პარადოქსია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ საქართველოს მოქალაქეების ტერორითა და ძარცვით იყვნენ დაკავებული, ახლა რადიკალური ოპოზიციის ფორმატში იმყოფებიან და ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
იგი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ცდილობენ, ის, რასაც გამჭვირვალობა ჰქვია, რუსულად შეფუთონ, მაშინ როდესაც, თუ კარგად დავუკვირდებით, რუსულ საქმეს სწორედ ეს ადამიანები აკეთებენ. არ შეიძლება იყოს იმაზე მეტად რუსული, რაც მათ 2008 წელს გააკეთეს. ვგულისხმობ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის ხელშეწყობას, რომ არაფერი ვთქვათ, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე, ინტენსიურ კამპანიაზე, რომ ისინი ცდილობენ, ამ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაცია შეულახონ.
მოსახლეობამ ძალიან კარგად დაინახა, რომ არანაირ რუსეთთან, შეფუთულ ცრუ პროპაგანდისტულ ინფორმაციასთან, რომელსაც ბოლო წლის განმავლობაში ინტენსიურად ავრცელებდნენ, ჩვენ საქმე არ გვაქვს. ჩვენ არ გაგვიღვიძია რუსეთის რომელიმე ქალაქში. ღვთის მადლით, ჩვენ ვიღვიძებთ ჩვენს სამშობლოში, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მთავარი საფუძველი ამ დინამიკური ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების, არის ერთადერთი რამ - ეს არის მშვიდობა“, - განაცხადა ბითაძემ.