ერმილე გიგიაძის გარდაცვალება ნამდვილად ტრაგიკული შემთხვევაა, რომელმაც მე პირადად ძალიან შემძრა და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გაგრძელება იმ კამპანიისა, რასაც „მონა, მონას“ ძახილი ჰქვია, რამაც დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთთან და სწორედ ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა მათ არ აპატიებს არასდროს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მათ თუ არ აქვთ ლიტერატურა წაკითხული და არ აქვთ ცოდნა, რას ნიშნავს სტიგმატიზაცია და რას ნიშნავს დემოკრატია, კარგად გაერკვნენ.
როდესაც ადამიანების ბულინგით ვართ დაკავებულები, ადამიანის სტიგმატიზაციით, შეურაცხყოფით ვართ დაკავებულები, ეს არის სწორედ ის, რასაც ევროკავშირი ებრძოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ეს არის სწორედ ის, რასაც დღეს ფაშისტურ გერმანიას ვუწოდებთ და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარი აქტივისტების მეშვეობით ამის დანერგვას ახორციელებს. ამ შედეგამდე რამაც მიგვიყვანა, სწორედ ამ აქტივიზმის შედეგია.
შემთხვევის შემდეგ მალევე ვხედავთ, რომ უცებ იშიფრება, თუ ვინ არის ის კონკრეტული ადამიანი, ვინც არ ინდობს მეორე ადამიანს და ყველას თვალწინ აღვივებს იმას, რასაც თანამედროვე ფაშიზმი ჰქვია. საუკეთესო ფაშისტური და კომუნისტური მეთოდებით.
ეს არის სრულად ლუსტრირებული კამპანია, რომელსაც მხოლოდ მათთვის მოაქვს ზიანი. აქედან მინდა ვუთხრა ჩვენს რადიკალებს, რომ მათი ამ კამპანიის შედეგად გული აენთოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე არ იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა კარგად დაინახეს, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა სურთ ამ ადამიანებს.
ოპოზიციის საუბედუროდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო მაჩვენებელი ახლა იქნება იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში იყო“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.