საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, სინამდვილეში ისინი საარჩევნო კამპანიას მართავენ ქვეყნის გარეთ, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო კამპანიებს ვერ ატარებენ, აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები.
„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები ვერ დავაკონკრეტებ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან იმართება ეს ბრიფინგი, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ, კამპანიებს ვერ ატარებენ აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. რეალურად საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში ისინი საარჩევნო კამპანიას მართავენ ქვეყნის გარეთ, რაც სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამისათვის მათთვის ხდება პლატფორმების შეთავაზება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი აქტები რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება რეალურად 26 ოქტომბერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.