საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს, რომ მათ ხელში ევროპაც საჯილდაო ქვაა. ამ ხალხს ევროპა რომ სდომებოდა, ერთ-ერთ კანონს მაინც დაუჭერდა მხარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროპასთან დაახლოების გზაზე მიიღო, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ რადიკალებზე საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ზნე-ჩვეულებას შეიცვლის, ამის იმედად, რა თქმა უნდა, არავინ ვართ. ამ ადამიანებმა რაც 9 წლის განმავლობაში ფიზიკურად გააკეთეს, ბოლო 12 წლის განმავლობაში კი გასაგები მიზეზების გამო, სახელმწიფო ბერკეტების გამოყენების საშუალება არ ჰქონდათ, პროპაგანდით, ბულინგით მოახერხეს ადამიანებზე ფსიქოლოგიური შეტევის განხორციელება. ამიტომ საუბარია საზოგადოებაზე, საზოგადოების განგაშსა და მიუღებლობაზე.
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს, რომ ევროპაც მათ ხელში არის საჯილდაო ქვა და ამას ევროპასთან არაფერი საერთო არ აქვს. ამ ხალხს ევროპა რომ სდომებოდა, ერთ-ერთ კანონს მაინც დაუჭერდა მხარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროპასთან დაახლოების გზაზე მიიღო და საქართველომ კანდიდატის სტატუსი ასეთი განვლილი პოლიტიკური გზის შედეგად მოიპოვა. ერთი კანონისთვის არ დაუჭერიათ მხარი! პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, სულ ბოიკოტზე იყვნენ გადასული - უცხოეთში, თუ ქვეყნის შიგნით. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?! არც ერთი პოლიტიკური პროცესი არ ყოფილა საქართველოში, სადაც რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები ქვეყნის საწინააღმდეგო პოლიტიკას არ ატარებდნენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.