ლაშა ბაქრაძეს ახსნა-განმარტების დაწერა და ბოდიშის მოხდა მოუწია. „ნაცმოძრაობის“ წევრი ლიტერატურული მუზეუმის მოქმედი თავმჯდომარეა, სწორედ ამ სტატუსის გამო კულტურის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მოესმინა. ის სამინისტროში დაიბარეს.
„იმ გამონათქვამთან დაკავშირებით, რამაც დისკუსია გამოიწვია, ახსნა-განმარტება მივეცი კულტურის სამინისტროს. ვნახავთ, რა იქნება კიდევ, რა ნაბიჯები გადაიდგმება. არასწორი სიტყვა გამოვიყენე. რომ მეთქვა, მაგალითად „გახუნებული სახეები“, იგივე ასოციაციას არ გამოიწვევდა. რასაკვირველია, თუ ვინმემ თავის თავზე მიიღო ან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ძალიან ვწუხვარ ამის თაობაზე“, - აცხადებს ბაქრაძე.
ის არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში შესაძლოა დისციპლინარული გადაცდომის საკითხი დადგეს.
„სრულიად შესაძლებელია. ამას გადაწყვეტს კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა“, - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
საქმე ეხება ბაქრაძის უცენზურო, შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენის გამოყენებას. ბაქრაძემ „ქართული ოცნების“ ქალი პოლიტიკოსები უხამსი ეპითეტით მოიხსენია.