წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება ისმენს ათასგვარ მუქარას, შანტაჟს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ის, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი.
„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე საქართველოში. რაც შეეხება ზოგადად სურათს, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვისმენთ ათასგვარ მუქარას, შანტაჟს. ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი - ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან გულდაწყვეტილი კონკრეტული ადამიანები და მათ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ საკუთარი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში, რათა გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ვერ ეღირსებიან, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ასეთ ძალას, სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არასდროს არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად რომ მუშაობს, იმიტომ არის მყარად დაცული საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება უწყვეტად, 12 წლის განმავლობაში. როცა წინა რეჟიმს არ ჰქონდა არავითარი სისტემები და პირიქით, ავანტიურებს აწარმოებდა, მაშინ მოხდა სწორედ ომი, რამაც შეიწირა 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, 30 000-ზე მეტი დევნილად იქცა", - განაცხადა პრემიერმა.