უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება: ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მეორე - ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ახალციხეში, საარჩევნო რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს ყველა მხრივ და სწორედ ეს აწუხებთ არაკეთილმოსურნეებს, რომლებსაც, ეს ქვეყანა მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ.
„არ არსებობს, მეგობრებო, სფერო, სადაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პროგრესი არ აქვს, იმ ხარისხის პროგრესი და წინსვლა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარება, შეურაცხმყოფელიც კია უკვე. მაგალითად, ბოლო წლებია, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ალბათ, არ იყო ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა გვქონოდა ომით გარშემორტყმულ რეგიონში, ომით გარშემორტყმულ ქვეყანაში - ამას ებრძვიან სწორედ, ასეთი შედეგებია ვიღაცებისთვის მთავარი პრობლემა და სამიზნე მათთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა არაფერში სჭირდება, საქართველო მხოლოდ გლობალურ ჭრილში შესაწირ პაიკად წარმოუდგენიათ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რადიკალების გეგმაა, არჩევნები უცხოელი პატრონების დახმარებით, გაყალბებულად გამოაცხადონ, თუმცა, ქართველი ხალხი, ხელისუფლებასთან ერთად, საქართელოს გარედან მართვას არასდროს შეეგუება.
„არჩევნების შემდეგ უნდა იძახონ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ და ამით გამოიწვიონ მღელვარება. თუმცა, ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება!“ - განუცხადა მდინარაძემ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას.