ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა, ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინა ხვედელიძემ უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე „იმედის კვირასთან“ ისაუბრეს.
მათ გაიხსენეს, თუ როგორ გაჩნდა ახალი უნივერსიტეტის მშენებლობის იდეა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ისტორიულად ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და იქ საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა მართებული იყო.
მისი მეუღლის ეკატერინა ხვედელიძის განმარტებით, აღნიშნული იდეა თანდათან ყალიბდებოდა.
„დღეს, როდესაც სხვაგვარ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რეალურად ხდება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს“, - აღნიშნა ეკატერინა ხვედელიძემ.
თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა: „ჩვენ უნდა მოვახერხოთ და განვითარების ტემპები გავზარდოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავფუძნდეთ ჩვენს ისტორიულ ადგილზე. მხედველობაში მაქვს არა ტერიტორია პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ადგილი, რომ ვიყოთ ევროპის ქვეყნების სრულყოფილი და სრულფასოვანი წევრი. ამას კი განათლების გარეშე ვერ მოვახერხებთ. განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.