საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.
ჰელმანდის პროვინციაში, საზღვაო ქვეითების ბაზა „ლეზერნიკზე“ განლაგებულ 31-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობის დღესასწაული საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და პირველი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი შენგელიამაც მიულოცეს.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა მამა ავთანდილმა აღავლინა.
ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულებისას, გენშტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა კაპანაძემ 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადასცა.
ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის დროს, გენერალ-მაიორმა კაპანაძემ შეხვედრები „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთაურთან გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან და ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაურთან პოლკოვნიკ დენიელ სალივანთან გამართა. მასპინძელმა მხარემ ქართულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმ წვლილისათვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის სტაბილიზაციის ოპერაციაში შეაქვს. როგორც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სამხედროებმა განაცხადეს, ქართველები პროფესიონალი სამხედროები არიან და მათ საქმიანობას კოალიციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ავღანეთში ქართველი სამხედროები ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში ISAF-ის ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საგუშაგოების მოწყობაა.