„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონში მცხოვრებმა მრავალეროვნულმა მოსახელობამ ზუსტად იცის, რომ მათ სამშობლოს, საქართველოს ღირსებას ვერავინ წაართმევს.
მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ რა ტყუილიც არ უნდა თქვას, არჩევანი მარტივია, შესაბამისად, მოსახლეობამ ეროვნულსა და აგენტურულს, კეთილსა და ბოროტს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
„აქ მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს - საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს და საკუთარ წარსულზე უარს ვერავინ ათქმევინებს, წარსულზე, რომელიც ასევე ღირსეული მომავლის მთავარი საფუძველია.
რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა „რუსული“ ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს და ბოლო-ბოლო, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.