მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ჩვენი ამხანაგი გრიგოლ ცინცაძე.
პირველ ომიდგან ახალგაზრდა გრიგოლი ოფიცრის ხარისხით დაბრუნებული, მთელი თავის არსებით გადაეშვა დამოუკიდებელ საქართველოს თავდაცვის საქმეში.
ჯერ ჩვენ მეზობელთან სამწუხარო ომში მან მიიპყრო ყველას ყურადღება თავის მამაცობით, თავდადებით... შემდეგ მას ვხედავთ სოჩაში, სოხუმში... ხოლო მის შემდეგ მას ირჩევენ გურიაში - ჩოხატაურის გვარდიის შტაბის თავმჯდომარეთ.
ამ თანამდებობაზე მას უხდებოდა თავდაცვის წარმოება - ნორჩ რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოსულ - დამარღვეველ ძალებთან.
მხურვალე მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომში. ხოლო 1924 წლის აჯანყებაში გრიგოლი იყო ერთ-ერთი მეთაურთაგანი და ხელმძღვანელი.
უცხოეთში გადმოხვეწის შემდეგ იგი დარჩა ისეთივე მხნე, გულადი, იმედიანი და მხურვალე მოსიყვარულე თავის სამშობლოსი.
სწორედ სიკვდილის წინა დღეებში მას ეღირსა ბედნიერება ეხილა თავისი საყვარელი მეუღლე, რომლის მკლავზე მან დალია სული.
დასაფლავებას ვერ ჩამოუსწრო, მაგრამ მისი ღია საფლავი იხილა მისმა უმცროსმა ვაჟმა.
გრიგოლი ამა წლის 5 მაისს, დასაფლავებულ იქნა ლევილში, ძმათა სასაფლაოზე, მრავალ ქართველთა თანდასწრებით.