ირაკლი ქადაგიშვილი წინასაარჩევნო საფრთხეებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ პროცესის დელეგიტიმაციისთვის.
„დღესაც, თუ დავაკვირდებით, უკვე ემზადებიან არა არჩევნებზე შედეგის დადებისთვის, არამედ წაგებული არჩევნების დელეგიტიმაციისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ არჩევნები არ ჩატარდა სამართლიან პირობებში. მათ შორის, უკვე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა, რომლებიც პირდაპირ გაყალბებაში იყვნენ ჩართულები და პირდაპირ იყვნენ პოლიტიკური პროცესების „დრაივერები“. ვხედავთ მათ განცხადებებსაც, სადაც უკვე დაწყებული აქვთ არჩევნების დისკრედიტაციის კამპანია. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკაა, რომელსაც ისინი თანმიმდევრულად მიჰყვებიან. ჩვენ ვნახეთ ყველა მათი ტრენინგი, სადაც სწორედ რევოლუციისთვის ამზადებდნენ ახალგაზრდებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების იმედი არ აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ ისეთი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს.