მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 20%-ს არ აღემატება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ჰკითხონ ვაშაძეს, როგორია მისი პარტიის რეიტინგი და ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გარანტირებულად უდრის 60%-ს.
„დღეის მოცემულობით გარანტირებულად გვაქვს 60%. ორი პარტია 5%-იან ზღვართან ახლოს არის - ხაზარაძის თაღლითების პარტია და მეორე „ნაცმოძრაობა“ ანუ გვარამიას პარტია. გახარიას შანსი არ აქვს. 0% აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, იმიტომ რომ 3%-თან ახლოს ვერ მიდის. ეს არის რეალური რეიტინგები. დაანებონ ერთი წამით თავი „ქართული ოცნების“ რეიტინგს. მართლა მაინტერესებს, თავის რეიტინგებზე რას იტყვიან, რომ მერე ვიცინოთ ერთად კარგად“, - განაცხადა მდინარაძემ.
გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ რეიტინგზე საუბრისას აღნიშნა, რომ „20%-ზე მეტს ეს ხალხი ვერ აიღებს არჩევნებში. ეს არის ყველა კვლევის რეალობა“.