საზოგადოების კეთილდღეობა შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ ერთდროული და მრავალმხრივი განვითარებით ყველა იმ ელემენტებისა, რომელთაგან შედგება ხალხის ცხოვრება (ნიკო ნიკოლაძე)
ქვეყნის ცხოვრებაში ხშირად წამოიჭრება ხოლმე საკითხი, თუ რომელი საქმეებია პრიორიტეტული ერისთვის - საშინაო თუ საგარეო? ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ნიკო ნიკოლაძის მოსაზრებას, რომ ერისათვის (განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ერებისათვის) უფრო პრიორიტეტულია საშინაო პრობლემების მოგვარება, ვინაიდან უმნიშვნელოვანეს საგარეო და ეკონომიკურ საკითხებს მსოფლიოში, სემუელ ჰანთინგტონის თქმით, წყვეტს სულ 5-6 ქვეყანა, დანარჩენებს კი სტატისტების როლი აქვთ განკუთვნილი, მათ შორის - ჩვენც. სწორედ აქედან გამომდინარეობს ნიკოლაძის დასკვნა, რომ “მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებანი, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენს შინაგან წესებს არ ავიყვანთ საგარეო დიდების სიმაღლეზე, თუკი ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენს თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს”. დამოუკიდებელი საქართველოს ოცწლიანმა ისტორიამ მთლიანად დაადასტურა ნიკოლაძის ეს დებულება - ვერც ერთმა ხელისუფლებამ (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) საშინაო პრობლემები სერიოზულად ვერ გადაწყვიტა. ვერც შევარდნაძე და ვერც სააკაშვილი ვერ აცნობიერებდნენ, რომ პატარა ქვეყნის ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მოკრძალებულია და სადღაც კუთხეშია - ამიტომ როცა ქვეყნის შიდა პრობლემებს ვერ აგვარებ და აქცენტი მთლიანად საგარეო პოლიტიკაზე გადაგაქვს, ეს ადრე თუ გვიან უშედეგოდ დამთავრდება, შეიძლება კატასტროფითაც (2008 წლის აგვისტო) (ამაზეა ზედგამოჭრილი ქართული ანდაზა: “ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო”).
ის, რომ დიდი ქვეყნები იგნორირებას უკეთებენ მცირერიცხოვან ერებს, ძარცვავენ მათ და ართმევენ ტერიტორიებსა და სიმდიდრეებს, საარსებო რესურსებს, ნიკოლაძემ შესანიშნავად იცოდა და ამაზე ჯერ კიდევ მაშინ აფრთხილებდა ქართველობას: “იმავე მიზეზის ძალით, რომლითაც მე და შენ, ჩემო კარგო მკითხველო, ვერ ვგრძნობთ ჩვენს საკუთარს უსამართლობას, დანაშაულობას და სისაძაგლეს, როცა უმანკო კრავს ან ხბოს ვკლავთ, ან ვაკვლევინებთ, ჩვენის კუჭის გასაძღომად, ევროპელი ხალხი - ჩვენთვის ერთობ საჭირია გავიგოთ, გონებაში ჩავიბეჭდოთ და ნიადაგ გვახსოვდეს ეს გარემოება - ევროპელი ხალხი-მეთქი, სწორედ იმ თვალით უყურებს ყოველს სხვა უკანჩამორჩენილს, უძლურს და უმეცარ ხალხს, როგორითაც ჩვენ თვითონ ცხვრის ფარას დავცქერით”. მეორეგან კიდევ უფრო მოურიდებლად აღნიშნავდა, რომ თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე დავამყარებთ ქვეყნის მომავალს და ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ “ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით (ე.ი. მკვიდრთათვის უფლება მიუნიჭებლად) დაიმონებენ ანდა ინდოჩინეთივით ძარცვას დაიწყებენ” (იგულისხმება დამოუკიდებლობის შემთხვევაში).
იმისათვის, რომ აიცილო მესამეხარისხოვანი ქვეყნის ბედი, ყოველმხრივ გაძლიერებაა საჭირო - ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი. გვერდში რომ ამოუდგე ევროპულ ქვეყნებს, იგივე გზა უნდა გაიარო, რაც გაიარეს სხვებმა - ევროპული განათლებისა და მეცნიერების დანერგვა, თავაუღებელი შრომა (“ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოდ უნდა მიგვაჩნდეს” - წერდა ნიკოლაძე), სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აზრიანი შრომა, მცირერიცხოვანი ქვეყნებისათვის ამ ყველაფრის გაკეთება გადარჩენის ერთადერთი შანსია: “კერძო პირსაც, საზოგადოებასაც, ერსაც თავის ცხოვრება, ბედი და იმედი მარტო საკუთარ შრომაზე და ღონეზე უნდა ჰქონდეს დაფუძნებული. მარტო ეს საძირკველია შეურყეველი, მარტო მასზე შენდება მტკიცედ საკუთარი შენაძენიც და სხვისი დანახმარიც”.
ამ მიდგომის წყალობით ეძლევა მცირერიცხოვან ქვეყანას არათუ გადარჩენის, არამედ გაძლიერების შანსიც. ამის მაგალითად ნიკოლაძეს მოჰყავდა შვეიცარია და ჰოლანდია: “პატარა ქვეყანაა შვეიცარია (რომელშიც 3 ხალხის ნაშიერი ცხოვრობს - ფრანგები, გერმანელები და იტალიელები და ამავე ენებზე ლაპარაკობს - ვ.შ.), მაგრამ მის ხელყოფას ვერავინ ბედავს. და არა იმიტომ, რომ უძლეველი არმია ჰყავს, არამედ იმად, რომ უძლეველი სული აქვს. გაძლიერებული, გამაგრებული და ჩაქვითკირებული ცოდნით, შრომით, სიმდიდრით, კულტურით. სხვა კი არა ჰყავს მაგალითად დასახული, თავად არის სხვისი მაგალითი და ნიმუში. ამიტომ ძლიერი და ხარბი სახელმწიფოებიც კი მორიდებით შესქერიან, ვერაფერს უბედავენ”. ჰოლანდიელები კი დაჭაობებული ზღვის ნაპირას მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, მიწა არ ჰყოფნიდათ. შრომაც ძნელი იყო და არსებობაც, მაგრამ მათ მოახერხეს ამ მდგომარეობისაგან თავის დაღწევა. არა იმით, რომ ბუნების კანონი შეცვალეს, არამედ იმით, რომ ის კანონები შეისწავლეს, გარემო-პირობების საიდუმლო ამოხსნეს და მერე ცოდნით შეიარაღებულნი ისე მოიქცნენ, როგორც ამას ბუნების კანონზომიერება ითხოვდა. იმას მიაღწიეს, რაც დღეს აქვთო, - წერდა ნ. ნიკოლაძე.
მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტრებით გარშემორტყმულმა ქართველობამ რომ წარმატებას მიაღწიოს, ამისათვის მარტო განათლება და შრომა არ კმარა - საჭიროა ასევე ეროვნული ერთიანობა და ერთიანი ეროვნული ცნობიერების შენარჩუნება-განმტკიცება. ეროვნული ერთობისა და ძმობის გრძნობა არის ერის თავისუფლებისა და აღორძინების, ქვეყნის გონივრულად მოწყობის და სტაბილურობის მთავარი პირობა. ამის თვინიერ ნებისმიერი რიცხოვნების და თვისობრიობის ერი უძლურია, გადაწყვიტოს რაიმე სერიოზული პრობლემა: “არაფერი სიკეთე, - მიუთითებდა ნიკოლაძე, - არ უნდა მოელოდეს იმ ერს, რომლის თვითოეულ ნაწილებს არავითარი ეროვნული ძმობისა და ერთობის გრძნობა არა აქვს... მართლაცდა, რა უბედურება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ ქართლელმა, კახელმა, იმერელმა ოდესმე ქართველობა ითაკილოს და თავიანთი თავი ქართლელობით, კახელობით, იმერლობით მოიწონონ. ხალხის ამგვარ ხასიათს მამულის ნამდვილი სიკვდილი და მიწასთან გასწორება მოსდევს”.
ნიკო ნიკოლაძე იმასაც მიუთითებდა, რომ ერთიანი ეროვნული შეგნების აღზრდა და ჩამოყალიბება ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია, რასაც მრავალი დაბრკოლება ეღობება წინ, მათ შორის ძირითადია ეროვნული ნიჰილიზმი, სამოქალაქო პასიურობა და გულგრილობა. ნიკოლაძე გულისტკივილსა და შეშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ “უდარდელი, უზრუნველი ვუცქერით ჩვენს ყოველგვარ უხეირობას, სიცუდეს და ავკაცობას, თითქოს ეს საქმე ჩვენ არ შეგვეხებოდეს, თითქოს ჩვენი სისხლი არ იყოს და მის ბედსა და უბედურებას ჩვენზე არავითარი გავლენა არ ჰქონდეს” (იქვე) (ამერიკელმა მეცნიერებმა ალმონდმა და ვერბამ თავის ნაშრომში “სამოქალაქო კულტურა” (1963 წ.) ასეთ პოლიტიკურ კულტურას პასიური (ქვეშევრდომობის) კულტურა უწოდეს. ჩვენში ის ლოკალურ კულტურასთანაცაა შერეული). რაოდენ აქტუალურად ჟღერს ნიკოს ეს სიტყვები ჩვენს რეალობასთან მისადაგებით, როგორი ძლიერია დღევანდელ საქართველოშიც ეს სენი, რის გამოც ერი უსუსურად და დაუძლურებულად გამოიყურება ხშირად იმ პრობლემათა წინაშე, რომელთაც უმნიშვნელო ძალისხმევა მოაწესრიგებდა; დღეს კიდევ უფრო უარეს ფორმებში შეინიშნება ის, რაზეც ნიკოლაძე საუკუნეზე მეტი ხნის წინ მიუთითებდა: “ჩვენ შეურყევლად ვსტკბებით ჩვენს საკუთარ კერძო ცხოვრებაში, სანამ ჩვენს საკუთარ ტყავს არ შეეხება ის სენი და ის ვნება, რომელიც წინათ ჩვენს მახლობელს მიადგა. მაშინ კი ჩვენ ხმამაღლა ღრიალს და გოდებას ვიწყებთ. მაგრამ ჩვენს უბედურებას ჩვენი მახლობელი იმნაირადვე გულხელდაკრეფილი დასცქერის, როგორც ჩვენ მის უბედურებას დავყურებდით. თითო-თითო, ცალ-ცალკე, ნელ-ნელა, შეუნიშნავად გვჭამს ჩვენი ზნეობრივი სენი და ჩვენ კი უხასიათობისა და უზრუნველობის გამო, არ ვცდილობთ, რომ ერთად, ძმურად, თავიდან მოვიცილოთ ზემოხსენებული სენი, რომელიც ყველას ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ყველას ერთიანად გვაწუხებს და გვამდაბლებს”.
ნიკო ნიკოლაძე მკაცრად ამუნათებდა ქართველობას ამ ინერტულობისა და ეგოიზმისათვის, ახლომხედველობისა და უმიზნოდ ცხოვრებისათვის: “ჩვენი ხასიათი, ჩვენი ზნე მეტის-მეტად მომტყდარი, უგულო და უსულო შეიქმნა. დაბრკოლებასთან ბრძოლა კი არა, ჩვენ დაბრკოლების აზრიც გვაშინებს. ჩვენ გვსურს, რომ საზოგადო სიკეთე შემწვარი, გამომცხვარი, მარილწყალი ჩაგვიცვინდეს პირში. ჩვენ კბილის მოქნევაც კი გვეზარება ამ სიკეთით სარგებლობისათვის. დაბრკოლების მოშორებას, ბრძოლას და მიზნის მიღწევას ვინღა დაეძებს, ჩვენ იმისაც კი გვერიდება, რომ ნაცნობს, მეგობარს პირში ისეთი აზრი არ უთხრათ, რომელიც მისას არ ედარება, რომელიც მისი საწყენი და წინააღმდეგია. ამნაირ შემთხვევაში ჩვენ ათასფერად ვარბილებთ ჩვენ აზრს, მისს ბამბით და ვარაყით შეხვევას ვცდილობთ - იქნება მსმენელმა არ იწყინოს ვინიცობაა და ჩვენი სამდურავი გულში არ ჩაისახოსო... საზოგადო საქმე, საზოგადო მიზანი, სარგებლობა? ვინ არ ხარხარებს ჩვენში, როცა ამ სიტყვებს ყურს მოჰკრავს. ვის არ მიაჩნია ისინი ბავშვურ ოცნებათ, სიტუტუცეთ...”.
ეროვნული ერთიანობის და ერთ მუშტად შეკვრისთვის ნიკოლაძე მიზანშეწონილად თვლიდა ეროვნული იდეისა და ნაციონალიზმის ელემენტს, განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ერებისათვის, რადგან, მისი სიტყვებით “ნაციონალიზმი იგივეა, რაც თავდაცვის ინსტინქტი, ის დამახასიათებელია ყოველი ცოცხალი ორგანიზმისათვის, ისე როგორც სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, შიმშილი, ძილი და სხვ... ნაციონალიზმის აღმოფხვრა შეუძლებელია ისევე, როგორც შეუძლებელია წავშალოთ ფერი თმისა, თვალებისა, კანისა და ა.შ... საუკეთესო ნაციონალისტებს არ შეუძლიათ ნამდვილი ბედნიერება არ შეუქმნან ყველა თანამემამულეს”. მაშინაც და დღესაც, როცა ბევრ თავგაცხელებულ პოლიტიკოსს და მეცნიერსაც (მაგ. ბენედიქტ ანდერსონი ერებს “წარმოსახვით საზოგადოებებს” უწოდებს) ეგონათ, რომ მულტიკულტურიზმი და გლობალიზაცია ერების მნიშვნელობის დაკნინებას გამოიწვევენ და შეიძლება მათ გაქრობასაც, ნიკო ნიკოლაძე სულ სხვაგვარად ფიქრობდა: “თანამედროვე ევროპული სახელმწიფოები, ბოლოს და ბოლოს, ეროვნების მიხედვით დალაგდებიან, რადგან ეს არის სახელმწიფოს ორგანიზაციის ყველაზე ანგარიშგასაწევი და თანამედროვე პრინციპი“ (ეს მიმართულება აიღეს კვლავ ევროპის უდიდესმა ქვეყნებმა - გერმანიამ, ინგლისმა და საფრანგეთმა, რომლებიც იწყებენ დაბრუნებას ფესვებისაკენ, რითაც ეწინააღმდეგებიან მასიურ ამერიკანიზაციას, გლობალიზაციის უარყოფით გამოვლინებებს).
ნიკო ნიკოლაძე ფართო ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას ქვეყანაში თვლიდა სახელმწიფოს გონივრული მოწყობის ერთ-ერთ მთავარი პირობად. ქართველ მოღვაწეებში იგი პირველი იყო, ვინც ევროპული თვითმმართველობის ფასი კარგად იცოდა და ჯერ კიდევ 1870-იანი წლების დასაწყისში ქადაგებდა ერობის შემოღების აუცილებლობას. სამწუხაროდ, მაშინ ქართველმა მოღვაწეებმა მას მხარი არ დაუჭირეს.
არადა, თვითმმართველობა რეალური ავტონომიის მოპოვების უმთავრესი ბერკეტია. ნიკოლაძე მოხერხებულად ნიღბავდა ამ ტერმინს და უწოდებდა მეცნიერებაში მიღებულ ტერმინს “ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა”. მისი უშუალო ინიციატივით მოხდა ქ. თბილისის ხმოსანთა მიერ (სადაც უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ) დიმიტრი ყიფიანის თბილისის ქალაქის თავად არჩევა, ქ. ქუთაისში თვითმმართველობის შემოღება, მანვე ფოთი აქცია თვითმმართველობის კლასიკურ ქალაქად. ნიკოლაძე გადაჭრით მოითხოვდა საარჩევნო ცენზის გაუქმებას და მცხოვრებთა მთელი მასის (კაცი, ქალი) მონაწილეობას თვითმმართველობასა და არჩევნებში, ნიკოლაძეს კრება მიაჩნდა მასების აღზრდის სკოლად, ხოლო სახელმწიფოებრივი მმართველობის ყველაზე გონივრულ ფორმად - ხალხის წარმომადგენლობის პრინციპებზე აგებული თვითმმართველობა: “თვითმმართველობა და დემოკრატიული წყობილება - წერდა იგი, - საუკეთესო გარანტიაა წინმსვლელობისა და წარმატებისათვის, უმჯობესი სკოლაა საზოგადოების აღზრდისა... ნამდვილი თვითმმართველობა, როგორც მთელი განათლებული კაცობრიობა დარწმუნდა, შესაძლოა მარტო წარმომადგენლობის წესით, რადგანაც მარტო ამ წესის შემწეობით დაარსდა უცხოეთში სამართლიანობა და თავისუფლება, თანასწორობა და სიმართლე... ყველამ გაიგო, რომ წარმომადგენლობა ყოფილა მეორე და უაღრესი ნაბიჯი თუ საფეხური თვითმმართველობისა... ამ ქვეყნებშიაც (შვეიცარია და სხვ.) ხალხის აზრის გამომთქმელი, ხალხის საქმეების მმართველი, ხალხის ბედის გადამწყვეტელი მაინც ხალხის წარმომადგენლობაა, რომელიც მარტო და იშვიათად სამძიმო შემთხვევაში ისე არ მოიყვანს აღსრულებაში თავის განაჩენს, თუ ჯერ ხალხს არ აჩვენა და არ ჰკითხა - თანახმა ხარ ამ განაჩენისა თუ არაო”. საბოლოოდ, ნიკოლაძე დაასკვნის, რომ “ამგვარი მართვა საქვეყნო საქმისა ბევრად უფრო სამჯობინოა, ვინემ ერთიანი უხმობა ხალხისა, მისი ყურმოჭრილობა, მისი მონობა”.
ნიკო ნიკოლაძეს სახელმწიფოს გონივრული მოწყობის მნიშვნელოვან საფუძვლად მიაჩნდა სახელმწიფოს ზომიერი, კონკრეტული ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში (ანუ იგი ლიბერალიზმის და თანამედროვე ნეოლიბერალიზმის მომხრე არ იყო და ესეც იყო ილი ჭავჭავაძესთან მისი დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი). ნიკოლაძე თვლიდა, რომ სახელმწიფო გეზს უნდა აძლევდეს ქვეყნის მრეწველობის განვითარებას, გარკვეულად არეგულირებდეს ფასებს, არ უშვებდეს მონოპოლიების წარმოქმნას (მან გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა ნობელების ნავთობგადაზიდვის მონოპოლიისათვის ხელშეწყობისათვის 1882 წელს) და კვეცავდეს ვაჭრობის მიერ კლიენტების შეუზღუდავ ძარცვას (მისი ეს დებულებანი გამოთქმულია ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის კეინზის, ასევე იაპონელი სუბურო ოკიტას თეორიის შექმნამდე თითქმის 45-50 წლით ადრე). ნიკოლაძის აზრით, ამ ყველაფრით მხოლოდ საზოგადოება მოიგებს, საჭიროა, რომ სახელმწიფომ თანაბარი სასტარტო პირობები შეუქმნას ყველას: “საზოგადოება შესდგება ცალ-ცალკე პირებისაგან და თავის საკუთარი სარგებლობისათვის მთელი საზოგადოება უნდა ცდილობდეს, რომ არცერთი მისი წევრი არ დაიჩაგროს, არ წახდეს, სწორეთ ისე, როგორც კაცი თითოეულ თავის თითს ან სხეულის ნაწილს უფრთხილდება. ცხოვრება ბრძოლაა, რომელშიაც დაიარაღებული კაცი იმარჯვებს დაუიარაღებელზე. საზოგადოება უნდა ცდილობდეს, რომ თუ ამ ბრძოლის მოშლა და გარმონიის გამართვა ჯერ-ჯერობით არ შეიძლება, ბრძოლა ისე მაინც მიდიოდეს, რომ ყოველი მებრძოლი ერთნაირად იყოს დაიარაღებული”.
ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს აკისრებდა მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის აღორძინებასა და განვითარებაში. ამის გარეშე კი არათუ დამოუკიდებლობის, არამედ ავტონომიის მიღწევაც კი შეუძლებელი იქნებოდა [დამოუკიდებლობის რეალურად დაყენება მაშინ გამორიცხული იყო. მის მოთხოვნას შეიძლება მოჰყოლოდა რუსეთის მიერ ქართველთა სისხლში ჩახშობა და შესაძლოა ციმბირში გადასახლებაც. ამიტომ ჯერ კიდევ 1865 წელს გერცენის “კოლოკოლ”-ში წერდა ნიკოლაძე, რომ “ეროვნულ მისწრაფებათა გადაჭარბებას შეუძლია მიიყვანოს საქართველო იმ სასაკლაოზე, სადაც ამასწინათ ტყავი გააძვრეს პოლონეთს და სისხლი დაუშვრეს ჩერქეზებს”... “დიდი სამეფოების მჭედელი პაწია ერს განა უშველის” . ნიკოლაძეს მოჰყავდა იტალიის მაგალითი - რომ მან მანამ ვერ მოიპოვა დამოუკიდებლობა, სანამ ეკონომიკურად არ აღორძინდა - საქართველოც ამ გზას უნდა დასდგომოდა. “ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზე დამყარებული, მის მწარმოებლობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა და სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია”.
ეკონომიკას მაშინ ორი ძირითადი მიმართულება ჰქონდა - სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. როგორც აკაკი ბაქრაძე წერს ნიკოლაძის აზრებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის აღორძინებას ქართველობას ჩვენი ქვეყნის ბერძნულ-ლათინური სახელწოდებაც - “გეორგია” (“მიწათმოქმედთა ქვეყანა”) ავალდებულებდა. 1893 წელს “ნოვოე ობოზრენიეში” წერდა ნიკოლაძე: “წარსულში ჩვენ ძლიერი ვიყავით არა იმით, რომ ვმეომრობდით, რაც მარტო ქართველის თვისება არ არის, არამედ მიწისადმი ერთგულებით. თავად სახელი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისა “მიწათმოქმედნი”, მიუთითებს იმას, რომ მეზობელ ხალხთა შორის ჩვენ მიწათმოქმედებით ვიყავით გამორჩეული, ნიკოლაძეს შემდეგ მოჰყავს ჰერკულესისა და ანთეოსის მითი. მიწის ქალღმერთის, გეას შვილი - ანთეოსი მანამ ვერ დაამარცხა ჰერკულესმა, სანამ მიწას არ მოსწყვიტა და ჰაერში არ აიტაცა. ანთეოსი რამდენჯერაც მიწას შეეხებოდა, იმდენჯერ ემატებოდა ძალა. საქართველოც მუდამ ძლიერი იქნებოდაო, თუ მის შვილებს მიწის სიყვარული არ დავიწყებოდათ, ველ-მინდორი, ყანა, ბაღ-ვენახი, ბოსტან-ბაღჩა არ შესძულებოდათ.
მრეწველობის განვითარება თუნდაც იმიტომ იყო საჭირო, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია საქარხნო წესით დამზადებულიყო და შეფუთულიყო. იმ ქვეყანას, სადაც მრეწველობის რამდენიმე დარგი მაინც არაა განვითარებული, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მრეწველობა, მომავალი არ გააჩნია (ამ ფილოსოფიას დაემყარა მოგვიანებით პოლიტიკური მოძრაობის - “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ჩამოყალიბება 1999 წელს გოგი თოფაძის ხელმძღვანელობით).
“მრეწველობის უქონლობა, - წერდა ნიკო ნიკოლაძე, - ცხადი, უდიდესი ნიშანია ქვეყნის ჩამოქვეითების და უკან ჩამორჩენისა. ამ ქვეყნის ბედში არავითარ ცვლილება არაა თვალსაჩენი, არც გონებრივი, არც საზოგადო, არც პოლიტიკური მხრივ, სანამ ის მრეწველობის საშუალებით, ეკონომიკურ მონობისაგან არ დაიხსნის თავს უცხოეთის ხელიდან. აიღეთ რომელიც გსურდეთ იმ ერის ისტორია, ყველგან ცხადად დაინახავთ, რომ მისი აღორძინება, მისი გონებრივი სიფხიზლე, მისი განვითარება, აღებ-მიცემობის, მრეწველობის ზედდართული შედეგი და ნაყოფი ყოფილა”.
