აფხაზმა ბოლშევიკმა, ვიღაც ეშბას მეთაურობით და ორმა ქართველმა კომუნისტმა აფხაზეთის ხალხის სახელით ერთი კომუნისტური დამოუკიდებელი რესპუბლიკა შემატეს კაცობრიობას.

აფხაზეთის 200 000 მცხოვრების სახელით აღიარეს მათი დამოუკიდებლობა. შემდეგში ეს დაამტკიცა, ასე ვთქვათ, აფხაზეთის გლეხთა და მუშათა საბჭომ, რომელიც ღმერთმა იცის, რა ბოლშევიკური წესებით და სისტემით მოაგროვეს ამ უზურპატორებმა, ხოლო თფილისის მოღალატეთა რევკომმა ეს მაკიაველური აქტი საქართველოს სხეულის დაქუცმაცებისა დიდის ზეიმით დაამტკიცა.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეჭვი არაა მხოლოდ დიპლომატიური გამოგონებაა დამოუკიდებელ საქართველოს დასასუსტებლად და არა თვით აფხაზეთის მცხოვრებთა სურვილი. მართლაც და სად გაგონილა 200 000 მცხოვრების დამოუკიდებელი არსებობა! თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ 200 000-დანაც აფხაზები, რომელთა სახელით მოხდა ეს გამოყოფა, 40-60 ათასს არ აღემატებიან, ესე იგი დაახლოებით მცხოვრებთა მესამედს წარმოადგენენ, ჩვენთვის ცხადი იქნება მოსკოვის აგენტების ბნელი ზრახვანი და ბნელი საქმენი!

აფხაზეთის ხალხი ამ ოპერაციაში თითქმის რომ არაფერ შუაშია. აფხაზეთის ხალხმა თავის ნებისყოფა საყოველთაო ხმის მიცემით არჩეულ სახალხო საბჭოს საშუალებით გამოსთქვა 1919 წლის 20 მარტს, როცა 33 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ნაწილი შედის საქართველოს რესპუბლიკაში. ეს 7 დეპუტატი, რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა, საქართველოსთან შეერთებას ემხრობოდნენ, მაგრამ ავტონომიის უფლებათა გაფართოებას მოითხოვდნენ. ამ რიგათ აფხაზეთი დემოკრატიულ საქართველოს ფარგლებში ავტონომიურათ განაგებდა თავის საქმეებს „წითელი“ არმიის შემოსევამდე და ფაქტიურათ მაშინ მეტი დამოუკიდებლობით სარგებლობდა, ვინემ დღევანდელი „დამოუკიდებელი საბჭოთა აფხაზეთი“.

აფხაზეთი იმდენათ შესისხლხორცებული იყო საქართველოსთან, რომ კიროვის, შეიმანის და სხვა ბოლშევიკურ აგენტების მილიონები ხალხის მოსასყიდათ და ამ განაპირა კუთხეში აჯანყების მოსაწყობათ უქმათ იკარგებოდა. სწორედ ომის დაწყების წინ ამაში იძულებული იყვნენ გამომტყდარიყვნენ თვით კომუნისტები, რომელნიც სწერდნენ თავის მთავრობას, რომ აფხაზეთის გლეხობა შეუგნებელია და აჯანყებას ვერ მოაწყობს, ამიტომ „წითელი“ არმია უნდა იქნეს შემოყვანილი მათ „განსათავისუფლებლათო“.

თვით ამ ჯარის შემოჭრის დროს აფხაზები, ისინიც კი, ვისაც მობილიზაცია არ უწევდა, ქართველ ჯართან ერთად იბრძოდნენ მოხალისეებათ და მხოლოდ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გულდაწყვეტილნი დაუბრუნდნენ თავიანთ კერას და დაემორჩილენ ფიზიკურ მოძალადეებს.

კომუნისტებს, მართალია გაუჩნდათ მცირედი მომხრეები აფხაზეთშიც, მაგრამ ვინ არიან ეს მომხრეები?

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ესენია იმ 7 გათიშულ დეპუტატის თანამოაზრენი, რომელნიც 1919 წელს ავტონომიის გაფართოვებას მოითხოვდნენ. მაშინ მათი მთავარი მამოძრავებელი მოტივი იყო ის, რომ თავიდან აეცდინათ საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული და რევოლიუციური კანონების მოქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე და აქ მაინც ძველი წყობილება შეენარჩუნებინათ.

ესენი იყვნენ მტერი დემოკრატიის და მომხრე შავი რუსეთის. როცა აფხაზეთის სანაპიროზე დენიკინის ლაშქარი იდგა, ეს ვაჟბატონები ავტონომიის სახელით მოითხოვდნენ აფხაზეთიდან ქართველი ჯარის გაყვანას. მაშინ ისინი დენიკინს ეტმასნებოდნენ. როცა ბოლშევიკების სახით მათ დაინახეს „წითელი“ რეაქციის მოსვლა, ამ უკანასკნელს მიემხრენ და აფხაზეთი საბჭოთა საქართველოსაც კი ჩამოაშორეს, რომ უფრო ახლო დაკავშირებოდნენ რუსეთის ბნელ რეაქციას.

ეს ფრაქცია შესდგება რუსეთის ყოფილ მოხელეებისაგან და იმ ნახევარ-ინტელიგენტებისაგან, რომელნიც ძველი რეჟიმის დროს ჭეშმარიტ რუსთა კავშირში შედიოდნენ: ბ. ადლეროვის, გოლუბევის და სხვ. მეთაურობით. აი ასეთი ხალხი, დემოკრატიისაგან გარიყული, ყველა ეს ცაგურიები, მარღანიები და სხვ. ამოუდგნენ დღეს გვერდში „წითელ“ ჯარს და ფეხქვეშ ეგებიან მას. ფაქტიურათ მათ ძალაუფლება არც მოეპოვებათ და არც იმდენათ თავსატეხ საგნათ აქვთ გადაქცეული. აფხაზეთს განაგებს მოსკოვიდან დანიშნული კომისარი, ვინმე ტერეკიანი, რომელსაც მუშათა და გლეხთა ინსპექტორი ეწოდება და ურომლისოდაც აფხაზეთის კომუნისტები თითსაც ვერ გაანძრევენ.

ცხადია ამ რეაქციის პირწმინდა მოციქულებსაც იგივე ასულდგმულებს, რაც მოსკოვს: ხელი შეუშალონ საქართველოს არსებობას, რადგან საქართველო „დე-იურე“ ცნობილია და ბოლშევიკების ოკუპაციით იგი ვერ გაუქმდება. მათ იციან, რომ იგი აღსდგება თავის დემოკრატიულ წყობილებით. და აი ეს ვერ მოუნელებიათ...

მაგრამ ბოლშევიზმიც ისე განწირულია დღეს, როგორც ამ შავრაზმელთა ოცნებანი ცარიზმის დაბრუნებაზე. და აფხაზეთი განახლებულ, მკვდრეთით აღმდგარ საქართველოს, ჩვენ ღრმად გვწამს, კვლავ გვერდში ამოუდგება.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას