ბოლო დროს დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო (პოლიტიკური) სამართლის ის ნაწილი, რომელიც ერთა „თვითგამორკვევის“ ანუ „თვითგანსაზღვრის“ პრობლემას ეხება.
საერთაშორისო სამართლის საბოლოო სახით ჩამოყალიბება მოხდა ჰელსინკის პროცესის შედეგად, რომლის დასკვნით აქტს ხელი მოაწერეს 1975 წელს.
მანამდე, მთელი 9 წლის განმავლობაში, ევროპული ქვეყნების, საბჭოთა კავშირის, მისი სატელიტების, ამერიკისა და კანადის წარმომადგენლები დასკვნითი დოკუმენტის თითოეული სიტყვის, თითოეული სასვენი ნიშნის გამო გააფთრებით იბრძოდნენ. მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ, როგორც იქნა, მოხერხდა აქტზე ხელმოწერა.
ჰელსინკის პროცესში უმთავრესი იყო „ადამიანის უფლებათა“ კონცეფციის იურიდიული გაფორმება. ტოტალიტარული სამყარო იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. ნაკლები ყურადღება ეთმობოდა დაპყრობილ ერთა თვითგამორკვევას. იმთავითვე ნათელი შეიქნა, რომ ეს პრინციპი წინააღმდეგობაში შედიოდა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრინციპთან.
საბოლოოდ მოიძებნა ფორმულა, რომელიც გარკვეულად აწონასწორებდა ამ წინააღმდეგობას. ერთა თვითგამორკვევის უფლების აღიარების შემდეგ მოდიოდა ასეთი აბზაცი: „ზემოთ მოყვანილ აბზაცთაგან არც ერთი არ უნდა იქნას განმარტებული, როგორც ისეთ ქმედებათა სანქციონირება, რომლებიც მიმართულია იმ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის სრული თუ ნაწილობრივი დარღვევისაკენ, რომელნიც დამოუკიდებელნი და სუვერენულნი არიან, მოქმედებენ ხალხთა თვითგამორკვევისა და თანასწორუფლებიანობის ზემოთ მოყვანილი პრინციპების თანახმად და რომელთაც ჰყავთ მთავრობები, არჩეული ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიერ, განურჩევლად რასისა, რწმენისა და კანის ფერისა“.
ამ ფორმულაში, რომელსაც ხანგრძლივი, სკრუპულოზური მუშაობის დაღი ატყვია, გადმოცემულია თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების არაერთგვაროვანი მიდგომა პრობლემისადმი.
ერთი მხრივ, აღიარებულია დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოების უფლება, შეინარჩუნონ ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ, მეორე მხრივ, გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს რჩებათ საშუალება, მაინც იბრძოლონ გამოყოფისათვის, რადგან ნათქვამია, რომ ტერიტორიული მთლიანობა იმაზედაც არის დამოკიდებული, ჰყავს თუ არა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს თავის წარმომადგენელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
ანუ, თუ, მაგალითად, აფხაზები არცერთ თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდნენ (ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს), ითვლებოდა, რომ მათ არ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში.
თუმცა, მეორე, მხრივ, ლაპარაკია არა ეთნიკურ ჯგუფზე, არამედ ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხზე, მაგრამ ეს ფორმულირება მაინც უტოვებდა სეპარატისტებს გარკვეულ შანსს.
აქ წარმოიშობა ერთი საინტერესო პრობლემა, რომელიც ჩვენ ბოლო დრომდე კარგად არ გვქონდა გაცნობიერებული. საქმე ის არის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოუდგენილია ერთიანი ხალხის, ანუ ნაციის (ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით) არსებობის გარეშე.
„ნაცია“ მხოლოდ ერთი ერის წარმომადგენელთ როდი გულისხმობს, იგი გულისხმობს ერთიანი კულტურის, ერთიანი ენის და ერთიანი სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით გაერთიანებულ ხალხს.
ამ თვალსაზრისით, სავსებით ბუნებრივი და გამართლებული ტერმინია „მრავალეროვანი ხალხი“, მაგალითად, რუსეთთან მიმართებაში. ასევე ნაციონალური სახელმწიფოებია საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.
გაეროს შემთხვევით როდი ეწოდა გაერთიანებული ერების (ანუ ნაციების) ორგანიზაცია. ეთნიკური პრინციპი აქ სავსებით უგულებელყოფილია. ბასკები ეთნიკურად განსაკუთრებული ტომია, მაგრამ იგი ერთი ნაციის (ხალხის) - ესპანური ნაციის (ანუ ესპანეთის ხალხის) ნაწილად ითვლება. ასევე, შოტლანდიელები, უელსელები - ისინი ბრიტანეთის ნაციის ნაწილები არიან, რადგან აერთიანებთ ერთიანი სახელმწიფოებრივი შეგნება და აღიარებენ ერთ სახელმწიფოებრივ ენას (თუმცა საკუთარი დედა-ენაც აქვთ), რომელიც მათი ყველა სოციალური თუ პოლიტიკური უფლებისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთადერთი წყაროა.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მრავალენოვან (და არა მრავალეროვან - ჩვენს შემთხვევაში) ხალხად. ამის უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ საუკუნეთა განმავლობაში ქართული სახელმწიფო დაკნინებული იყო, ან საერთოდ არ არსებობდა.
დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, ფაქტობრივად ორი ნაცია სახლობს. ერთი, რომელიც ქართული ენისა და კულტურის ეგიდით ერთიანდება და აღიარებს მათ სახელმწიფოებრივ ფუნქციასა თუ მნიშვნელობას და მეორე - რომელსაც ძალიან ზუსტი ტერმინი - „რუსულენოვანი მოსახლეობა“ ეწოდება.
ამ მოსახლეობის ნაწილს წარმოადგენენ და წარმოადგენდნენ აფხაზები, ოსები, რუსები, სომეხთა და აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი და ა.შ. ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოეთის იმპერია ყოველმხრივ ხელს უწყობდა ამ ორი ნაციის, ორი მრავალენოვანი ხალხის თანაცხოვრებას ერთ ტერიტორიაზე.
როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა დაიწყო, ეს ორი ნაცია ფარულად თუ ღიად დაუპირისპირდა ერთმანეთს. სწორედ ამის შედეგია ის სისხლისღვრა, რომელიც არა და არ მთავრდება საქართველოში და არც დამთავრდება, სანამ ქართული საზოგადოება, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ინიციატორი იყო, არ შეიმუშავებს გარკვეულ, მეცნიერულად დასაბუთებულ კონცეფციას.
ეს აუცილებელია, რადგან დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ერთიანი, მრავალენოვანი საქართველოს ხალხის ჩამოყალიბების გარეშე, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ აშენდება.