ნიკო ნიკოლაძე პირველია ქართველ მოაზროვნეებში, ვინც ვაჭრობა-აღებ-მიცემობის და ცივილიზებული ბიზნესის წარმოების არგუმენტირებული და სერიოზული პროპაგანდა დაიწყო საქართველოში. კომერციის და ვაჭრობის მნიშვნელობა მან მამისაგან იცოდა, მაგრამ ევროპაში კიდევ უფრო ჩაუღრმავდა მას, კარგად შეისწავლა იგი და ქართველებს ცივილიზებული სახით შესთავაზა. ნიკოლაძეს თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად ყოველთვის მოჰყავდა მშვენიერი მაგალითები. შუა საუკუნეებში, XIX საუკუნემდე დაშლილ-დაქუცმაცებული იყო დღეს ორი დიდი ქვეყანა გერმანია და იტალია, მაგრამ მათ დაქუცმაცებულობას ასეთი კატასტროფული შედეგი არ მოჰყოლია, რაც საქართველოსას. პირიქით, ამ დაშლილმა იტალიამ რენესანსი შვა, ხოლო გერმანიამ - რეფორმაცია. ამ ორმა უდიდესმა მოვლენამ სათავე დაუდო ახალი დროის ევროპას. ეს მით გახდა შესაძლებელი, რომ ორივე ქვეყანაში მაღალ დონეზე იდგა ვაჭრობა-კომერცია. მარტო გენუისა და ვენეციის რესპუბლიკები რად ღირს იტალიაში, ან ჰანზის სავაჭრო კავშირი გერმანიაში.
კარგად წერს აკაკი ბაქრაძე, რომ ვაჭრობა (კომერცია) აგრეთვე წესრიგი, დისციპლინა, ანგარიშიანობა და აწყობილი საქმეა. ყოველი ქვეყნის ერთიანობა - მთლიანობას ორი საძირკველი უდევს - რელიგია და ვაჭრობა. საქართველოში, როგორც გამაერთიანებელი ძალა, რელიგია არსებობდა, მაგრამ არ იყო ვაჭრობა და მას ძირითადად არაქართველები მისდევდნენ. საქართველოს ცალი ფრთა ჰქონდა, მეორე - არა. ამიტომ არც ფრენა შეეძლო. ქართველებს რომ ვაჭრობისათვის ყურადღება მიექციათ და ის ენერგია დაეხარჯათ, რაც ომებში დალიეს, ვერც სპარსეთი და ვერც თურქეთი მის დამონება-დაბეჩავებას ასე ვერ შეძლებდნენ. მაგრამ ჩვენში ყოველთვის ათვალისწინებით უყურებდნენ ვაჭრობას, რაც ქართველი ხალხის წინააღმდეგობას ძალას აცლიდა... დისციპლინის, წესრიგის, აწყობილი საქმიანობის შინაგანი მოთხოვნილება გამქრალი იყო, რაკი ესენი ვაჭრობის თანმხლები არიან, აქედან არის ჩარჩენილი ჩვენს ცნობიერებაში ცრუ შეხედულება - უწესრიგობა, უდისციპლინობა, უსაქმურობა, თავისუფლებისა და პროტესტის გამოვლენააო, შეუგნებლობა იმისა, რომ სწორედ დისციპლინა, წესრიგი, საქმიანობაა თავისუფლება.
პოლიტიკურად დაშლილ-დაქუცმაცებულ გერმანიასა და იტალიას კი ორივე ფრთა ჰქონდა და ფრენაც თავისუფლად შეეძლო. ამიტომ იყო, რომ მათ პოლიტიკურ, სამხედრო დამარცხებებს, თუნდაც უსასტიკესს, კატასტროფული შედეგი არ მოჰყოლია. პოლიტიკური თავისუფლების დროებით დაკარგვა იმ ქვეყანას ვერ დააბეჩავებდა, სადაც ვაჭრობა, აღებ-მიცემობა მორღვეული არ არის. ძალა ეკონომიკაა და არა - პოლიტიკა. ის უწყობს ხელს ქვეყნის დაქუცმაცებულობის მოსპობას და გაერთიანებას (ამიტომაც ამბობდა დიდი გოეთე ეკერმანთან საუბარში: “მე არ მეშინია, რომ გერმანია დაქუცმაცებული დარჩება. ჩვენი სამომავლო რკინიგზები და მოკირწყლული გზები თავის საქმეს მაინც გააკეთებენ. მთავარია გერმანელებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთად იყვნენ გაჭირვების ჟამს”).
