დღეს მსურს ჩემი გამოსვლის ძირითადი დრო დავუთმო ომის ფასზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბარს და თქვენთან ერთად გავიხსენო აგვისტოს ომის მძიმე შედეგები, მე კარგად ვიცი ვის ვესაუბრები დღეს და ვინ თუ არა თქვენ, ჩვენო მაგარო ქართლელებო, მებრძოლებო, იცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც... 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უკვე 16 წელი გავიდა და ამ ომმა დაგვიტოვა თითოეულ ჩვენგანს მოუშუშებელი იარა. ის ჭრილობა რომელიც არასოდეს არ შეხორცდება, სანამ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობით არ დავიბრუნებთ! , - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, გორში შეკრებილ მოსახლეობას.
მისივე თქმით, 2008 წლის ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა გმირი ქართველი ხალხის სახე და ამავდროულად ამ ომმა დაგვანახა, რომ როცა გამყიდველი ხელისუფლებაა სათავეში და როცა ეგრეთ წოდებული აგენტურა მართავს ქვეყანას, ისინი არ ზრუნავენ ხალხზე, არამედ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე.
„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები და ის საშინელი ტრაგედია და განსაცდელი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით თქვენს რეგიონს, ეს ომი განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა თქვენთვის, რადგან პირადად გამოსცადეთ ომის შედეგები, დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა, ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, ჩვენი თანამოქალაქეები და ამ ომმა გამოიწვია ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, დაბრუნდა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი, რომელმაც დატოვა საქართველო 2007 წელს, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად არ აგვარიდა ეს ომი, რითაც ჩაიდინეს ღალატი და გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი... ამ ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა გმირი ქართველი ხალხის სახე. ჩვენ ვიხილეთ გმირი ჯარისკაცების გმირული ისტორიები, შინდისის ბრძოლა ანწუხელიძის და სხვათა გმირული საქმენი, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ვიხილეთ მხდალი გამყიდველი ხელისუფლების სახე, გახსოვთ კარგად მთელს მსოფლიოში თავი როგორ მოგვჭრა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც ომის დღეებში, 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენი შინდისელი გმირები, ჩვენი ჯარისკაცები თავგანწირვით იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საკუთარ მიწა-წყალს, იმავე დღეს ვნახეთ მიწაზე გართხმული, შეშინებული პრეზიდენტის, ვნახეთ გაქცეული მინისტრები და პარლამენტის წევრები, ეგრეთ წოდებული მჩაგვრელი პოლიტიკური ელიტა, რომელმაც გაწირა ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამ ომისთვის... ამ ომმა დაგვანახა, რომ როცა გამყიდველი ხელისუფლებაა სათავეში და როცა ეგრეთ წოდებული აგენტურა მართავს ქვეყანას, ისინი არ ზრუნავენ ჩვენს ხალხზე, არამედ ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე, მხოლოდ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე. გამახსენეთ რომელი პოლიტიკოსი, მინისტრი თუ პარლამენტარი ან მათი ოჯახის წევრი ომობდა და ვინ შეეწირა ამ ომს? რა თქმა უნდა არცერთი - ვინ სად გარბოდა არ იცოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ გაქცევისას, ამ დროს ჩვენი საამაყო, გმირი ხალხი, გმირი ჯარისკაცები, გმირი პოლიციელები შეეწირნენ მათ ამ ბინძურ ავანტიურას და უგუნურობას, რომ არა ჩვენი პატრიარქის პირადი ჩართულობა, გამბედაობა და თავდადება, გახსოვთ, რომ ჩვენი გმირების ცხედრების გამოყვანაც კი არ ადარდებდა სააკაშვილის ხელისუფლებას. რა მოხდა ომის შემდეგ? ჯერ გმირების ცხედრებიც არ ჰყავდათ გადმოსვენებული, როცა გამყიდველმა ხელისუფლებამ რუსთაველზე შეკრიბეს ჩვენი ხალხი და და წაგებული ომი აზეიმეს და მიშა, მიშა აძახებიეს. ამის შემდეგ მისი დავალებით ხელი მოაწერეს ანტისახელმწიფოებრივ, სრულიად მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში, ეს ხომ პირდაპირი ღალატი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესის. რამდენიმე თვეში ამ ომიდან, იმ დროს როცა რუსეთი აშენებდა ახალ რუსულ სამხედრო ბაზებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, სააკაშვილის გამყიდველმა მთავრობამ რუსეთს გაუხსნეს ჯერ ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, პირადად საზღვარზე ხვდებოდა თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი რუს ტურისტებს, გახსოვთ შემდეგ როგორ გადასცეს ჩვენი სახელმწიფოს აქტივები სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული ობიექტები და ცხოვრება გააგრძელეს ბედნიერად, ვითომ არაფერი არ მომხდარა და სამწუხაროდ, მინდა ასევე ავღნიშნო, რომ ასევე მოიქცა მთელი დანარჩენი სამყაროც, მთელი მსოფლიო, ყველამ გააგრძელეს რუსეთთან ვაჭრობაც, პარტნიორობაც და თანამშრომლობაც. ამიტომ, ეს ომი არის ჩვენთვის გაკვეთილიც, ჩვენს გამო და ჩვენი ტერიტორიებისთვის არავინ არ იომებს, არავის არ ადარდებს, უნდა ვთქვა პირდაპირ, რამდენი ქართველი დაიღუპება ომში, რადგან ყველას აქვს საკუთარი ინტერესი, ყველას ადარდებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.