ივანიშვილის ფუნქცია მსოფლიო გეპოლიტიკურ არენაზე

ივანიშვილის ფუნქცია მსოფლიო გეპოლიტიკურ არენაზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია. „ოცნების“ ეს სვლა მოსალოდნელიც იყო, რადგან დღესაც, როგორც ყველა სხვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირობო გამარჯვების ფაქტორი ივანიშვილია. თუმცა, არჩევნების შემდეგ სად გადაინაცვლებს ივანიშვილი, დარჩება პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე, თუ აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში, ამ ეტაპაზე უცნობია. უმრავლესობაში კატეგორიულად გამორიცხავენ მოსაზრებას, თითქოს ივანიშვილი პარლამენტიდან პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლებს.

უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იმიტომაა, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი.

„საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, პირდაპირ გეუბნებით. შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის. ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს. აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. იმიტომაა სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი და მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ აღიარებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის დაკვირვებით, ამომრჩევლის მოზიდვის ფუნქცია უნდა შეასრულოს. „ქართულ ოცნებას“ მობილიზება არჩევნებში დამაჯერებელი შედეგისთვის სჭირდება.

„რატომ სჭირდება მოზიდვა „ქართულ ოცნებას“ - რატომ არის ასეთი ძლიერი მობილიზება? - იმიტომ რომ, სულ არის როგორც შიდა, ისე გარე ექსპერტებისა თუ პოლიტიკოსების შეფასებები, რომ არჩევნების შედეგი საეჭვო თუ იქნება, საქართველოს ხელისუფლების მიმართ რაღაც სანქციები გატარდება. არა საეჭვო, დამაჯერებელი შედეგი იქნება მაშინ, თუ ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობას შორის, დიდი იქნება განსხვავება. ამისთვის მობილიზება სჭირდებათ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი მივიდა გადამწყვეტი პოლიტიკური თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად. მისი თქმით, ივანიშვილი არის გარანტი ქვეყნის სუვერენიტეტის სრულყოფის, მშვიდობის შენარჩუნების და განმტკიცების, მოზარდი თაობის და საერთოდ, საზოგადოებაში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, თავად ლგბტ თემის უფლებების სრული დაცვის, გარე ძალების მიერ დაფინანსებული მეხუთე კოლონის, იგივე „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ-სამართლებრივი გასამართლების და იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური გაცამტვერების.

„უდავოა, ყველას გაუკვირდა რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში, როდესაც გასული წლის იანვარში მესამეჯერ შემოვიდა პოლიტიკაში. ის ხედავს, რომ მსოფლიო გეპოლიტიკურ არენაზე ძალიან დიდი არეულობებია, მიმდინარეობს გადანაწილებები და ამ გადანაწილებებში თუ ჭკუით არ მოიქცევა საქართველო, ისე გავქრებით, როგორც შარშადნელი თოვლი. ამიტომ, ივანიშვილმა კარგად იცის დღეს რა გადანაწილებები არის და როგორ მიმდინარეობს მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გადაადგილება.

სწორედ მოვიდა იმ დროს და იმ სიტუაციაში, როდესაც ამის საჭიროება იყო. ვნახოთ და გადავხედოთ მის მოღვაწეობას - როდესაც 2012 წელს შემოვიდა პოლიტიკაში, არავის არ ეგონა, რომ ასეთ კოლოსალურ წარმატებას მიაღწევდა. მე ვსვამ ასეთ კითხვას - 2012 წლის შემდეგ ივანიშვილმა მოიგო თუ არა ყველა ის პოლიტიკური თამაში, რომელიც მის წინააღმდეგ წამოიწყეს? - უკლებლივ ყველა პოლიტკური თამაში მოიგო და ამის დამადასტურებელია ის, რომ საქართველოს ამ 12 წლის განმალობაში 1 სანტიმეტრი მიწა არ დაუკარგავს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან.

ასევე, რაც მნიშვნელოვანია, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე საქართველო არ ჩართულა ომში. ხმალი მაშინ უნდა მოიქნიო, როდესაც მოსაქნელია. რაც მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის ხედვით და ეს ასეც იქნება, საქართველო რეგიონში გახდება პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ფინანსური ჰაბი. ეს მოსალოდნელია, ვინაიდან ისე მიმდინარეობს მსოფლიო გეოპოლიტიკური გადანაწილება, საიდანაც საქართველო აუცილებლად გამარჯვებული გამოვა“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

ა-ო „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე თვლის, რომ ივანიშვილი საქართველოს შემდგომი პრეზიდენტი იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე, მამალაძის განცხადებით, ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პირველ ნომრად დაფიქისრებამ წერტილი დაუსვა ოპონენტების სპეკულირებას მისი პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილმა ბუნდოვანება გაფანტა და პარლამენტში შესვლით დააფიქსირა, რომ როგორც დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ავტორი პასუხისმგებობას იღებს ქვეყნის მომავალ განვითარებაზე და სტრატეგიაზე. მან საკმარისად გაწვრთნა და გამოზარდა ახლგაზრდა პოლიტიკიოსები, რომლებიც მთავრობასა და პარამენტის მაღალ თანამდებობებზე პროფესიონალიზმს ავლენენ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერობას ან პარლამენტის თავჯდომარეობას არ მოინდომებს, ამისთვის „ქართულ ოცნებას“ უკვე გამოცდილი მოხელეები ჰყავს.

საქართველოს პრეზიდენტობა კი ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები თანამდებობა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით შეზღუდული უფლებები აქვს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური წონისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით, მას ქვეყნის პირველი პირის დატვირთვა მიეცემა. საპარლამენტო არჩევნებში, „ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების შემთხვევაში კი, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის გაზრდაც არ უნდა გამოირიცხოს“, - აცხადებს ლევან მამალაძე.