არჩევნების არაღიარებისთვის წინასწარ აკეთებენ უკვე განცხადებებს, განსაკუთრებით გამოირჩევიან ბალტიისპირეთის ყოფილი, თუ მოქმედი ევროპარლამენტარები. ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პარტიებთან ერთად ემზადებიან, რომ არ ცნონ საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ხელი შეუწყონ ქუჩაში დესტაბილიზაციას, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.
„მარტო ოპოზიცია კი არ ემზადება, ამისთვის [დესტაბილიზაციისთვის] ემზადებიან ის ვაჟბატონებიც [ევროპელი დიპლომატები], აქ რომ იყვნენ ჩამოსულები, ორი დღის წინ „რუმსში“ რომ ჩაატარეს კონფერენცია. ზუსტად ესენი ღლაბუცობენ, აბა სად არის გლობალური ომის პარტიაო. არჩევნების არაღიარებისთვის წინასწარ აკეთებენ უკვე განცხადებებს, განსაკუთრებით გამოირჩევიან ბალტიისპირეთის ყოფილი, თუ მოქმედი ევროპარლამენტარები. ეს ადამიანები საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პარტიებთან ერთად ემზადებიან, რომ არ ცნონ საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ხელი შეუწყონ ქუჩაში დესტაბილიზაციას, ქუჩის პროცესების განვითარებას მსგავსი სცენარით, როგორსაც აკეთებენ მოყოლებული 2013 წლიდან. 2012 წელს რომ წააგეს არჩევნები, 2013 წლის აპრილში დააანონსეს ე.წ. გადამწყვეტი მიტინგი და იმის შემდეგ არ შეუწყვეტიათ ეს პროცესი, აგერ უკვე ვართ 2024 წელში, უკვე 12 წელია.
ქართველი ხალხი არ არის ის ბრბო, როგორც წარმოუდგენიათ. ბორელმა ხომ გვითხრა, რომ სამოთხეა ევროკავშირში და ევროკავშირის გარეთ ჯუნგლებიაო. ჩვენ არ ვართ ჯუნგლები. ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ხალხი. ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა ამ ბოროტი ძალისაგან [„ნაციონალური მოძრაობა“], რომელიც მხოლოდ ძალმომრეობაზე და ძალადობაზეა ორიენტირებული და არა პოლიტიკური პროცესების წარმართვაზე“, - აღნიშნა გიორგობიანმა.