არც XIX საუკუნეში შეიცვალა საქართველოში ვაჭრობისადმი არასერიოზული მიდგომა. ისევ ათვალწუნებით უყურებდნენ ვაჭრობას და ვაჭარს. ქართული მწერლობა ნათლად ადასტურებს ამას - დაცინვისა და გამასხარავების საგანი ისევ ვაჭრები არიან. ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოს ეკონომიკა ხელში ჩაუვარდათ უცხოელებს, უმეტესწილად - სომხებს. ისინი ბატონობდნენ სოფლადაც და თბილისის საკრებულოშიც. ამ ყოველივეს კარგად გაანალიზების შემდეგ ნიკო ნიკოლაძე დაჟინებით არწმუნებდა ქართველებს: “ვიდრე ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას სისხლსა და ხორცში ის რწმენა არ გაუჯდება, რომ საზიზღარი, სამარცხვინო და სათაკილო ქვეყანაზე მარტო უსაქმურობა და მუქთა პურის ჭამაა, მანამდე ნუ გწამთ, ვითომ განათლებისა ანუ წარმატების მირონი მოგვეცხოს. ვაჭრობა შრომაა და და ისევე პატივსაცემია, როგორც ყოველნაირი შრომა”. ამაში ნიკოლაძე გულისხმობდა ცივილიზებულ ვაჭრობას და იმავდროულად სასტიკად გმობდა სპეკულაციას, თაღლითობას, ხალხის ყვლეფას და მოტყუებას. იგივე აზრი განავითარა ნოე ჟორდანიამ თავის ნაშრომში “მესამოცე წლების მოღვაწენი და დღევანდელი ცხოვრება”, რომელშიც გააკრიტიკა სომხების სავახშო კაპიტალი: “სომხები წარმოადგენენ მევახშე, საჩარჩო კაპიტალს. ფული ფულს იგებს არა წარმოებით, საქმეში დაბანდებით, არამედ ვექსილის ქაღალდით “ნეუსტოიკით”, მოტყუებით, კანონიერი უკანონობით. ამისათვის მათი მოქმედება კონსერვატიულია. ევროპელნი (საქართველოში) მრეწველობას მისდევენ, ვაჭრობაში პატიოსნება შეაქვთ, ქვეყანა ევროპულ გზაზე გამოყავთ და მით პროგრესულ როლს თამაშობენ”.
ნიკო ნიკოლაძეს ეკონომიკური საკითხებისადმი ყურადღება არ შეუმცირებია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის 26 მაისი) შემდეგაც. იგი, როგორც ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, მერე კი, 1919 წლის თებერვლიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი ეროვნულ- დემოკრატიული პარტიიდან მთელ თავის ცოდნას და უმდიდრეს გამოცდილებას, კავშირებს ახმარდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
ნიკოს გამოცდილი თვალი უმალ ამჩნევდა ქვეყნის წინაშე წამოჭრილ ყველა პრობლემას და სთავაზობდა მთავრობაში მყოფ გამოუცდელ სოციალ-დემოკრატებს (მენშევიკებს) მათი გადაწყვეტის გზებს, იძლეოდა ნიმუშს კონსტრუქციული ოპოზიციისას.
საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა მანამდე საერთოდ არ არსებობდა არანაირი ქართული ბიუჯეტი, ბუნებრივად მაღალი იყო ინფლაცია და ფინანსური სისტემა რყევას განიცდიდა. დამფუძნებელ კრებაში გამოსვლის დროს ნიკო ნიკოლაძე ამ საკითხსაც შეეხო (30.IX.1919). მისი აზრით “ფინანსური სისტემის მოუწესრიგებლობის გამო ჩვენი ქვეყანა დიდს განსაცდელშია. ზოგს ერთადერთ გამოსავალ გზად მიაჩნდათ მხოლოდ ოქროს ვალუტის შექმნა, მაგრამ ოქროები და ალმასები რომ გავიჩინოთ, წამხდარ საქმეს ვერ გამოასწორებს და აუცილებლად საჭიროა ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენის ძალ-ღონით ისეთი სისტემა, რომ გაჭირვებიდან თავი დავაღწიოთ. ფინანსურმა კაპიტალმა სამრეწველო კაპიტალი უნდა შეცვალოს, გაიხსნას ფაბრიკა-ქარხნები. ნოეს და აბრაამის დროინდელი მიწის მეურნეობა თანამედროვე ტექნიკის მიხედვით უნდა გამოკეთდეს. საჭიროა თუ სხვა სახელმწიფოებიდან შემოვიტანთ საქონელს, აქედანაც გავიდეს ჩვენი ნაწარმოები. შრომა, გარჯა, მუყაითობა ყველგან, ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს, სხვის ხელში შემჩერე არ უნდა ვიყოთ და მაშინ შეგვიძლია ვიცხოვროთ“.