საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბერლინში გამართულ დისკუსიას სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ეკა ტყეშელაშვილი ესწრებოდა

საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბერლინში გამართულ დისკუსიას სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ეკა ტყეშელაშვილი ესწრებოდა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბერლინში გამართულ დისკუსიას სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ეკა ტყეშელაშვილი ესწრებოდა, რომელიც ამჟამად უკრაინაში, USAID-ის ანტიკორუფციულ პროგრამას ხელმძღვანელობს

კონრად ადენაუერის ფონდის და ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის ორგანიზებით, ბერლინში გაიმართა   პანელური დისკუსია სახელწოდებით „საქართველოს აქვს არჩევანი: ევროპა ან რუსეთი?“, რომელზეც საუბრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.

აღსანიშნავია, რომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც ამჟამად USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია და "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ტყეშელაშვილმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საქართველოში იკავებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს, დისკურისიის სხვა მონაწილეებთან ერთად ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: რა დევს სასწორზე 26 ოქტომბრის არჩევნებში, რატომ არის ისტორიული მნიშვნელობის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რა შესაძლო სცენარებია მოსალოდნელი არჩევნების შემდგომ, რა მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და სხვა.

როგორც ღონისძიების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ერთ-ერთი მთავარი საკითხია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც მოხსენიებულია "აგენტების კანონად" და "წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისთვის."

ღონისძიება მოეწყო დისკუსიების ციკლის „საქართველო ფოკუსში“ ფარგლებში, რომლის მიზანია, საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე საუბარი.