სიის ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები, გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, როგორც სპორტიდან, ასევე ბიზნესიდან, ხელოვნებიდან და ა.შ., - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სიის პირველი ოცეულის კრიტიკას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წარდგენილ სიაში გასაკრიტიკებელი არაფერია, ოპოზიციას არ აქვს განახლების რესურსი და სწორედ ეს არის მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც სათანადოდ უნდა იქნას გამოყენებული.
„კრიტიკა ჩვენ დიდად ვერ მოვისმინეთ, იყო გარკვეული მცდელობა, რომ რაღაც ეთქვათ სიასთან დაკავშირებით, თუმცა სინამდვილეში, აქ გასაკრიტიკებელი არაფერია. თქვენ ნახეთ, რომ ამ სიაში, ოცეულში იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრები, გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსები, გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, როგორც სპორტიდან, ასევე ბიზნესიდან, ხელოვნებიდან და ა.შ. ყველა მიმართულებით, ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე, რაც ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოახერხა. არც ერთ პარტიას არ აქვს განახლება. წარმოიდგინეთ, „ახალი" ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილნი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები, გვარამია, მელია და სხვები. ამხელა ნონსენსი უბრალოდ წარმოუდგენელია. მათ არ აქვთ განახლების რესურსი, ამიტომ ეჭვიანობენ, არ მოსწონთ, შურთ ჩვენი განახლებული სიის. მათ არ აქვთ სიის განახლების არავითარი რესურსი, ეს არის ჩვენი უპირატესობა და ეს უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ,"- განაცხადა პრემიერმა.